
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ინტერ მაიამი“- 4:0
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მერვედფინალური მატჩები გუშინ სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „ინტერ მაიამს“დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ყველა მოუთმენლად ელოდა თამაშს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის ლეგენდასთან, ლეო მესისთან ერთად ვიხილავდით.
ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე არ შეუცვლიათ. ის აქტიურობდა და გოლის გატანის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა… პირველ ტაიმში კვარაცხელიამ რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, მეოთხე წუთზე ის მოწინააღმდეგის სამ მცველს გასცდა… მონდომებული იყო, სამი დარტყმა იყო მის ანგარიშზე… ეს არ იყო ხვიჩას საუკეთესო თამაში ამ გუნდში. როგორც საინფორმაციო საშუალებებმა აღნიშნეს, კვარას თამაშის სტატისტიკა ასეთია: 70 შეხება ბურთთან, 54-დან 52 ზუსტი პასი (96%), 1 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, სამი დარტყმა კარისკენ -1 ზუსტი, 2 – არაზუსტი, 8 დრიბლინგის მცდელობიდან 3 ზუსტად შესრულებული. 13 პოზიციური დუელიდან 6 მოიგო, 2 ართმევა… მისი თამაში 7,2 ქულით შეფასდა.
რაც შეეხება თავად მატჩს, პარიზელებმა ანგარიში უკვე მეექვსე წუთზე გახსნეს. მაიამელთა კარში ბურთი ჟოაო ნევეშმა გაიტანა, 39-ე წუთზე იმავე კარში გოლი ისევ გავიდა და მისი ავტორი ისევ ჟოაო გახლდათ. 44-ე წუთზე „პსჟ“-მ ანგარიში მაიამელთა „დახმარებით“ გაზარდა – ავილესის ავტოგოლით. საბოლოოდ კიდევ ერთი გოლი აშრაფ ჰაკიმიმ პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში. 4:0 – ასე დასრულდა პირველი ტაიმი, რომელიც თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა. საბოლოო ჯამში „პსჟ“-მ შეხვედრა მოიგო და ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე გუშინ გაირკვა – ეს „ბაიერნია“.
გულშემატკივრებს წინ დაძაბული და საინტერესო მატჩები გველის.
მანანა ძიძიშვილი