
რატომ ცდილობს ტრამპი, სწრაფად გადაჭრას უკრაინის პრობლემა?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
სამი წელია, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. განადგურებული ქალაქები და სოფლები, ასიათასობით დახოცილი და დაჭრილი, მილიონობით ლტოლვილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა სწორედ იმას ცხადყოფს, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, გაქრობა. დასავლეთის მკაფიო მხარდაჭერა რომ არა, ცხადია, უკრაინა ვერ შეინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ახლა ამ ქვეყანაში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, გარკვეულწილად, ომი გაიყინა. გაცხადდა, რომ აშშ-ს სურს ომის დასრულება. ტრამპის განცხადებებმა ზელენსკის მისამართით არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა შეაშფოთა. უკრაინის ვითარებაზე დიდადაა დამოკიდებული ევროპის, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი. . . რა ადგილს დაიჭერს საქართველო მომავალ გეოპოლიტიკურ რუკაზე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ( ჯიპა) დოქტორანტი კობა ჯუმუშაძე.
– სამი წელია, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რა შეიძლება ითქვას ამ მიმართებით?
– ამ ომის ცხელ ფაზაში გადასვლა, რაც 2022 წლის თებერვლიდან დღემდე პერიოდს გულისხმობს, მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური კატაკლიზმია ევრაზიის კონტინენტზე. მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგის კონტექსტში, ეს ომი, სამწუხაროდ, იგივე ან უფრო მსხვილი მასშტაბის ტრაგიკული მოვლენაა, როგორიც იყო 2001 წლის 11 სექტემბერი. აღნიშნულ მოვლენას პირველი ომები, ასევე, ევრაზიის კონტინენტზე, უშუალოდ ავღანეთსა და ერაყში მოჰყვა. შედეგად, ვიცით, რომ მსოფლიო აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც 11.09-მდე იყო. იმავე ეფექტის მომცემია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის სამი წელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური წესრიგისთვის. მე მხოლოდ ერთ-ერთ ძირითად განსხვავებას გავუსვამ ხაზს – თუ ერაყისა და ავღანეთის ომების შემთხვევაში, ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის აღრეული იყო მსხვერპლისა და თავდამსხმელის როლები, ადამიანებს არ ესმოდათ, რატომ უნდა ებრძოლათ სხვადასხვა ქვეყნების მისიებს ავღანეთსა თუ ერაყში, ამ შემთხვევაში მსხვერპლისა და აგრესორის როლები უფრო მკაფიოდაა გამოკვეთილი. ვინც საკითხს ობიექტურად ჩაუღრმავდება, ადვილად გაერკვევა ამ ძირითად მოცემულობაში.
– ომის რა ფაზაა ახლა უკრაინაში?
– მე, როგორც არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიმომხილველის პოზიციის მქონე ადამიანი, ვერაფერს გეტყვით უშუალოდ სამხედრო მოქმედებების ფაზების შესახებ, მაგრამ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ რამდენიმე პოლიტიკური ხასიათის მქონე ფაზას. მცდარია მოსაზრება, რომ ყველა ომი მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან სრულდება. ამ მოსაზრებას ხშირად ვაწყდებით ევროპელი სამხედრო თუ პოლიტიკური მიმომხილველების ნააზრევში. ასეთ დროს სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ამა თუ იმ წითელი ხაზების გადაკვეთის ლოგიკიდან გამომდინარე, რუსული ომის წარმოების „რომანტიზებას“ ახდენენ, ამასობაში კი ომი უამრავ არაპროგნოზირებად ფაზაში ინაცვლებს. ეს ომი უკვე დიდი ხანია გასცდა იმ მილიტარისტულ და პოლიტიკურ ფაზებს, როცა გვექნებოდა საფუძველი, გვევარაუდა, რომ ეს ომი მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება, ან მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებით მოიპოვებს რომელიმე მხარე საბოლოო უპირატესობას. ფაქტია, რომ კრემლმა ამ დროისთვის ჯერ ვერ მიაღწია 2022 წლის 24 თებერვალს დაანონსებულ ე.წ. „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნებს. უფრო პირიქით, მან მიიღო უკეთ მილიტარიზებული და სახელმწიფოს შენარჩუნების იდეის ირგვლივ გაერთიანებული მილიონობით უკრაინელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომის ახლანდელი ფაზა პოლიტიკურად არის არა უშუალოდ ომში ჩართული მხარეების, არამედ მათი მოკავშირეების რეაქციებზე დამოკიდებული ფაზა.
– ცხადია, დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის, მაგრამ ამ დახმარებით რამდენად იყო შესაძლებელი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია?
– ომის ამ ფაზის დაწყების მეორე-მესამე დღიდან მუდმივად ვიმეორებდი, რომ მთავარია უკრაინას გაეძლო პირველი ორი კვირა, ან დაახლოებით ერთი თვე, შემდგომ – თვე, რათა თავად უკრაინა და მსოფლიო გამოსულიყო პირველადი შოკიდან, შემდეგ კი კრემლი მიიღებდა საკმაოდ დიდ სამხედრო და პოლიტიკურ დარტყმას ამ „ავანტიურიდან“. არავინ იცის, ეს ომი როდის და როგორ დასრულდება, მაგრამ რეალობისთვის თვალის გამსწორებელი ყველა დამკვირვებლისთვის დაინგრა მითი მსოფლიოს „მეორე არმიის“ შესახებ. ლამის კიევთან მისულ რუსულ არმიას ჯერ უკან დახევა მოუწია, ახლა კი პოზიციური ბრძოლების ფაზაში ყოფნა უწევს, ცოცხალი ძალის აუნაზღაურებელი დანაკარგებით. შეიძლება ვინმე შემოგვედავოს, რომ ეს იყო რუსული ტაქტიკა, მაგრამ რა ვუყოთ ასეთ კითხვას: როგორი ტაქტიკოსი ხარ, თუ ეს გიჯდება ასიათასობით ჯარისკაცის სიცოცხლედ, ომი გიგრძელდება მინიმუმ სამ წელიწადს, სამხედრო შეირაღებისა და ცოცხალი ძალის დამატება გიწევს, მინიმუმ, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან?! და რატომ განვითარდა ეს მოვლენები ზევით აღწერილი შედეგების შესაბამისად? იმიტომ რომ უკრაინულ მზაობას, დაეცვა თავი აგრესორისგან, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მაინც, თან ერთვის დასავლეთის მხარდაჭერა. სხვანაირად, რა თქმა უნდა, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ნაწილობრივი დეოკუპაციაც.
– როგორც ცნობილია, ტრამპი მსოფლიოს დაჰპირდა, რომ ომს უკრაინაში შეაჩერებს, მაგრამ საკითხავია, მისი გეგმა, რეალურად, ვის საზიანოდ იმოქმედებს?
– როგორც ტრამპის საუბრებიდან იკვეთება, მისი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული შეხედულებები, მინიმუმ, ვერბალურ დონეზე, ძალიან ამბივალენტურია. ერთ ინტერვიუში შეუძლია ამტკიცოს, თითქოს ომის წამოწყებაში რუსეთი არაფერ შუაშია, მეორე ინტერვიუში კი თქვას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ბოლოდროინდელ განცხადებებში ის ძალიან არათანმიმდევრულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მოქმედებებშიც ასეთივე ამბივალენტური და არათანმიმდევრული იქნება. არჩევნების დღემდე ის ამტკიცებდა, რომ ორ დღეში დაასრულებდა ამ ომს, მაგრამ არა მხოლოდ არჩევნებიდან ორ დღეში, არამედ ოფიციალური ინაუგურაციიდან ერთ თვეზე მეტ პერიოდშიც კი გაურკვეველია ომის დასრულების მისეული გეგმის მონახაზები. ფაქტია, რომ მას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, კონსტიტუციურად მართლაც ხელეწიფება ამ ომის სწრაფი ან შენელებული დასრულება, თუმცა აქ ნიშანდობლივია არა უბრალოდ ომის დასრულება, არამედ მისი დასრულება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებით. იმ კონსტიტუციის არსის მიხედვით, რომელზეცდაც არის დაფუძნებული აშშ-ის სახელმწიფოებრიობა (იგულისხმება კონსტიტუციური ლიბერალიზმის განვრცობა) და რომლის ერთგულების ფიციც აქვს ტრამპს დადებული, არ მოიაზრება მოქმედება დამნაშავისა და მსხვერპლის გემოვნებისამებრ. ეს ძირს გამოუთხრიდა დემოკრატიის თავად ამერიკულ მოდელსაც კი. თუ მან ეს ფიცი დაარღვია, ბუნებრივია, ეს იქნება მსოფლიოში დემოკრატიის საზიანო და კრემლისტური ტირანიის განვრცობის სივრცის შემქმნელი.
– ამასწინათ, საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სადაც უკრაინული მხარე არ იყო წარმოდგენილი, ეს რისი მანიშნებელია?
– ბუნებრივია, ერ-რიადში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აღნიშნული ომიც იქნებოდა, თუმცა იმდენად, რამდენადაც ეს იყო ტრამპის ახლად არჩეული კაბინეტის წევრების და რუსული დელეგაციების პირველი პირისპირ საუბარი, ამაში, უკრაინისა თუ ევროკავშირის წარმომადგენელთა დაუსწრებლობის თვალსაზრისით, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოლაპარაკებათა მთელი წყება ჯერ ისევ წინაა და აქ ვინმეს გამორიცხვასა თუ უარყოფაზე საუბარი ნაადრევია.
– ,,ტრამპმა ევროპას სამკვირიანი ვადა მისცა უკრაინის კაპიტულაციისთვის, თუ ეს არ მოხდება, აშშ გაიყვანს ჯარს ევროპიდან”, განაცხადა ევროპარლამენტარმა ფინეთიდან მიკა აალტოლამ, რას ფიქრობთ?
– დიახ, ითქვა ეს, თუმცა რამდენიმე ევროპული მედიაპლატფორმამ, რომელმაც ამის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, იქვე ისიც დაურთო, რომ ბატონ აალტოლას მიერ X-ზე (ადრინდელ ტვიტერზე) გამოქვეყნებულ ახალ ამბავს, არავითარი დამამტკიცებელი წყარო არ ერთვის. ამიტომ რთულია, ვისაუბროთ ამ ინფორმაციის რეალურობაზე, რაობასა და მიმდინარე პროცესებზე მის გავლენაზე. ეს არც დასტურდება და არც გამოირიცხება. ფაქტია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციის ფონზე, განსაკუთრებით, ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ამერიკისა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობა, სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით, ახალ ეტაპზე გადადის. ეს რიტორიკა, ბუნებრივია, არ გამორიცხავს, პირიქით, მოსალოდნელს ხდის, რაღაც დროის შემდეგ ამერიკული ბაზების მოცულობის შემცირებას ან სრულ გასვლას ევროპის კონტინენტიდან. ამას თან ახლავს, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მოლოდინები ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. ნეგატიურია უსაფრთხოების ამ ბერკეტების მყისიერი გამოცლა ტრადიციული მოკავშირეებისთვის, თუმცა პოზიტიურია ის, რომ ეს მოკავშირეები ნათლად დაინახავენ თავიანთი უსაფრთხოების გარანტიებს არა ტრანსატლანტიკურ ჭრილში, არამედ გააცნობიერებენ, რომ თავი თვითონ უნდა დაიცვან. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობს საფრანგეთის ხელისუფლება მაკრონის სახით და ასეთივე მკაფიო განცხადებები გააკეთა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც, დიდი ალბათობით, 23 თებერვლის არჩევნების შედეგად კანცლერის პოსტს დაეუფლება გერმანიაში. მან ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპას ჰყავს ორი ბირთვული სახელმწიფო, რომლებსაც შეუძლიათ ერთგვარი, ბირთვული უსაფრთხოების ქოლგის შეთავაზება უკრაინისთვის და პოტენციურად, გერმანიის ჩართვაც ბირთვულ პროგრამაში. ასევე, ის მზაობას გამოთქვამს უკრაინისთვის ოლაფ შოლცის მიერ ტაბუდადებული, შორ მანძილზე მოქმედი, გერმანული წარმოების „ტაურუსის“ რაკეტების გადაცემაზე. ასე რომ, გრძელვადიან პერიოდში, ხაზს ვუსვამ – საშუალო ან/და გრძელვადიან პერიოდში, აშშ-ის ჯარების გაყვანა ევროპიდან შეიძლება აღმოჩნდეს ევროპული სამხედრო და თავდაცვითი ძლიერების აღდგენის სტიმულატორი, თავად აშშ-სთვის კი რამდენადმე დამაზიანებელი.
– რუსეთი სხვადასხვა ხერხს მიმართავს უკრაინის წინააღმდეგ, მაგალითად, პუტინი აცხადებს, რომ ზელენსკი არალეგიტიმური მმართველია, მსგავსი განცხადება ტრამპმაც გააკეთა, როგორია თქვენი აზრი ამის შესახებ?
– ერთ-ერთი თქვენი კითხვის პასუხად უკვე ვთქვი ამის თაობაზე, რომ ტრამპი საკმაოდ ამბივალენტურია საგარეო პოლიტიკის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში. შესაბამისად, ეს განცხადებაც უფრო ვერბალური შეტევის ნაწილად მესახება და ვფიქრობ, მას საკმაოდ კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ზელენსკი არჩეული პრეზიდენტია და უკრაინის კონსტიტუციის უზენაესობის ფარგლებში მოქმედებს. ერთ-ერთი მიზეზი ამ განცხადებისა შეიძლება ისიც იყოს, რომ ასე ზელენსკი შედარებით უფრო ადვილად დაიყოლიოს სასარგებლო მინერალებისა და წიაღისეულის შესახებ აშშ-სეული ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც მისი ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ჩაიტანა კიევში და რომელსაც ზელენსკი ნიშანდობლივი შესწორებების გარეშე ხელს არ აწერს.
– ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს და რუსეთსაც, თავისთავად, სურთ უკრაინის ხელისუფლებაში ისეთი ლიდერი მოვიდეს, რომელიც გარკვეულწილად, რუსეთის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს…
– ეს ნამდვილად, ასეა. ზელენსკის სამხედრო და პოლიტიკური პოზიციები ორივე მათგანს ჯერ შიდა პოლიტიკური პოპულარობის თვალსაზრისით უქმნის პრობლემას, მერე კი წინა პლანზე იწევს საგარეო პოლიტიკის საკითხები, სადაც, ასევე, ორივესთვის პრობლემაა უკრაინის ომის დასრულება-ვერდასრულების საკითხი. თუ შევხედავთ შიდაპოლიტიკურად – ტრამპი ამომრჩეველს ომის მყისიერ დასრულებას დაჰპირდა და ჯერ ვერ ასრულებს ამ დანაპირებს, რაც ურტყამს მის პოლიტიკურ ეგოსა და პოპულარობას აშშ-ში. ხოლო პუტინს შიდაპოლიტიკურად, მართალია, ომი პოპულარობას უნარჩუნებს, მაგრამ ხვდება, რომ დასავლეთის უკრაინისადმი დახმარების შემთხვევაში, მისი რესურსები არაა ამოუწურავი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ჭრილს, აქ ტრამპი ცდილობს სწრაფად გადაჭრას უკრაინის პრობლემა და გადაერთოს ჩინეთის შეკავების პოლიტიკაზე, ისე, რომ არ გააძლიეროს ჩინეთ-რუსეთის კავშირი, რადგან ჩინეთთან პოტენციურ დაპირისპირებაში რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, ხოლო პუტინისთვის, როგორც მისივე საუბრიდან ვიცით, მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო სსრკ-ის დაშლა. უკრაინის საკითხის მოგვარების გარეშე ამ კავშირის მსგავსი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა რომ შეუძლებელია, ამას კარგად აცნობიერებს.
– ამ მიმართებით როგორი ჩანს ევროკავშირის პოზიცია?
– ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 25-ის (უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით) პოზიცია, საკმაოდ ნათელია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის“, იგივე გერმანია-საფრანგეთ-პოლონეთის პოზიცია. ეს ქვეყნები, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად (რომელიც აღარაა კავშირის წევრი, მაგრამ ევროპული პოლიტიკისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია), ახლაც წამყვან ქვეყნებად მოიაზრებიან ევროპის კონტინენტზე. შესაბამისად, ისინი კარგად აცნობიერებენ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის ფრონტზე რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას. გერმანიის 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ, უფრო მკაფიო იქნება მათი პოზიცია და გზავნილები როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის მიმართულებით. დაველოდოთ ამ არჩევნების შედეგებს.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ ომის შეწყვეტის ან დროებითი ზავის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში შიდა განხეთქილება შეიტანოს და დასავლეთს რა ბერკეტი აქვს ამ მიზნის აღსაკვეთად?
– კრემლი უკვე ათწლეულებია, აწარმოებს, და ზოგ შემთხვევაში წარმატებითაც, ე.წ. ჰიბრიდულ ომებს არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა, არამედ ვარშავის პაქტის ყოფილ წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, არა მხოლოდ ომის შეწყვეტის ან დროებითი ზავის შემთხვევაში, არამედ, მინიმუმ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ის ამ სტრატეგიაზე უარს არასდიდებით არ იტყვის. ამიტომ უკრაინა მუდმივად იქნება კრემლისთვის შიდა განხეთქილების შეტანის ობიექტი. ამის საწინააღმდეგოდ დასავლეთის ძირითადი ბერკეტი, იდეალურ შემთხვევაში, იქნება ის, რაც ითვალისწინებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცებას, ყველა იმ თანმდევი ეკონომიკური, სოციალური თუ თავდაცვითი პროგრამებით, რომელთა დანერგვასაც ცდილობდნენ ევროკავშირი და აშშ უკრაინის ომის ახლანდელი ფაზის დაწყებამდე თავად უკრაინაში, საქართველოში თუ სხვა მეზობელ ქვეუნებში. ეს ასეა იმიტომ, რომ თუ რამე აფერხებს კრემლის დეკლარირებული მიზნებისა და ჰიბრიდული ომების განვრცობას, სწორედ ასეთი ბერკეტებით ხდება ეს ყველაზე ეფექტურად.
– ცნობილია, რომ ყველა ომის შემდეგ ხდება მსოფლიოს ახალი გადანაწილება, ამ მხრივ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით და ამ თვალსაზრისით საქართველოს მომავალი როგორი გესახებათ?
– სამწუხაროდ, საქართველოს მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომის გადაწყვეტის პერიპეტიებზე. მოდი, ასე ვთქვათ: რაც უფრო მეტად დასუსტებული გამოვა რუსეთი ამ ომიდან, მით უფრო მეტი შანსი აქვს საქართველოს, შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, განვითარდეს და განმტკიცდეს ის ღირებულებები, რაც ჩვენს კონსტიტუციაშია დაშიფრული და ამას თან დაერთოს უსაფრთხოების სტანდარტების ისეთი ამაღლება, რომელიც მოგვცემს უშიშრად შრომის და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობებს.