პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გამართა
By

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთს ეწვია. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი იყო მიძღვნილი, მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას. ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

მოგვიანებით აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.

„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. ჩვენი საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გააქტიურებაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე, ამავე ფორუმის ფარგლებში, ასევე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.

„ხაზი გაესვა მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *