,,ოპოზიციის აკრძალვით კიდევ უფრო დაემსგავსებიან საბჭოთა რეპრესიულ რეჟიმს“
თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენა პოლიტიკური პოლარიზაციის სიღრმე, მმართველმა პარტიამ დამაჯერებელად გაიმარჯვა იმ პორობებში, როცა ოპოზიციის მცირე ნაწილმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო დანარჩენმა ბოიკოტი გამოაცხადა. ამასთან, ოპოზიციის დაანონსებულმა რევოლუციამ ფიასკო განიცადა, რამაც, ცხადია, ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო, რასაც ოპონენტები არ ეთანხმებიან და იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება. ამ მხრივ, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონპროექტი შეიტანა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, სულ უფრო აქტიურად ისმის შეკითხვები ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ევროპულ კურსსა და პოლიტიკური პროცესის სამართლიანობაზე. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება მწერალი, პარტია ,,დროას“ რეგიონული ლიდერი გენრი დოლიძე.
– ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბროთ, თქვენ რა ასპექტებს გამოჰყოფდით?
– ქვეყანაში კარგად რომ არ არის საქმე, ეს ყველა სფეროზე, თანაბრად, უარყოფითად აისახება. მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს კარგა ხანია გასცდა ჩვენი მდგომარეობა და სტაგნაციიდან გადავედით ქაოსურ კრიზისში. საზოგადოება გახლეჩილია: თეატრი, მწერლობა, ბიზნესი, ტურიზმის სექტორი, განათლების სფერო, ოჯახები. . . პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს არ არის დიფერენციაცია „ამისტებად“ და „იმისტებად“. ეს აღარ არის „ნაცების“ და ქოცების“, მიშისტების და „შევარდნაძისტების, „კომუნისტების“ და ზვიადისტების დაპირისპირება, სადაც ორივე მხარე გარკვეულ, იდეოლოგიურ მრწამსს ეფუძნებოდა. დღეს ერთ მხარეს დგას საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი და დასავლური ცივილიზაციის ორბიტაზე დაბრუნება უმთავრესი ღირებულებაა. ისინი მზად არიან, ამ იდეას საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება შესწირონ. მრწამსის გამო მათი ნაწილი, გაცნობიერებულად, ციხეშიც კი წავიდა, მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ მყარი იდეოლოგია. ისინი ციხეში თუ წავლენ, მხოლოდ იმიტომ, რომ კორუფციული შემოსავლების არასაკმარისი პროცენტი აიტანეს იქ – „სადაც ჯერ არს“. ისინი, ფაქტობრივად, რუსეთის მხარეს დგანან, ოღონდ მათ უდიდეს უმრავლესობას ესირცხვილება ჭეშმარიტი სახელის დარქმევა საკუთარი არჩევანისთვის. აბა, დააკვირდით, აქციებზე გასული დემონსტრანტებიდან ნებისმიერი ღიად და მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ მისი არჩევანი არის ევროპა. სიამაყით იტყვის, რომ იბრძვის ევროპული მომავლისთვის. მათ უმრავლესობას კი, ვისაც ევროპა ეზიზღება, ხმამაღლა ვერ ათქმევინებ, რომ რუსეთი კარგია, რომ ის „რუსეთისტია“ (ანუ, რუსეთუმე). გულის სიღრმეში მოსწონთ რუსეთი, რუსული ესტრადა, მმართველობის კორუმპირებული სისტემა, სადაც ცოდნა და კვალიფიკაცია კი არა – „მაღარიჩი“, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი ფასდება. ისინი გაბედულად ვერ იტყვიან: „რუსეთი კარგია“, ისინი ამბობენ: „ევროპა იმიტომ არ გვინდა, რომ მიშა ცუდი იყო“, ან „ევროპა იმიტომ არ გვინდა, რომ მამაკაცები არ გაგვათხოვონ“. საბოლოო ჯამში, პატარა ბავშვიც კი ხვდება, რომ ამ ქვეყნის საქმე არ არის კარგად. თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მმართველი პარტიის მესვეურებიც კი ორად არიან გახლეჩილნი. ერთ მხარეს დგას კობახიძის დამსჯელი რაზმი, ხოლო მეორე მხარეს ადამიანები, რომელთაც წლების განმავლობაში აძარცვინეს გაჭირვებული ქართველი ხალხი და ისედაც გაძვალტყავებული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, როდესაც ისინი პენსიონერების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველების, მოსწავლეების, ჯარისკაცების, სტუდენტების, გლეხების, გადასახადების გადამხდელების რესურსებს გაუმაძღარი ღორებივით თქვლეფდნენ, ტყეებს ცოლებს ჩუქნიდნენ, სოფლის გზებისა და სკოლების ტენდერებს – ცოლისძმებსა და ბიძაშვილებს, როცა მთელი თაობა ნარკოტიკებზე შესვეს პირადი გამდიდრების გამო, კაციშვილს ხელი არ შეუშლია მათთვის, ახლა კი, როდესაც საერთაშორისო იზოლაციებისა და სანქციების გამო ბიძინას სკივრში საგანძური შეთხელდა, ყველა მათი სიბინძურე გამოამზეურეს. ოღონდ, ამ „საარაკო საქმეების“ მთავარი შემოქმედი კი არ დაიჭირეს, გირაოთი გამოუშვეს. ვერ ამოისუნთქავს ეს ქვეყანა, სადაც მკვლელი, კორუმპირებული ჩინოვნიკი, უცხო ქვეყნის დეკლარირებული აგენტი, ნარკოდილერი, პუტჩისტი, მოძალადე, კრიმინალი და „ტიტუშკა“ თავისუფლად დაგრიალებს აღმა-დაღმა და პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, სტუდენტი, იუმორისტი, ექიმი, ომის ვეტერანი, ოპერის მომღერალი, მსახიობი, პოლიტიკოსი – უკანონოდ ზის ციხეში. აქვე, სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამებრძოლებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულის გამო არიან დატუსაღებულები. სოლიდარობა – ელენე ხოშტარიას, ოთხი შვილის დედას, რომელმაც იცოდა, რა მოჰყვებოდა პროტესტის იმ ფორმას, რომლითაც რეჟიმს ალიყური მიართვა, მაგრამ მისთვის პირადი კეთილდღეობა და მხოლოდ საკუთარი შვილები არასოდეს ყოფილა საზრუნავი. სოლიდარობა – მზია ამაღლობელს, ზვიად ცეცხლაძეს, ზვიად რატიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს და საზოგადოების სხვა, ღირსეულ წარმომადგენლებს, რომელთა სახელებსაც სამაგალითოდ შეინახავს საქართველოს ისტორია; ჩემი კოალიციის ლიდერებს – ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს, რომელთაც ბრალად ედებათ ბიძინა ივანიშვილის შფოთვითი აშლილობა და თეა წულუკიანის ბოროტი სიზმრები.
– თქვენ მნიშვნელოვანი თემები ჩამოთვალეთ. ამ მხრივ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა, რასაც მოწმობს თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში მათი დამაჯერებელი გამარჯვება. რას ფიქრობთ?
– არარელევანტური არგუმენტია, არალეგიტიმური ხელისუფლების დანიშნულ ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა პროდასავლური საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობას უნდა მივამატოთ ბოიკოტის ნიშნად არჩევნებზე არმისული მოქალაქეების რაოდენობაც და მხოლოდ ასე დავინახავთ საერთო სურათს. თბილისის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, დედაქალაქს ჰყავს 1 043 482 ამომრჩეველი, კახა კალაძეს კი ხმა მისცა 211 814-მა ამომრჩეველმა, რაც ნიშნავს, რომ მას ქალაქის 20,3%-სგან აქვს მართვის მანდატი მინიჭებული.
– ვიდრე ამ ადგილობრივ არჩევნებზე დეტალურად ვისაუბრებდეთ, მანამდე მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით?
– გახარიამ წინა თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისში, 42 596 ხმა აიღო, ხოლო არჩევნებად წოდებულ ფარსში, რომელსაც თავად გამოუცხადა ნდობა – 9 653. ეს ციფრები არის ნათელი დასტური იმისა, რომ მისი რეიტინგი, ორმაგი თამაშის გამო, მინიმუმ, 4-ჯერ დაეცა. ჩემი შეფასებით, ეს არის გაქცეული ლიდერის მიერ პარტიის გადარჩენის მცდელობა. მას, დისტანციურად, სხვა ბერკეტი, უბრალოდ, არ გააჩნია. პარლამენტში შესვლით აქტუალობას და ხელფასებს შეუნარჩუნებს გუნდის იმ ნაწილს, რომელმაც ჯერ კიდევ არ დატოვა მისი პარტია.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ პარტიამ ,,ლელო საქართველოსთვის“ მიბაძოს გახარიას პარტიას და ვიხილოთ პარლამენტში?
– იურიდიულად შეუძლებელი მგონია ეს ამბავი, რადგან „ლელოს“ საპარლამენტო სიები უკვე ჩახსნილი აქვს. სიმართლე გითხრათ, არც სურვილი მაქვს და არც პროგნოზი, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას მათი მხრიდან.
– რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მცირე ნაწილი ჩაერთო ადგილობრივ არჩევნებში – პოლიტიკური პროცესი იყო ეს თუ სტრატეგიული შეცდომა?
– სტრატეგიულ შეცდომად თუ ჩავთვლით, ცხადია, იმათ უნდა ჩავუთვალოთ, ვინც ამ „ცალკარა თამაშში“ შეჰყვა „ქართულ ოცნებას“. ამომრჩეველთა დაბალმა აქტივობამ აჩვენა – საით დგას მოსახლეობის უმრავლესობა.
– როგორ უნდა აიხსნას მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება – რეალური მხარდაჭერით თუ ოპოზიციის სისუსტით?
– რამდენიმე კოლეგა (მწერალი, პოეტი) ვიცი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, წერაში უნიჭო, მაგრამ მომხვეჭელობასა და კარიერისტობაში გაწაფული, გაქექილი და გაიძვერა. ისინი ქმნიან მწერალთა ორგანიზაციებს, აარსებენ ათასგვარ პრემიას დიდი და უკვდავი სახელებით. შემდეგ ამ თავისსავე დაარსებულ „გრიგოლ ორბელიანის“, „ლადო ასათიანის“, „ალექსანდრე ჭავჭავაძის“, „დავით კლდიაშვილის“ პრემიებს ანიჭებენ საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ დიპლომი, სადაც წერია, რომ ჯილდო მიენიჭა ამა და ამ „დამსახურებულ მოღვაწეს“ და ქვევით, კომისიის თავმჯდომარის გრაფაშიც მისივე სახელი წერია. დაახლოებით, ამ ტრაგიკომიკურ ამბავს ჰგავს ხელისუფლების მიერ საკუთარი „დამაჯერებელი გამარჯვების“ გამოცხადება არჩევნებში, რომელიც „მოგუდულში“ ჩაატარა, „ვიწრო წრეში გადაიხადა“, მხოლოდ ძალიან შინაურ-ახლობლებისა და ოჯახის წევრების თანდასწრებით. ცხადია, ოჯახში პუტინისტური რეჟიმების ჯგუფს ვგულისხმობ.
– როგორ შეაფასებდით 4 ოქტომბრის დაანონსებულ რევოლუციას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
– პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აიღო ღირსეულად საკუთარ თავზე ეს წარუმატებელი მცდელობა. რა კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ, ფაქტია, რომ ამ საერთო სახალხო მოძრაობის ინიციატორებმა ვერ გათვალეს, ვერ აღკვეთეს „ხელისუფლების“ მხრიდან მოსალოდნელი სავარაუდო პროვოკაცია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წინასწარ მოხერხილი ღობის წაქცევის გამო უდანაშაულოდ ისჯებიან რეჟიმის მიერ. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსოფლიო ბანი, რომელსაც ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი წითელი ხალიჩით დახვდება, „მიზდათვინაი“ პრეზიდენტის, ყოფილი ფეხბურთელის, საცხოვრებელი აპარტამენტის „ასაღებად“ არ მიდიოდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, სადაც აქციის ინიციატორების ფრაზა – „მივიდეთ და მოვითხოვოთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გასაღები გადმოგვცენ“ – მონათლეს, როგორც „ძალადობრივი შეჭრის მოწოდება“ და ბევრი გულანთებული მამულიშვილი გამოამწყვდიეს სატუსაღოში.
– პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი ოპოზიციის აკრძალვასთან დაკავშირებით, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– ჯანსაღი აზრი, ჭეშმარიტება, განათლება და პატიოსნება კარგა ხანია აკრძალულია ამ ქვეყანაში. რა შეიძლება ამიკრძალონ, მაგალითად, მე? თანამდებობაზე მე არ ვარ, სამსახური მე არ მაქვს, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მე არ ვიღებ, კაბინეტი მე არ მაქვს, მანქანა მე არ მემსახურება, ამათი ჩატარებული არჩევნებით მონიჭებულ მანდატებზე კარგა ხანია უარი თქვა ჩემმა გუნდმა. რას ამიკრძალავენ? ათ ნომერ ავტობუსში ნუ ჩაჯდებიო? არ ჩავჯდები და ფეხით გავივლი, განსხვავებით „ოცნების“ ბევრი ჩინოვნიკისგან, ამ ქალაქში გადაადგილების არც მრცხვენია და არც მეშინია. მათ იკითხონ, ვისაც დაჩაგრული და გამწარებული ხალხის შიშით, საკუთარ ქალაქში უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული მანდატით აღებული ტაბელური იარაღით უწევთ გასვენებასა თუ ქორწილში სიარული. . .
ოპოზიციის აკრძალვით კიდევ უფრო დაემსგავსებიან საბჭოთა რეპრესიულ რეჟიმს, რითაც დააჩქარებენ საკუთარ განაჩენს.
– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, აიკრძალება ,,ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ძალები. ამ მხრივ, თქვენს პარტიას რა ბედი ელის?
– ამ მომენტისთვის ჩემი პარტიის წევრთა უმრავლესობა ზის ციხეში ან იზოლატორში, სწორედ იმიტომ, რომ ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებთ. როგორ შეიძლება რამე აგიკრძალოს იმან, ვისაც არ ცნობ? აი, წარმოიდგინეთ, პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან – ხუთმა მეზობელმა რომ აირჩიოს სახლმმართველი და ამ სახლმმართველმა დანარჩენ 50 ოჯახს გადაუწყვიტოს, რომ შაბათ-კვირას, მაგალითად, ეზოში გამოსვლა არ შეიძლება, ან სადარბაზოში მხოლოდ მწვანე შარვალი უნდა ატარო. ხომ აბსურდული და იდიოტური მაგალითია? ზუსტად ასეთივე იდიოტური და კომიკურია მცდელობა, ხალხს, რომელიც არაფრად გაგდებს, აუკრძალო პოლიტიკური მოღვაწეობა, თან იმას უკრძალავ, რაზეც თავისით უკვე უარი აქვს ნათქვამი. პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში, საკრებულოში, არჩევნებში ჩვენ არ შევდივართ და მეტი რაა პოლიტიკური საქმიანობა? არც მაგათი დაშვებული გვაინტერესებს და არც მაგათი დაუშვებელი. ჩვენ გავაგრძელებთ ისევ ბრძოლას, ვისაც როგორც შეგვიძლია, რუსთაველზე დგომით, სიმართლის ტირაჟირებით, დაუმორჩილებლობით, ლექსით, სიმღერით, სტენსილით. . .
– როგორ იმოქმედებს მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე?
– საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, ხელისუფლება უპირისპირდება არა ოპოზიციას, არამედ – დასავლეთს. ღიად ლანძღავენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მიწასთან ასწორებენ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წამყვან პოლიტიკოსებს, საბოტაჟს უწყობენ დიპლომატებს, როგორ შეიძლება ეს დადებითად აისახოს ქვეყნის იმიჯსა და მომავალზე?
– ალაპარაკდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თაობაზე. . . სამწუხარო რეალობა დადგება?
– ჩემი ვარაუდით, ეს რეალობა არ დადგება. დასავლეთი ძალიან კარგად აანალიზებს, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხისთვის ეს რეჟიმი ისედაც სასჯელია და თუ რაიმე სანქცია დაწესდება მათი მხრიდან, ეს აუცილებლად იქნება პერსონალური და არ შეეხება უბრალო, მშრომელ, უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ერთგულების გამო სიცოცხლის, თავისუფლებისა და ჯანმრთელობის საფრთხეს არ უშინდებიან უკვე წლებია.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ყოფილი ჩინოვნიკების (ღარიბაშვილი, ლილუაშვილი) სახლების ჩრეკას. ამაზე, რას ფიქრობთ?
– „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან განსხვავებით, ჩვენ წლებია ვიძახით, რომ რიჟვაძე, ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ქარსელაძე და სხვები ხალხის ფულს ითვისებდნენ, სახელმწიფო ქონებას იპარავდნენ და კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულები. ჩხრეკებით და დაჭერებით დადასტურდა ის, რაზეც კრიტიკული მედია და ოპოზიცია წლებია ხმამაღლა საუბრობს, თუმცა, ფაქტია, რომ მმართველ ძალას მათი დასჯა იმის გამო კი არ სურს, რომ ხალხის ფულით გამდიდრდნენ, არამედ იმის გამო, რომ „ვიღაცას“ არ გაუნაწილეს ეს უკანონო შემოსავალი. ამის დასტურია ის, რომ ღარიბაშვილი კი არ დაიჭირეს, არამედ გირაოთი გაათავისუფლეს მაშინ, როცა პირბადის ტარების გამო, ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ფრიალის გამო, პლაკატის გამო, ფლომასტერით კედელზე გაკეთებული წარწერის გამო ხალხს ციხეში უშვებენ. ეგებ დაფიქრდეს „ოცნების“ გულწრფელი ამომრჩეველი (თუ არსებობს ასეთი ბუნებაში), რომელია დანაშაული – პლაკატზე მარკერით მიწერილი ფრაზა, თუ ქართული არმიისთვის მოპარული მილიონები? მოძალადე პოლიციელისთვის სილის გაწვნა, თუ სოფლებში ასაშენებელი სკოლების, დასაგები გზების, მოსაწყობი წყალმომარაგების ფულის მითვისება? რომელი უფრო დიდი სიკეთეა? კალაძის პლაკატი, დგებუაძის ლოყა, თუ უსკოლოდ დარჩენილი ათასობით ბავშვი და უწყლოდ დარჩენილი ათიათასობით ოჯახი? რატომ არიან ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი, ზურაბ ჭავჭანიძე ციხეში და ღარიბაშვილი რატომ დასეირნობს თავისუფლად ცოლისთვის ნაჩუქარ ტყეში?
– ახლახან ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიენიჭა, ამ მხრივ დასავლეთმა რა გზავნილი გაუგზავნა ხელისუფლებას?
– მზიას ვულოცავ დამსახურებულ პრემიას. დასავლეთს კარგა ხანია გაკეთებული აქვს გზავნილი ხელისუფლებისთვის: დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე და შეწყვიტოს თავისუფალი აზრის დევნა, რასაც რუსეთის მარიონეტი რეჟიმი აგრესიით და უფრო დიდი რეპრესიებით პასუხობს, მზიას ჯილდო კი გზავნილია ნებისმიერი რეპრესირებული მებრძოლისთვის, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის, რომ სიმართლისთვის შეუპოვარ ბრძოლას, დემოკრატიული ღირებულებისთვის თავგანწირულ ღვაწლს არა მხოლოდ საქართველოს ისტორია, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო და საზოგადოება დააფასებს და სამაგალითოდ გაიხდის!
– დაბოლოს, სამომავლოდ რა სცენარია მოსალოდნელი – პოლიტიკური კონფრონტაციის გამწვავება თუ ეტაპობრივი სტაბილიზაცია?
– ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიმყოფებით ხანგრძლივ, დრამატულ და მძიმე პროცესში. ეს არ არის ბლიცკრიგი, რომ რამდენიმე სვლაში ასეთი ტიპის რეჟიმს შამათი გაუკეთო. ეს არის გამძლეობის ბრძოლა. ორივე მხარისთვის გაუსაძლისია ასე გაგრძელება. გაუძლებს ქართველი ერი? არ ჩაკვდება პროტესტის კერა? – აუცილებლად გატყდება რეჟიმი. გაუძლებს რეჟიმი? – დამარცხდება საქართველო და კიდევ რამდენიმე წლით, შეიძლება ათწლეულებით, დავიხევთ უკან.
ევროპულ საქართველოს, პროგრესულ და განათლებულ საზოგადოებას ვუსურვებ რეჟიმთან გამარჯვებას, რადგან მათი მოგება ნიშნავს იმას, რომ დავიბრუნებთ ისტორიულ ფუნქციას – ვიქნებით ევროპის აღმოსავლეთის კარიბჭის მედროშეები, მეციხოვნეები და არა რუსეთის უკანა ეზოს მოურავები!
ლაშა ხომერიკი