19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოსთვის?
By

რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოსთვის?

ნანა აბულაძე 577 20 35 90 –

რა ტიპის და რომელი მიმართულებებით უწევს დახმარებას ევროკავშირი საქართველოს, რამდენად ახლოს ვდგავართ მის მიზნებსა და ფასეულობებთან, როგორია ევროკავშირის წვლილი საქართველოში პანდემიით გამოწეული კრიზისის დაძლევაში? – აღნიშნულ კითხვებს გაზეთ „აჭარასთან“ საერთაშორისო და ევროპული სამართლის დოქტორმა მიხეილ ნაკაშიძემ უპასუხა.

ბატონო მიხეილ, თქვენთან ჩაწერილ წინა ინტერვიუში იმის შესახებ ვისაუბრეთ, თუ რამდენად რეალისტურია 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რა სარგებელს მოუტანს ეს საქართველოს. ამჯერად კი გვსურს იმის გარკვევა, თუ რა სახის აქტივობებით არის ევროკავშირი საქართველოში დაკავებული. . .

– მოგესალმებით, საერთოდ, ევროკავშირი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას, ამ კუთხით საქართველო ნამდვილად არ არის გამონაკლისი, პირიქით, საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება და თანამშრომლობა საკმაოდ მრავალფეროვანი, შინაარსიანი და დინამიკურია. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორია, რომელიც უკვე ათეული წლებია, ქვეყნის თითქმის ყველა სფეროს განვითარებაში აქტიურად გვეხმარება. საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირი ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს. ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაში. დღეისათვის საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 500 მილიონ ევროს შეადგენს.

ძირითადად, რა სფეროებისთვის გამოყოფს ევროკავშირი დახმარებას?

ევროკავშირის დახმარება შემდეგი სფეროებისთვის არის გამოყოფილი: მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება, კონფლიქტების მოგვარება, ეკონომიკა, ვაჭრობა და სახელმწიფო ფინანსების მართვა; ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა; განათლება, ჯანდაცვა და სოციალური განვითარება.

თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად გვითხარით, თქვენ მიერ ჩამოთვლილ სფეროებ რა სახის დახმარებას უწევს ევროკავშირი?

დავიწყოთ მართლმსაჯულებით. ევროკავშირი ინტენსიურად ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათთვის მართლმსაჯულება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ევროკავშირი დაეხმარა სახელმწიფოს იურიდიული სამსახურის შექმნაში ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ოფისით. დღეის მონაცემებით, 330 000-ზე მეტ ადამიანს შესთავაზა უფასო დახმარება, მათ შორის სასამართლო წარმომადგენლობა 150 000-ზე მეტ საქმეზე. სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის დახმარება კი მნიშვნელოვნად ზრდის ქართველ ფერმერთა შემოსავლებს. ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა ფერმერთა 1500 კოოპერატივი, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სამრეწველო ხარჯები 30%-ით შეამცირონ, ხოლო შემოსავლები 20%-ით გაზარდონ. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში 600-ზე მეტმა ფერმერმა სამეურნეო ტექნიკის შესახებ ტრენინგი გაიარა და აგრონომიის სტაჟირების პროგრამა შეიქმნა. ასევე, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის G-ს ხელშეწყობით უკვე არაერთმა ფერმერმა მოახერხა საკუთარი წარმოების განვითარება და გაზრდა. „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, უკვე 2 წელია მიმდინარეობს.პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ საჭირო ფინანსური დახმარება საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოაჩინონ ახალი საბაზრო შესაძლებლობები და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს. აღნიშნული პროექტი ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს. მასში ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია ტურიზმის სფეროში მომუშავე 400 მცირე საწარმო და ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებული 230 ფერმერი, რომლებიც პროექტიდან სხვადასხვა სახის მხარდაჭერას იღებენ

რა ტიპის დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში?

-დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირს განათლების სისტემის განვითარებაშიც. წლებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მასწავლებლების, სტუდენტების, მკვლევარების, აკადემიური პერსონალის და ახალგაზრდობის მობილობის ხარჯზე აქტიურად მიმდინარეობს განათლების ხარისხის ზრდა და უნარების განვითარება. კერძოდ, E პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თითქმის 7500 სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა მოხდა. 9300-ზე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი საქართველოდან მონაწილეობდა ერთობლივ გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებსა და მოხალისეობრივ პროექტებში. 2018 წლიდან საქართველო თბილისში ევროპულ სკოლას მასპინძლობს, სადაც სტუდენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან ერთობლივად იღებენ მაღალი ხარისხის განათლებას ევროპული და საერთაშორისო სწავლების სტანდარტების შესაბამისად.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი ასევე აქტიურად გვეხმარება უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხების გადაჭრაშიც.

-გეთანხმებით, 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და 2008 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულების აღსრულების პროცესს აკვირდებიან. მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს. მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლების შესვლის უზრუნველყოფაზე უარს ამბობენ. უპირველეს ყოვლისა, მისია შეიარაღებული კონფლიქტის განახლების თავიდან აცილებასა და აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს. მისიის ერთ-ერთი მიზანია, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

რაში გამოიხატება ევროკავშირის დახმარება სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით?

-ევროკავშირი ეხმარება საქართველოს მთავრობას, რომ ფინანსების მართვა უფრო გამჭვირვალე გახდეს, ხოლო ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე გაიზარდოს. 2014 წლიდან მთავრობა აქვეყნებს სახელმწიფო ბიუჯეტის ცნობარს მოქალაქეებისთვის, სადაც ნათლად განმარტავს, თუ სად და როგორ დაიხარჯა თანხები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს MEG „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“. ინიციატივა M აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალური ცენტრები მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს როგორც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის, ისე მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. M EG ინიციატივა შექმნის განვითარების პლატფორმას მუნიციპალური ცენტრებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება რეგიონში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, განვითარების ახალი, ინოვაციური მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიღება, პარტნიორობის ქსელის გაფართოება და ქალაქებისა და მუნიციპალური ცენტრების გაძლიერება.

როგორია ევროკავშირის წვლილი საქართველოში პანდემიით გამოწეული კრიზისის დაძლევაში?

ევროკავშირი არა მარტო პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ეხმარება ჩვენს ქვეყანას, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ზოგადად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაში. ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს უწევს დახმარებას kovid-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მომზადებაში. ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და HO უწევს საქართველოს. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და HO საქართველოს kovid-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ვაქცინაციის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს ეხმარება საჭირო მოწყობილობების, პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნაში, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგში, საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერაში, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგში და ა.შ.

შეიძლება ვთქვათ თუ არა, რომ ევროკავშირის მსგავსი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ზრდის საქართვლოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს?

-ცხადია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ სტაბილურობასა და განვითარებას, თუმცა გაწევრიანებისთვის მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ევროკავშირის მიზნებისა და ფასეულობებისადმი მაქსიმალური ერთგულება.

რა იგულისხემბა ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებში?

-ევროკავშირის მიზნებია, ხელი შეუწყოს მშვიდობას და მოქალაქეთა კეთილდღეობას, მდგრად განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია დაბალანსებულ ეკონომიკურ ზრდაზე და ფასების სტაბილურობაზე, მაღალკონკურენტულ საბაზრო ეკონომიკაზე, სრულ დასაქმებაზე, სოციალურ პროგრესზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ. ხოლო, ადამიანის ღირსება, თავისუფლება, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, დისკრიმინაციის არარსებობა, თანასწორობა და კანონის უზენაესობა არის ის ფუნდამენტური ფასეულობები, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

  • No Comments
  • აგვისტო 30, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *