მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აჭარის კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ექსპოზიციაზე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თექაზე ნამუშევრები და ხელნაკეთი აქსესუარები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების ნახატები – პეიზაჟები, ნატურმორტები, პორტრეტები, მინანქრით შექმნილი კომპოზიციები.

გამოფენა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მოადგილეებთან, ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორთან კოტე მჟავიასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა ახალ თაობას მხარდაჭერა აღუთქვა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აჭარის კულტურის სამინისტრო, სახელოვნებო სკოლების პროგრამებში ჩართული მოსწავლეების ნიჭის, ასევე, პროფესიული უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, მსგავს ღონისძიებებს კვლავ გამართავს.
