პუტინი აშშ-ის სპეცწარმომადგენელს მასპინძლობს
მოსკოვში დღეს დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან. მოლაპარაკებებს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე და გარე მრჩეველი ჯარედ კუშნერი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული დიპლომატიურ კონსულტაციებში.
მანამდე ფლორიდაში უკრაინისა და შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. პროცესს უიტკოფი და კუშნერი ხელმძღვანელობდნენ და მათი მთავარი მიზანი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის საბოლოო ფორმის შეთანხმება იყო.
სამიტამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარიზში ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კიევისთვის მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე შეთანხმებაა. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე რთული ნაწილი ტერიტორიული საკითხია.
უიტკოფმა ბოლო დღეებში მოლაპარაკებები გამართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან სერ კირ სტარმერთან, ზელენსკისთან და უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელ რუსტემ უმეროვთანაც. ზელენსკი-მაკრონის შეხვედრას ვირტუალურად შეუერთდა რამდენიმე ევროპელი ლიდერი.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი „ძალიან დახვეწილია“ და ადმინისტრაცია ოპტიმისტურად უყურებს პროცესს. „მოლაპარაკებების დეტალები მომლაპარაკებლებს მივანდეთ, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდება“, – აღნიშნა ლივიტმა.