პედაგოგი და თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ბავშვების სიყვარულით შთაგონებას პოულობს
მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არაა, ეს არის სიყვარული, მოთმინება და პასუხისმგებლობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. პედაგოგ მზევინარ თავდგირიძისთვის სკოლა სწორედ ასეთი გრძნობებისა და თავდადების გამოვლენის სივრცეა, სადაც უკვე მრავალი წელია ბავშვების სამყაროსთან ერთად საკუთარ ოცნებებსაც აცოცხლებს. ბათუმის №22 საჯარო სკოლაში 20 წლის ასაკში დაწყებული მისი პედაგოგიური გზა გამოცდილებით, ემოციებითა და მოსწავლეებისადმი უპირობო სიყვარულით არის სავსე. ქალბატონი მზევინარი ამავე დროს თვითნასწავლი მხატვარია და ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ხელოვნებასაც განსაკუთრებულ როლს ანიჭებს – ფერებითა და გამოსახულებით ცდილობს, ცოდნა ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახადოს. მისთვის თითოეული მოსწავლე პატარა სამყაროა, ხოლო სკოლა – მეორე ოჯახი, სადაც განათლება, შემოქმედება და სითბო ბუნებრივად ერთიანდება.
– ქალბატონო მზევინარ, როგორ გახსენდებათ სკოლაში მუშაობის პირველი წლები და რას ნიშნავს თქვენთვის, რომ დაარსების დღიდან აქ მუშაობთ?
– 20 წლის ასაკში დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა. სკოლამ საკმაო გამოცდილება მომცა, რასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვაფასებ. ჩემთვის მასწავლებლობა საუკუთესო პროფესიაა. მიყვარს პატარები და მათთან გატარებული ყოველი წუთი ენერგიას მმატებს.

– რა შეიცვალა ყველაზე მეტად განათლების სისტემაში იმ დროიდან დღემდე?
– იმ დროიდან დღემდე სისტემის შეცვლა მრავალჯერ მოხდა. კარგად ვიცით, რომ კვლავ ძიებაში ვართ. დავუმატებ, რომ განათლებას საქართველოში დიდი ისტორია აქვს.
– რას გრძნობთ, როცა იმ მშობლების შვილებს ასწავლით, რომლებიც ადრე თქვენი მოსწავლეები იყვნენ?
– ჩემთვის სასიამოვნო და დიდი პატივისცემის გამოხატულებაა, ჩემი ყოფილი მოსწავლე საკუთარ შვილს რომ მანდობს. ამ დროს ადამიანის ნდობის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია… მეტიც, ამიტომ პატარას გულში ჩავიკრავ, ჩავეხუტები და უპირობო სიყვარულს ვაჩუქებ.

– რომელი თაობა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით და რატომ?
– ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემი ყრმობის პერიოდში გამოზრდილი თაობა. იმ დროისთვის მათ არ ჰქონდათ არანაირი შეხება ტექნოლოგიებთან, არ ფლობდნენ სხვადასხვა ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ დღესაც გვაქვს კომუნიკაცია, იცით რატომ? ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარულითა და პატივისცემით ვიყავით განმსჭვალული, რაც დღემდე მოგვყვება.
– რა არის დაწყებითი კლასის მასწავლებლის მთავარი პასუხისმგებლობა, თქვენი აზრით?
– დაწყებითი კლასის მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს თითოეულ მოსწავლეს, უნდა იზრუნოს მის პიროვნულ, სოციალურ-კოგნიტურ განვითარებაზე. ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი ღირებულებების, ქცევისა და სწავლის უნარის ჩამოყალიბებაში, გაუღვივოს მას ცნობისმოყვარეობა და ცოდნისადმი სიყვარული, რაც აუცილებელია ბავშვის პიროვნებად ფორმირებისთვის.
– როგორ დაიწყო თქვენი გატაცება ხატვით?
– დღემდე მახსოვს ბავშვური ემოციები და სიყვარული ხატვის მიმართ. ცნობილია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. პატარაობიდან პლასტელინით ვძერწავდი სხვადასხვა ფიგურას. წარმოიდგინეთ, ისეთ პატარა ასოებსაც ვხატავდი, რომლებსაც თვალებსა და პირს ვუკეთებდი, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. თითოეულ ნახატს რელიკვიასავით ვუფრთხილდებოდი.

– გეხმარებათ ხატვა სასწავლო პროცესში?
– სასწავლო პროცესში, თითქმის ყოველდღე, არ აქვს მნიშვნელობა, ქართული ენის, მათემატიკის, თუ ბუნების გაკვეთილი იქნება, დაფაზე ხატვით ვასრულებ თითოეულ აქტივობას, რაც მოზარდს უფრო კრეატიულს ხდის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის შემოქმედებითი, კოგნიტური და ემოციური განვითარების პროცესში. ისინი ხალისითა და შემართებით ასრულებენ თითოეულ აქტივობას, რაც იწვევს ინტერესის გაღვივებას საგნებისადმი.
– რისი ხატვა გიყვართ ყველაზე მეტად?
– განსაკუთრებით მიყვარს პეიზაჟის ხატვა, რაც მამშვიდებს. მუზა რომ მოვიდეს, აუცილებელია განწყობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
– თუ გქონიათ თქვენი ნამუშევრების გამოფენა, ან გეგმავთ მომავალში?
– რაც შეეხება გამოფენას, ნამდვილად არ მქონია, მაგრამ სულ მინდა, ვხატო და არასდროს გავჩერდე, რადგან მე ეს სულიერად მამშვიდებს. ეს არ არის ჩემი პროფესია, მაგრამ ჩემი განუყოფელი მეორე ,,მეა“. ხატვა ჩემი ჰობია.
– რა გაძლევთ ენერგიას, ამდენი წლის შემდეგაც იგივე სიყვარულით გააგრძელოთ მასწავლებლობა?
– ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი მასწავლებლობანას. ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. ჩემი პირველი მასწავლებელი საოცარი ადამიანია -ქალბატონი თამარ ინაიშვილი, რომლის სიყვარულს დღემდე ვატარებ. მე მისგან მომყვება მოსწავლეების უპირობო სიყვარული, მზრუნველობა და სამართლიანობა. მიყვარს ბავშვები, ისინი ჩემი მოტივატორები არიან.

– რას ნიშნავს თქვენთვის სკოლა, იგი სამსახურია თუ მეორე ოჯახი?
– სკოლა ჩემი მეორე ოჯახია. ოჯახი, სკოლა, საზოგადოება წარმოუდგენელია ბავშვების გარეშე, „ჯადოსნურ სამყაროში“ ყოფნა, მათ გარშემო მოგზაურობა „საზღაპრეთში“. უკვე წლებია ვდგავარ თაობების განათლების სადარაჯოზე. მოსწავლეების და მშობლების მხარდამხარ თავს არ ვზოგავ, რათა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღვუზარდო. და მაინც, ყველაზე დიდი მოტივაციაა, როცა პატარა ,,მარგალიტებს“ უყვარხარ და ხედავ, თბილი და სუფთა თვალებით გიმზერენ.
– რა გეგმები გაქვთ?
– მაქვს უამრავი გეგმა. ეს ყველაზე სასარგებლო კითხვაა, რის შემდეგ უფრო მეტად პროდუქტიულად მუშაობ და მოტივაციით აკეთებ საკუთარ საქმეებს. ოცნება და დასახული მიზანი ენერგიას მაძლევს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანებს გვჭირდება მეტი მუხტი და ბიძგი გეგმების გადასახალისებლად…
მარიამ ხითარიშვილი
