
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოხსენებით წარსდგა.
„ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, სათავრობო პროგრამის 150-გვერდიანი ანგარიში მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, თუმცა მასში არ არის ასახული ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ და საუბარია ძირითადად სამთავრობო უწყებების მიერ გასული 12 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე.
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შარშან ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, შესაბამისად, მოხერხდა იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც არსებობს 2021 წლიდან:
„2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს. მაისის წინასწარი მონაცემებიც არის ძალიან კარგი და შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მივაღწევთ ბიუჯეტის პროექტში ასახულ ნიშნულს, არამედ გადავაჭარბებთ მას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7,2%-მდე და ვფიქრობთ, სავსებით რეალურია არა მხოლოდ ამ ნიშნულის მიღწევა, არამედ ამ გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“.
კობახიძესთან ერთად, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან. სესიაზე მიწვეული არიან სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელი პირები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები, დედაქალაქის მერი, სახალხო დამცველი და სხვა ოფიციალური პირები. პარლამენტში იმყოფებიან სასულიერო პირები.
კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, სხდომის ბოლოს კი პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება.
საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღეს პარლამენტში ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების გათვალისწინებით, შენობაში მედიასაშუალებებიდან მხოლოდ ტელემედიის წარმომადგენლები დაუშვეს. ვიზიტიორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.