ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) ბიზნესსაბჭოების საარჩევნო გენერალური ასამბლეა 2026 წლის 17 იანვარს, შაბათს, სტამბოლში გაიმართა. გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მესამედ აირჩიეს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარედ.
თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით, ბიზნესსაბჭო განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ახალ პერიოდში მიზნად ისახავს ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
არჩევნების შემდეგ გაკეთებულ შეფასებაში ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ ყურადღება გაამახვილა თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებზე და განაცხადა: „თურქეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნებია, რომელთაც მტკიცე კავშირები აქვთ. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები დღითი დღე ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული და უცხოური ინვესტიციები იზრდება. გვჯერა, რომ მომავალში ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. DEİK-ი გააგრძელებს წვლილის შეტანას თურქეთ–საქართველოს ვაჭრობის განვითარებაში მთავრობებთან, დიპლომატებთან და წევრ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით“.

რა არის DEİK-ი?
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEİK) დაარსდა 1985 წელს და წარმოადგენს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ქოლგა ორგანიზაციას. DEİK-ი მხარს უჭერს თურქული ბიზნესსამყაროს საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ – საგარეო ვაჭრობის, საერთაშორისო ინვესტიციების, მომსახურების, სამშენებლო კონტრაქტორობისა და ლოგისტიკის სფეროებში.
დღეს DEİK-ი საქმიანობს 152 ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსაბჭოების მეშვეობით, რომლებიც თურქეთის კერძო სექტორს საერთაშორისო პარტნიორებთან აკავშირებს. ორგანიზაცია მჭიდრო თანამშრომლობას ახორციელებს სახელმწიფო უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. DEİK-ის მიზანია, ხელი შეუწყოს თურქეთის ექსპორტის ზრდას, ახალი საინვესტიციო და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას და მდგრადი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

თურქეთ–საქართველოს ბიზნესსაბჭო ამ ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ორმხრივი ინვესტიციების წახალისებისა და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე ასევე არის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც 2009 წლის 15 ივლისს დაარსდა. ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე წარმოშობით ქართველია.