19 C ბათუმი
Thursday 10th July 2025
„პარი სენ-ჟერმენი“ ფინალშია
By

„პარი სენ-ჟერმენი“ ფინალშია

ამ სეზონში ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი გუნდია და ეს გუშინდელ ნახევარფინალურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, როცა გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მასპინძლობს, მადრიდის „რეალს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით – 4:0 მოუგო.

მატჩის ბედი, შეიძლება ითქვას, დასაწყისშივე გადაწყდა, როცა პსჟ-მ მოწინააღმდეგეს სწრაფი ტემპი შესთავაზა და პირველი გოლი ესპანელთა კარში უკვე მეექვსე წუთზე ფაბიან რუისმა გაიტანა. ზუსტად სამ წუთში უსმან დემბელემ ანგარიში გაზარდა, 24-ე წუთზე კი ფაბიან რუისმა დუბლი გაიფორმა და პსჟ კიდევ უფრო დაწინაურდა – ანგარიში 3-0 გახდა. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმში ფრანგული გუნდის ფეხბურთელმა გონსალო რამოსმა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, 87-ე წუთზე პსჟ-ს სასარგებლოდ მეოთხე გოლი გაიტანა.

პსჟ ფინალში, რომელიც 13 ივლისს გაიმართება, ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ადვილი მატჩი, თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება. ჩვენ კი, ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, წარმატებას პარიზულ გუნდს ვუსურვებთ.

თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მას, როგორც ყოველთვის, საზოგადოებრივი არხი გადასცემს.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *