
„მუსიკა ადამიანებს მართლაც აერთიანებს“
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამორჩეული საღამო გაიმართა – ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის კონცერტი „The Beatles“, რომელმაც მსმენელი ლეგენდარული ჯგუფის დაუვიწყარი ჰიტების განსხვავებული შესრულებით გააოცა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდა მუსიკოსებმა „ბითლზის“ პოპისა და როკ-ენ-როლის უკვდავი ჰიტები სრულიად ახალი ინტერპრეტაციებით გააცოცხლეს. მათი შემოქმედებითი მიდგომა, თავდაჯერებული შესრულება და ორიგინალური ხედვა მაყურებლის დიდი მოწონებისა და ხანგრძლივი ოვაციების მიზეზი გახდა. ეს საღამო ახალგაზრდების გზავნილი, მათი ინდივიდუალური ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების დემონსტრირება იყო.
– დიდ სიხარულს იწვევს, რომ ამდენი შრომა და გარჯა ერთ განსაკუთრებულ საღამოში იკრებს ძალას. ეს საღამო ნამდვილად ამის დასტური იყო. ჩვენთვის ეს პირველი გამოცდილებაა რადგან წლების განმავლობაში სრულიად განსხვავებულ ჟანრს და სტილს ვემსახურებოდით: მიუზიკლებს, როკ-ოპერებს და ა.შ. ახლა კი სრულიად ახალი გზით ვცადეთ გულების მონადირება. თითოეული ჩვენგანი სრულად დაიხარჯა ამ გზაზე ფიზიკურად, ემოციურად და შემოქმედებითად. მაგრამ თითოეული ნაბიჯი ღირდა, რადგან საბოლოოდ, თქვენგან წამოსული სიხარული, კმაყოფილება და მადლიერება ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩვენი თეატრის წევრებს უდიდესი ძალა აერთიანებს და ამ ძალის მთავარი წყარო ჩვენი ქორმაისტერი მანანა ჩაუშბაა. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად დგას მტკიცედ, სიდიადით და იმ დაუღალავი სწრაფვით სრულყოფისკენ, რაც დღემდე გვზრდის და გვაძლიერებს. მისი მეგობრული, ასევე, მკაცრი, მაგრამ უსაზღვროდ მოტივირებული ხელმძღვანელობით, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის უფლება და სწორედ ამიტომ შეგვიძლია, ასე თამამად და გულწრფელად გითხრათ: ყველაფერს ვაკეთებთ თქვენთვის. გპირდებით, არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს. მალე სიახლეებით შევხვდებით, – გვითხრა დასის ერთ-ერთმა წევრმა მარიამ კახიძემ.
დღეს შესაძლებლობა გვაქვს, ერთ-ერთი ახალგაზრდა შემსრულებლის, ნინო კახიძისგანაც უფრო დეტალურად გავიგოთ, როგორ ემზადებოდნენ კონცერტისთვის, რას ნიშნავს მათთვის `ბითლზი~ და როგორ გაჩნდა ამ ჰიტების ახალი ხედვა.
– ნინო, რატომ აირჩიეთ „ბითლზის“ ჰიტები?
– მოგეხსენებათ, ეს ჯგუფი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ჯგუფია. მას 20-ზე მეტი ჰიტი აქვს, რომელთა დიდი ნაწილი პირველ ადგილზე იყო ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. მათი მუსიკა დღემდე აქტუალურია და თაობებს აერთიანებს. ამ კონცერტით გვინდოდა გვეთქვა, რომ კლასიკური პოპ და როკ მუსიკა კვლავ ცოცხალია – ახალი თაობის ინტერპრეტაციით, თეატრალური განწყობით და თანამედროვე ხედვით. ეს პროექტი ჩვენი სიყვარულის გამოხატულებაა მუსიკისა და სცენური ხელოვნებისადმი.
– როგორ წარიმართა მათ განსხვავებულ ვერსიებზე მუშაობის პროცესი და ჯამში რამდენ ხანს გაგრძელდა რეპეტიციები?
– რეპერტუარზე 2025 წლის იანვრიდან ვმუშაობდით. თავიდან ორიგინალურ ჩანაწერებს ვუსმენდით, ძირითადად – ჰიტებს. შემდეგ ინდივიდუალურად და ჯგუფურად ვცადეთ თითო სიმღერის გადმოიტანა ჩვენს სტილში. ზოგ სიმღერებში ტემპი შევცვალეთ, ზოგში – ჟანრი. მიზანი არ იყო „ბითლზის~ კოპირება, არამედ იმ გრძნობის გადმოცემა, რაც ჩვენში მათმა მუსიკამ გამოიწვია. მინდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო იყო.
– „ბითლზის“ რომელი სიმღერის შესრულება იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო ან ემოციური?
– თითოეულ სიმღერაზე მუშაობა ემოციური იყო. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევთ, რადგან თითოეულში მაქსიმალური გრძნობა ჩავდეთ.
– როგორ მიიღო აუდიტორიამ თქვენი შესრულება, რა ემოციები დაგრჩათ?
– სცენაზე აშკარად ვგრძნობდით მაყურებლის სითბოსა და ენერგიას. ისინი `ბითლზის~ სიყვარულით მოდიოდნენ, თუმცა ჩვენი ვერსიებიც გულწრფელად მიიღეს და ძალიან კარგი შეფასებებიც დავიმსახურეთ.
– რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ კონცერტიდან?
– ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო, როცა ბოლო სიმღერაში – „Hey Jude“ აუდიტორიაც ჩაერთო და ყველა ერთად ვმღეროდით. სცენამ თითქოს მთელი დარბაზი ერთ ხმაში გააერთიანა. სწორედ იმ წამს ვიგრძენით ყველამ, რომ მუსიკა მართლაც აერთიანებს ადამიანებს.
– რა გეგმები გაქვთ მომავალში – იგეგმება თუ არა ახალი პროექტები ან კონცერტები?
– 9 ივლისს დაგეგმილი გვაქვს მუსიკალური სპექტაკლი `დაკარგული გზების სიზმარი~, საშემოდგომოდ კი ვემზადებით ახალი ოპერისთვის – `მე-12 ღამე~, უილიამ შექსპირის მიხედვით, რომლის კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი გახლავთ, ცოტა მოგვიანებით კი მაყურებელს ქართული მუსიკის საღამოს შევთავაზებთ.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა

