ნობელების ეპოქის მემკვიდრეობა – საზღვაო ნავსადგურის კორპორატიულ მუზეუმს უნიკალური არტეფაქტი შეემატა
By

ნობელების ეპოქის მემკვიდრეობა – საზღვაო ნავსადგურის კორპორატიულ მუზეუმს უნიკალური არტეფაქტი შეემატა

​ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კორპორატიული მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე, რომელიც ქალაქის მთავარი საზღვაო კარიბჭის მატიანეს ინახავს, კიდევ ერთი ისტორიული რელიქვიით გამდიდრდა. მუზეუმის ფონდში თავისი ადგილი დაიმკვიდრა ნავთობსადენი მილის ხუფმა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ძმები ნობელების მოღვაწეობის პერიოდს. ეს უნიკალური ექსპონატი მუზეუმს ბათუმის ნავთობტერმინალმა გადასცა მას შემდეგ, რაც მოხდა მისი, როგორც ისტორიული ფასეულობის, იდენტიფიცირება.  „ჩვენი მუზეუმი არ არის მხოლოდ ექსპონატების საცავი, ეს არის ბათუმის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის საზღვაო და ინდუსტრიული ჰაბის ცოცხალი ბიოგრაფია. თითოეული ნივთი, რომელსაც აქ ვათავსებთ, კიდევ ერთი დადასტურებაა იმ დიდი ტრადიციებისა, რომლებზეც დღევანდელი ნავსადგური დგას. ჩვენი მოვალეობაა, ეს ისტორიული კვალი მომავალი თაობებისთვის სათუთად შევინახოთ“, – აღნიშნავს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი.
​მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის, პროფესორ თამარ ორაგველიძის შეფასებით, ეს არტეფაქტი წარმოადგენს „ინდუსტრიული მემკვიდრეობის გასაღებს“. იგი სიმბოლურად გამოხატავს ნობელების იმ გიგანტურ საწარმოს, რომელმაც XIX საუკუნის მიწურულს რეგიონი მსოფლიო ეკონომიკასთან დააკავშირა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ბათუმი „ნავთობის მსოფლიო კარიბჭედ“ იქცა და აქ ერთმანეთს ისეთი გლობალური მოთამაშეების ინტერესები გადაეკვეთა, როგორიც იყვნენ როტშილდები, მანთაშევი, „შელი“ (Shell) და რა თქმა უნდა, ძმები ნობელები. კორპორატიული მუზეუმის სივრცეში ობიექტი უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ღირებულებას იძენს და ნათლად წარმოაჩენს ბათუმის როლს მსოფლიო კაპიტალისა და ინდუსტრიის განვითარებაში.
​ისტორიის დოქტორ თემურ ტუნაძის დასკვნით, ექსპონატის უმთავრესი ფასეულობა მასზე დატანილ წარწერაში მდგომარეობს: „ТОВ. БР. НОБЕЛЬ“ (ძმები ნობელების ამხანაგობა). აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინჟინრო-სამრეწველო ხასიათის ნივთი აჭარის სამუზეუმო სფეროში დაცული არ არის და იგი იშვიათობას წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არტეფაქტის ავთენტურობა დადასტურებულია დოკუმენტური მასალებით, რაც ნივთს მყარ ისტორიულ კონტექსტს სძენს. ამასთანავე, მას გააჩნია სერიოზული მეცნიერული პოტენციალი  ხუფზე დაკვირვებით შესაძლებელია დადგინდეს იმ მილების ზუსტი პარამეტრები, რომლებითაც ნობელები ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
​ექსპონატი ფიზიკურად აცოცხლებს ბათუმში იმ პერიოდის მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვის პროცესს, რომელიც საფუძვლად დაედო ქალაქის ურბანულ და ეკონომიკურ წინსვლას. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მუზეუმი  საექსპოზიციო სივრცე არა მხოლოდ წარსულს აცოცხლებს, არამედ თანამედროვე საგანმანათლებლო პლატფორმად ყალიბდება.
​მუზეუმს მომავალში არაერთი საინტერესო სიახლე და მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, რაც ფონდების შემდგომ გამდიდრებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. მკითხველს პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას იმ საინტერესო სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც საზღვაო ნავსადგურის მუზეუმი თავის სივრცეში უმასპინძლებს.

 

ხატია იაშვილი

  • No Comments
  • მარტი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *