მუსიკოსი, რომელიც მიზნის მისაღწევად დღემდე დაუღალავად შრომობს
By

მუსიკოსი, რომელიც მიზნის მისაღწევად დღემდე დაუღალავად შრომობს

ჩვენი გაზეთი ხშირად წარმოაჩენს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს. ამჯერად ნომრის სტუმარი ამერიკაში, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ჩვენი თანაქალაქელი მუსიკოსი, ვოკალისტი და კომპოზიტორი ნიკო კიკნაძეა. როგორ აღმოჩნდა ის ოცნებების ასრულების ქვეყანაში და რა ეტაპები გაიარა წარმატებამდე, ამაზე თავად გვესაუბრება.

– ნიკო, როგორია შენი განვლილი შემოქმედებითი გზა საქართველოდან ამერიკამდე?

– ჩემი მუსიკალური ცხოვრება თბილისში დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში ვუკრავდი რამდენიმე ბენდში, მათგან გამოვყოფდი „რემას“, რომელთან ერთადაც ხშირად გამოვდიოდი ფესტივალზე „ოფენ ეარი“, 2014 წელს კი „რუსთავი 2“-ის სატელევიზო მუსიკალური პროექტის „იქს ფაქტორი“ მონაწილე გახლდით. ვინაიდან ვიყავი თვითნასწავლი მუსიკოსი, გადავწყვიტე სრულფასოვანი მუსიკალური განათლება მიმეღო და სწავლა ამერიკის თანამედროვე მუსიკის კონსერვატორიაში გამეგრძელებინა. 9 წელია, რაც აქ ვარ. სენტ პოლიდან (მინესოტის შტატი) საცხოვრებლად ნიუ-იორკის შემდეგ სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობით რიგით მეორე ქალაქში, ლოს-ანჯელესში გადმოვედი. ვარ მუსიკოსი, კომპოზიტორი, ვოკალისტი, გიტარა კი ჩემი განუყრელი მეგობარია. ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ვკითხულობ ლექციებს და ვზრუნავ ნიჭიერი ახალგაზრდების მუსიკალურ განათლებაზე.

– საქართველოში რამდენად ხელსაყრელი პირობებია მუსიკოსისთვის, შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის?

– როგორც გითხარით, 9 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი და დღევანდელ ვითარებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 3.5 მილიონი მოსახლეობაა, დიდი მონდომებისა და სურვილის მიუხედავად, შოუბიზნესი სათანადოდ ვერ განვითარდება. პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ნიუ-იორკში, სადაც მოსახლეობა 9 მილიონამდეა, ცნობილი მუსიკოსები თავიანთი თაყვანისმცემლებისთვის რამდენიმეკვირიან კონცერტებს მართავენ. ასეა ბევრგან და შესაბამისად, მუსიკოსებს მეტი საშუალებაც გვეძლევა ჩვენი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოზე ვერ ვიტყვით. რეალური სურათიც სწორედ აქედან გამომდინარე გვექმნება, აუდიტორიის რაოდენობა განსაზღვრავს შედეგებს. ისე, ჩემი მანდ ყოფნის პერიოდში, კონცერტების მოწყობა უფრო რთული იყო. ახლა უფრო მეტი ბენდია, შედარებით მეტი კონცერტიც ტარდება, ჩემს დროს კი, თავის გატანის მიზნით, ძირითადად, კლუბებსა და ბარებში გამოვდიოდით. სრულად რომ ამოვწურე ჩემი რესურსი, აღარ მაინტერესებდა ასეთი ცხოვრება და მხოლოდ თავის გატანაზე ფიქრი, გამიჩნდა სურვილი, განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში წამოვსულიყავი, სადაც შოუბიზნესი უმაღლეს დონეზეა, რათა ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა.

– ამერიკაში დამკვიდრება და ფეხის მოკიდება საკმაოდ რთულია. ბევრისთვის „ამერიკული ოცნების“ ასრულება ოცნებადვე რჩება. . .

– ნებისმიერ ქვეყანაში როცა ჩადიხარ, ფეხის მოკიდება და დამოუკიდებლად თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ ადაპტაციის გავლა გიწევს და ერთგვარი კულტურული შოკი გაქვს. ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც წარმოგედგინა და მიჩვეული ხარ. აცნობიერებ, რომ უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში აღმოჩნდი, მშობლები, ახლობლები და მეგობრები შორს გყავს, დახმარებისთვის ვერავისთან მიხვალ და მარტოს გიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. მერწმუნეთ, ძალიან რთული გადასალახია ეს ყველაფერი. „ამერიკულ ოცნებას“ რაც შეეხება, გააჩნია, ვისთვის რა არის ეს ოცნება. ბევრისთვის მილიონების შოვნა, ლამაზი სახლის შეძენა და კარგი მეუღლეა. პირადად ჩემთვის, ოცნება ამერიკული არასოდეს ყოფილა. მე მაქვს ზოგადად ოცნება და მიზანი, მივაღწიო წარმატებას იმ საქმით, რისი კეთებაც ძალიან მიყვარს და მავსებს, რასაც რიგი მიზეზების გამო, ჩემს ქვეყანაში ვერ განვახორციელებდი. არ ვამბობ, რომ ძალიან წარმატებული ვარ და ყველაფერს მივაღწიე. ამ მიზნის მისაღწევად დღემდე დაუღალავად ვშრომობ და ვვითარდები, რაც მაბედნიერებს და დიდ სტიმულს მაძლევს. თუ გინდა კარგი მუსიკოსი იყო და ამ საქმეს ემსახურო, მაგრამ მთელი გული და სული არ შეგიძლია ჩადო მასში, მაშინ არ უნდა შეეჭიდო. უნდა გიყვარდეს და გინდოდეს ეს საქმე, მე ასე მესმის.

– უცხო გარემოს ხშირად თან ახლავს სტრესული სიტუაციები. შემოქმედებითი კრიზისის მიზეზი ხომ არ გამხდარა ეს?

– ყველა ხელოვანს – მხატვარს, მწერალს, მუსიკოსს… აქვს ასეთი პერიოდი და გამონაკლისი არც მე ვყოფილარ. ხარ მუდმივ ძიებაში, რა გააკეთო და როგორ წარმართო შენი შემოქმედებითი ცხოვრება. ფიქრობ, როგორ მსმენელზე გათვალო შენი სიმღერა თუ მუსიკა. სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ გადაგიწყვეტია – აკეთო ის, რაც მოგწონს თუ ის, რაც არის ამ მომენტისთვის საჭირო და ცდილობ, მოძებნო ბალანსი. ერთიცაა, მსმენელი ხვდება, როდის არ ხარ გულახდილი და შენი შემოქმედებაც ზედაპირულია. აქედან გამომდინარე, უნდა შექმნა ისეთი მუსიკა, რაც თავად მოგწონს. მე, ბევრი სირთულის მიუხედავად, სულ უფრო ახლოს ვარ ჩემს მიზანთან და ამით ბედნიერი ვარ, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს. მიხარია, რომ შემოსავალს იმ საქმიდან ვიღებ, რაც მიყვარს, ვარ უზრუნველყოფილი და სხვა რამის კეთება არ მიწევს, რაც მიზანთან კიდევ უფრო მაახლოებს.

– დამწყებ მუსიკოსებს რას ურჩევ?

– უპირველესად, ვურჩევ იყვნენ დისციპლინირებულები, იმუშაონ საკუთარ თავზე. სრულყოფილების მისაღწევად უდიდესი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. მე და ჩემი მეგობრები, ვინც ამ საქმეს ვემსახურებით, დღემდე ძალიან დიდ დროს ვატარებთ ინსტრუმენტთან. მსმენელი ხედავს მარტო ამ შრომის შედეგს, როცა ვართ სცენაზე და ვუზიარებთ მათ. ხშირად თავზეც გვათენდება ამ შრომაში, ვზივართ სტუდიაში ინსტრუმენტებთან, ვქმნით და სრულყოფილებამდე მიგვყავს თითოეული სიმღერა თუ მუსიკა. ყველაზე დიდი ძალიხმევა სწორედ აქ იდება და დისციპლინისა და ნებისყოფის გარეშე ამას ვერ მიაღწევ. შეიძლება დაიღალო, აღარ მოგინდეს საქმეს გაგრძელება, მაგრამ უარი არ უნდა თქვა ამ მიზანზე და დაძლიო პრობლემები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში გიშლის ხელს. დღემდე ძალიან ბევრს ვმეცადინეობ გიტარაზე და ვისთან ერთადაც ვუკრავ, ვთვლი, რომ ყველა ჩემზე ძლიერია. ამერიკაში 9 წელია ამ საქმე ვაკეთებ და სრულყოფილებამდე კიდევ ბევრი მიკლია. ხომ წარმოგიდგენიათ, რომ ვიზარმაცო, რა შედეგი მექნება? მათ ვურჩევ, ჰკითხონ თავს, მართლა უნდათ ამ საქმის კეთება თუ პოპულარობისთვის და გოგოებზე შთაბეჭდილების მოსახდენად აირჩიეს მუსიკა. ამაშიც არაფერია ცუდი, უბრალოდ, ამ საქმეში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და განვითარდე. წერეთ საკუთარი მუსიკა, რომ მერე მთელი ცხოვრება სხვისი დაწერილის სიმღერა და დაკვრა არ მოგიწიოთ. თუ მაინც სხვის სიმღერას იმღერებ ან დაუკრავ, შემსრულებელი უნდა იყო ძლიერი.

– წარმატების მისაღწევად მათაც ქვეყნიდან წასვლა თუ გადაწყვიტეს?

– ჩემს შემთხვევაში, თანამედროვე ხელოვნების კონსერვატორიაში ჩაბარების შემდეგ, სწავლა ამ სასწავლებელმა დამიფინანსა. ნებისმიერ სტუდენტურ ვიზაზე სწავლის დასრულების შემდეგ გეძლევა ერთწლიანი მუშაობის უფლება. მე ეს ერთი წელი ჩემი პროექტების განსახორციელებლად მაქსიმალურად გამოვიყენე და შევიტანე განაცხადი განსაკუთრებული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების ვიზაზე, რაც დამიმტკიცეს კიდეც და გავაგრძელე ჩემი საქმიანობა. ეს ყველაფერი უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგი იყო, რითაც ძალიან ვამაყობ. ამას მოჰყვა უფრო მეტი პროექტი, დღემდე აქტიურად ვქმნი მუსიკას და ვაკეთებ საყვარელ საქმეს.

– როგორია შენი ერთი დღე?

– რა თქმა უნდა, დღე იწყება ფინჯანი ყავით. შემდეგ მივდივარ კონსერვატორიაში და ვკითხულობ ლექციას. საღამოს ან სტუდიაში ვარ, ან ბენდთან ერთად რომელიმე ქალაქში კონცერტებს ვმართავ. მართალია, კონცერტები ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში ერთი აუცილებლად გვაქვს. მყავს მოსწავლეები, ვისაც ვასწავლი მუსიკას. პარალელურად, ვწერ სიმღერებს, ვქმნი მუსიკას და ყოველდღიურ რეჟიმში ვრეპეტიციობ. ამის გარეშე, როგორც გითხარით, სრულყოფილებას ვერ მიაღწევ.

– ამჟამად რა პროექტებში ხართ ჩართული?

– ლექციების პარალელურად, ძირითადად, დაკავებული ვარ მუსიკით. მაქვს რამდენიმე მუსიკალური პროექტი, ვუკრავ ბენდში “Fair Avenue”, რომლის წევრებიც უცხოელები არიან. ხშირად გამოვდივართ საღამოებზე და არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. ლოს-ანჯელესთან ძალიან ბევრი პატარა ქალაქია, სადაც ხშირად ეწყობა მუსიკალური დღესასწაულები, კონცერტები და კორპორატიული საღამოები. უკეთ რომ აგიხსნათ, ბათუმის სიდიდის ქალაქებია და ხშირად გვეძლევა ჩვენი შემოქმედების გამომზეურების შესაძლებლობა. პარალელურად, ვწერ სიმღერებს, ერთ-ერთი ჩემი სოლოსიმღერა რამდენიმე კვირაა, რაც გამოვიდა. 7 წლის წინ, ბენდთან ერთად ჩავწერე ჩემი სიმღერების სრული ალბომი. აქედან მოყოლებული, დღემდე პერიოდულად ვქმნი საავტორო ჩანაწერებს. ამ ეტაპზე ვემზადები კიდევ ერთი, ამჯერად, სოლოალბომის გამოსაშვებად, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა. მაქვს ჩემი ჩამწერი სტუდია და ყველაფერზე თავად ვზრუნავ. პარალელურად, მაქვს ბევრი შემოთავაზება. ახლა, ერთ-ერთი პოპულარული ვიდეოთამაშისთვის ჩემი შესრულებით ჩავწერ სიმღერას. ამ ეტაპზე, თანამედროვე მუსიკის კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტისთვის ვწერ პროგრამას. ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი საქმე, რაზეც ვმუშაობ. კონსერვატორიაში მიმდინარეობს ფაკულტეტის პროგრამის განახლება, რომელსაც ვხელმძღვანელობ და პირადად ვკურირებ. პროცესი ზაფხულში უნდა დასრულდეს, დაიბეჭდება წიგნი, რომლითაც იხელმძღვანელებენ სტუდენტები. ესეც ერთგვარი გამარჯვებაა, რითაც ძალიან ვამაყობ. ყველას ვურჩევ, არასდროს თქვან უარი თავიანთ ოცნებებზე და ყველაფერი გააკეთონ მიზნის მისაღწევად, რასაც უდიდესი შრომა და ნებისყოფა სჭირდება.

 

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *