
ოთხი პოეტის შემოქმედება საზოგადოებას გააცნეს
ლექსების თითო-თითო კრებულების ავტორები არიან დღვანის, შუბნის, ოლადაურის საჯარო სკოლების პედაგოგები ირმა კეკელიძე, ოთარ ფუტკარაძე, მერაბ მაკარაძე, ლექსების კრებულთან ერთად, დიდაქტიკურ-აღმზრდელობით თემაზე ხუთი წიგნი აქვს გამოცემული ა(ა)იპ-ი ,,მწიგნობარის“ დირექტორ მანანა წულუკიძეს. მანანა წულუკიძემ შრომითი საქმიანობა წყაროთის საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო. მეწყრულ პროცესებს განრიდებული მისი ოჯახი, ტბეთიდან ხონის რაიონში გადავიდა საცხოვრებლად. რიგი გარემოებების გამო, ისევ მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა ბათუმში გააგრძელა. ა(ა)იპ-ი ,,მწიგნობარი“ დააარსა და ათეულობით ბავშვი მიიზიდა. მანანა არ წყვეტს კავშირს შუახევთან. იგი არჩეულია ,,საპატიო ტბეთელად“ და ,,საპატიო მარეთელად“ , არაერთი სიგელისა და სერტიფიკატის მფლობელია.
ირმა კეკელიძე მშობლიურ შუახევში საქმიანობს და ქართულ პოეზიას ხალხურ მოტივებზე დაწერილი ლექსებით ამდიდრებს.
შუახევის კულტურის ცენტრის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების გამგე მზია დავითაძე უძღვებოდა, ღირსეულ აღმზრდელს მანანა წულუკიძეს ლექსებით მიესალმნენ ,,მწიგნობარის“ წევრები დავით ფუტკარაძე, ილია საფარიძე და ლექსების პირველი კრებულის ნორჩი ავტორი ლანა ბოლქვაძე. პირად შემოქმედებასა და ,,მწიგნობარის“ საქმიანობაზე საუბრის შემდეგ, ქალბატონმა მანანამ რამდენიმე ახალი ლექსი წაიკითხა.
,,ვეძებ სათაურს“ – ამ სახელწოდებისაა ირმა კეკელიძის ლექსების პირველი კრებული. როგორც ავტორმა აღნიშნა, მალე მკითხველს ახალ კრებულს შესთავაზებს. ლექსების ახალი კრებულის სახელწოდება უკვე შერჩეული აქვს 70 წელს გადაცილებულ, „საპატიო მარეთელ“ ოთარ ფუტკარაძეს. საკუთარ შემოქმედებას ახალი ლექსებით ამდიდრებს მერაბ მაკარაძე. ოთარ ფუტკარაძე ტაო-კლარჯეთზე, იქ დავანებულ ქართულზე მოთხრობებსა და პუბლიცისტურ ნარკვევებს წერს, რომელსაც მკითხველს წიგნად მიაწვდის. ტაოელმა მომღერალმა მუსა თეთრაძემ მის ლექსზე მუსიკა დაწერა და პირველად სტამბოლის საერთაშორისო ფესტივალზე შეასრულებს.
შემოქმედებითი შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ღონისძიების ორგანიზატორი, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე, მწერალი ვახტანგ გოგრაჭაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, პოეტი ფრიდონ დავითაძე, პუბლიცისტი ოთარ ცინარიძე. შეხვედრაზე სიმღერები შეასრულეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორულ ანსამბლ ,,მარეთის“ , შუახევის სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული ბენდის ,,117“- წევრებმა, ლექსები წაიკითხა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა თურმანიძემ.
შუახევის კულტურის ცენტრის დირექციამ (დირექტორი მაია დავითაძე) პოეტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
– მშობლიური შუახევი ოთხივე პოეტს მოგვეფერა. კარგი წამოწყების მოთავეა კულტურის ცენტრის დირექცია. ასეთი ღონისძიება შესაძლებლობას გვაძლევს, წარვსდგეთ მკითხველის წინაშე და გავაცნოთ ჩვენი შემოქმედება, – თქვა ოთარ ფუტკარაძემ.
თამაზ მგზავრიძე