
რამდენად მზადაა საგამოცდო ცენტრები მოახლოებული გამოცდებისთვის?
ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გაეცნენ. ამჟამად ცენტრების მოწყობა და აღჭურვა, მათ შორის, გაგრილების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. გრძელდება საკანცელარიო, სამეურნეო თუ სხვა საჭირო მასალით ცენტრების მომარაგების პროცესი. აგრეთვე, ელექტრო, ინტერნეტის ქსელებისა და ვიდეოკამერების მონტაჟი.
სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ცენტრები კომპიუტერებით აღიჭურვება. სრულად მოწესრიგდება სექტორები. საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობა შეიქმნება იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესი კომფორტულ გარემოში წარიმართოს.
2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
გალერეა

