19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
„მოსახლეობის სიმცირისა და მცირემიწიანობის მიუხედავად, არ გაგვიჭირდება ქვეყნის საკუთარი პროდუქტით უზრუნველყოფა“
By

„მოსახლეობის სიმცირისა და მცირემიწიანობის მიუხედავად, არ გაგვიჭირდება ქვეყნის საკუთარი პროდუქტით უზრუნველყოფა“

ცეცილი ირემაძე 27 48 93 –

მიმდინარე წელი კაცობრიობის მეხსიერებაში უხილავ მტერთან ბრძოლის ქრონიკად რომ დარჩება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ყველა შეთანხმდა, რომ kovid-19-ის პანდემიამ სამყარო შეცვალა და როგორც ამბობენ, ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო. . . სიცოცხლის გადარჩენის უზენაესმა მიზანმა სხვა ყველაფერი მძევლად აიყვანა.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია. სახელმწიფოების მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის და პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულმა ზომებმა, მათ შორის, საზღვრების ჩაკეტვამ, ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და სოციალური დისტანცირების მოტივით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკას. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გათვლებით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკა მკვეთრად დაეცემა, სულ ცოტა -3%-ით მაინც, რაც 2008-2009 წლების გლობალურ კრიზისზე უფრო ცუდი მაჩვენებელია. რაც შეეხება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას, ნავარაუდებია, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად – 4.0%-ით დაეცემა, ხოლო ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი (საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებული ფულადი მიმოცვლის შეფარდება) კი თითქმის გაორმაგდება და -10,5%-ს მიუახლოვდება.

ეკონომიკის მკვლევარ თამუნა ქებურიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალი მოწყვლადობა სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასთან, სადაც დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მოდის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის პირობებში. ესენია საბითუმო და საცალო ვაჭრობა (13.9 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 %), მშენებლობის სექტორი (8.3%) და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები (6.1%). ამასთან, ტურისტული სექტორის გაჩერებამ, რომელიც წლებია ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად მოიაზრება, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც შრომით ბაზარს, ასევე ლარის კურსის სტაბილურობას. ტურიზმიდან შემოსული ფინანსური კაპიტალი, უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ლარის კურსის გამყარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდა. კიდევ ერთი გარემოება, რამაც კორონავირუსის პირობებში მაღალი ეკონომიკური დესტაბილიზაცია განაპირობა, დაკავშირებულია შრომის ბაზრის სტრუქტურასთან, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულთა რაოდენობას უტოლდება, ხოლო თავად დაქირავებით დასაქმებულთა შორის მაღალია ე.წ. პრეკარიალურ და არასტაბილურ სამსახურებში დასაქმებულთა წილი, როგორიცაა მომსახურების სფერო, ატიპიური დასაქმებები, სეზონური დასაქმება თუ სხვა. ამ პირობებში კი გასაკვირი არ არის, რომ უმუშევრობის რადიკალური ზრდაა ნავარაუდევი, სადაც დაქირავებით დასაქმებულ მშრომელთა საერთო რაოდენობის 30% სამსახურის დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, ხოლო თვითდასაქმებულთა 83,5%-ს მოუწევს შემოსავლების ვარდნასთან და შემცირებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან გამკლავება.

როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. სახელმწიფოების უმრავლესობა მომავალ წელს ეკონომიკური რეცესიის ვითარებაში ხვდება. გამონაკლისი არც საქართველოა. ლოგიკური იქნება, 2020 წლის საფინანსო-ეკონომიკური შედეგები გლობალური გამოწვევის კონტექსტში მიმოვიხილოთ.

მიმდინარე წლის დეკემბრის თვისა და მეოთხე კვარტლის მონაცემები მომავალი წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა პირველი სამი კვარტლისა და ნოემბრის თვის დაზუსტებული შედეგები საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყნის საფინანსო და ეკონომიკურ სისტემაში არსებულ ზოგად ტენდენციებზე ვიმსჯელოთ.

COVID-19-ით ინფიცირებული ეკონომიკა ციფრებში ასე გამოიყურება: საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში 14 პროცენტით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა; თითქმის 24 პროცენტით შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; ასევე მკვეთრად შემცირებული საგარეო სავაჭრო ბრუნვა − ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.6 პროცენტით; ფაქტობრივად, განულებული შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, შედეგად კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან 6%-მდე ვარდნა. . .

ფულადი გზავნილები ის ერთადერთი პარამეტრია, რომელსაც კოვიდ-ეკონომიკის უარყოფითმა ეფექტმა ვერაფერი დააკლო. მეტიც, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდას სტიმული მისცა.

ექსპერტების განმარტებით, ბოლო დროს, საქართველოში, იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და აქ ოჯახის წევრებს უფრო მეტ თანხას უგზავნიან, რადგან მათი დახმარება გაცილებით ბევრ ადამიანს დასჭირდა. ყველა შემთხვევაში, ქვეყნის საშუალო ფენას, ძირითადად, ის ადამიანები ქმნიან, ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს საზღვარგარეთ, ანუ ვინც დოლარის ან ევროს გზავნილს იღებს. სხვებს, თუნდაც მუშაობდნენ, ხელფასი არ აძლევს დიდ გასაქანს და საკმაოდ შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ახლა ვლაპარაკობ იმათზე, ვინც მუშაობს, თორემ უმუშევრებსა და კოვიდის გამო უადგილოდ დარჩენილებზე აღარაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან როგორ გააქვთ თავი ამ ადამიანებს, პირადად ჩემთვის, დღემდე გამოცანად რჩება.

თუ რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნის კუთხით და რაშია გამოსავალი შეზღუდვების გამო შეჭირვებული ბიზნესისთვის, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ბათუმის შოთა რუსთაველის უნვერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი დავით ქათამაძე.

– ბატონო დავით, რას გვეტყვით უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ?

-„საქსტატისა“ თუ ეროვნული ბანკის მონაცემებით დასტურდება, რომ მიმდინარე წელს, უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა. თავად განსაჯეთ, 11 თვის განმავლობაში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სულ 1,686 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 125 მილიონი დოლარით, ანუ 8 პროცენტით აღემატება. როგორია ეს მაჩვენებელი? ამ კითხვაზე საპასუხოდ გასული წლების დინამიკას გადავხედოთ. მანამდე კი გეტყვით, რომ მიმდინარე წელს ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა სექტემბერში შემოვიდა – 192,7 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს 2019 წლის მაჩვენებელზე 28,7 პროცენტით მეტია.

2001-2020 წლებში საქართველოში სულ 19,7 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, საზღვარგარეთ კი 7,8-ჯერ ნაკლები, 2,5 მილიარდი დოლარი გადაირიცხა. ფულადი გზავნილების მოცულობის კლება პირველად 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირდა. ამ დროს მსოფლიო ეკონომიკა 1.5 პროცენტით შემცირდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ რეცესიის მასშტაბი გაცილებით დიდი იყო სწორედ იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ფულადი ნაკადები შემოდიოდა. იმ პერიოდში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 53,5 პროცენტს რუსეთის წილი შეადგენდა.

ფულადი ნაკადების მოცულობამ მცირედით, სულ 2,5 პროცენტით დაიკლო 2014 წელს, თუმცა უკვე ერთი წლის შემდეგ, რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა – საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 25 პროცენტით შემცირდა. შეგახსენებთ, 2015 წელს დაიწყო ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა მაშინ ლარი სულ ერთ წელიწადში 52 პუნქტით გაუფასურდა და 2004 წლის შემდეგ პირველად გადასცდა ნიშნულს − 2,40 ლარი ერთ ამერიკულ დოლარში.

– მრავალი წელია იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ფულადი ნაკადი მოედინება, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს.

– დიახ, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების ყულაბაში რუსეთის წილი წლიდან წლამდე მცირდება. 2014 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 49 პროცენტს აჭარბებდა, 2015 წელს ის 41 პროცენტამდე შემცირდა. ჩრდილოელი მეზობელი ლიდერის პოზიციას 2020 წლის არსებული მონაცემებითაც ინარჩუნებს, მაგრამ მისი წილი ახლა ჯერჯერობით 19.2 პროცენტია. ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, რომ ფულად გზავნილებში იზრდება ევროკავშირის ქვეყნების წილი. მატება ორნიშნა ციფრია. ნოემბრის მონაცემებით, საბერძნეთიდან 15-პროცენტიანი, იტალიიდან 28-პროცენტიანი, ბრიტანეთიდან 39-პროცენტიანი, ხოლო გერმანიიდან 65-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. ეს მაშინ, როდესაც თავად ევროპაშიც კრიზისია და ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკა 9-11 პროცენტის ფარგლებში მცირდება.

– საინტერესოა, რამ განაპირობა ფულადი გზავნილების მოცულობის მკვეთრი ზრდა?

– ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მთავარ მიზეზად საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს. თუმცა არის სხვა მოსაზრებებიც. კერძოდ, ექსპერტები მიანიშნებენ, რომ მიმდინარე წელს სტატისტიკამ ასახა ფულადი გზავნილების ის მოცულობაც, რაც წინა წლებში სტატისტიკის მიღმა რჩებოდა.

– რა აზრის ხართ სრულ ლოქდაუნზე?

– როგორც პრემიერმა გამოაცხადა, სრული ლოქდაუნი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკაც გადარჩება სრულ კრახს. არ აიკრძალება კერძო ტრანსპორტით და ფეხით გადაადგილება, რაც უზრუნველყოფს სურსათის მაღაზიების, აფთიაქების თუ ნებადართული საწარმოების ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა შეძლებს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებული საწარმოო და სარეალიზაციო პროცესების მართვას.

– ბევრს უჭირს ფეხით მისვლა სამუშაომდე, არც იმდენი ხელფასი ეძლევათ, რომ ტაქსებით იარონ. . .

– საავადმყოფოების თუ მსხვილი სავაჭრო ობიექტების პერსონალს ტრანსპორტი ესახურება, რაც უზრუნველყოფს სამსახურებში მათ დროულ გამოცხადებას. ბათუმი პატარა ქალაქია და ბევრი ფეხითაც კი მიდის სამსახურამდე. თანაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რის გამო დაწესდა ეს შეზღუდვები – ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის გადასარჩენად.

– ზოგადად, რა გავლენა იქონია მსოფლიო პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე?

– ძალიან ნეგატიური. ეს გავლენა მთელ მსოფლიოშია და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ხელისუფლებამ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, ამაზე მეტს ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა. ამ ეტაპზე საგარეო ვალის აღების რესურსიც შემცირებულია კოვიდის გამანადგურებელი ეფექტის შესამცირებლად. რამდენად გაწვდება ჩვენი შიგა პროდუქტი არსებულ გამოწვევებს, რთული სათქმელია. ერთადერთ იმედად გვრჩება, რომ კოვიდპანდემია მილევად რეჟიმშია. უკვე დაიწყეს აცრების გაკეთება და მალე ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო მასებისთვის. მთავარია,  ვირუსის ახალი შტამი არ შემოვიდეს და შევძლოთ თავის და ქვეყნის გადარჩენა. ამ კუთხით, ერთადერთი გამოსავალია ჯანმოს რეკომენდაციების სრული დაცვა და ის შეზღუდვები, რომელსაც მთავრობა აწესებს ეკონომიკის გართულებული მდგომარეობის მიუხედავად.

– თუკი ყველაფერი დალაგდა, რამდენი ხანი დასჭირდება ქვეყნის ეკონომიკის სრულ რეანიმაციას?

– თუკი ახალი შტამი არ შემოვა და მოსახლეობა სრულად განიკურნება ამ ვირუსისგან, ეკონომიკის სრული რეანიმირებისთვის 2-3 წელიწადი მაინც დაგვჭირდება, თუმცა ნორმალურ ტემპს უკვე ერთ წელიწადში, ანუ 2022 წლისთვის აღადგენს. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაზეა დამოკიდებული, რაც გულისხმობს, რომ წელში გავიმართებით მას შემდეგ, რაც წამყვანი ქვეყნები მოიბრუნებენ სულს და შეძლებენ ექსპორტის სრულად აღდგენას. ამ ეტაპზე, მხოლოდ შიდა პროდუქტით თავს ვერ გავიტანთ, ანუ ჩვენი ეკონომიკა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აღდგება დანარჩენი მსოფლიო, რადგან ჩვენ იქიდან ვსაზრდოობთ ნედლეულით, ნახევარფაბრიკატებით თუ პროდუქტებით.

– ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ ამ ეტაპზე ვერ ვიქნებით უზრუნველყოფილი შიდა პროდუქციით. ტურიზმის ნაცვლად რომ განვითარებულიყო სოფლის მეურნეობა, უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით თუნდაც მსოფლიო პანდემიის პერიოდში?

-ზოგადად ტურიზმი, მაღალ მულტიპლიკაციურ ეფექტს აძლევს ეკონომიკას, მაგრამ მასზე ქვეყნის ფუნდამენტურად დამოკიდებულება, არ არის გამართლებული. ტურიზმი მგრძნობიარეა რისკების მიმართ და ამიტომ ვერ არის ელასტიკური. ნებისმიერი ვითარება დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს მასზე. მაგალითად, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, ან მცირე კონფლიქტიც კი, აღარაფერს ვამბობ ომსა თუ სტიქიურ უბედურებებზე, მომენტალურად აქრობს ტურისტებს ქვეყნიდან. ამიტომ, ტურიზმზე რომ იყოს დანარჩენი დარგებიც დაშენებული, ისინიც ჩაკვდება. აქედან გამომდინარე, მდგრადი ეკონომიკის ხერხემლად უნდა გამოვიყენოთ მდგრადი დარგები, ხოლო ტურიზმი – ზედნაშენად. სხვა მხრივ, მთელ ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ.

– ჩვენი სოფლის მეურნეობა რამდენად შეძლებს მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაკმაყოფილებას?

-ამ ეტაპზე, ქვეყნის აგრარული მიწების 70-80% დაუმუშავებელია, გლეხმა მიატოვა შრომა, თორემ წინა საუკუნის 80-იან წლებამდე ჩვენ ვქმნიდით იმდენ პროდქუტს, რომ თითქმის თვითდაფინანსებაზე ვიყავით. ასე რომ, თუკი სათანადოდ მივხედავთ ამ სფეროს, მცირე მოსახლეობის და მცირემიწიანობის მიუხედავად, არ გაგვიჭირდება ქვეყნის საკუთარი პროდუქტით უზრუნველყოფა. ის კი არა, იმპორტზე გასატანად შეგვიძლია კონსერვების დამზადება. ეს საკმაოდ მომგებიანი სფეროა, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც განსაკუთრებით დაფასდა სურსათის წარმოება. ფერმერული მეურნეობებია განსავითარებელი, რაც უნდა ითავოს სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებმა. მეფრინველეობა, მეთევზეობა თუ ხორცპროდუქტების წარმოება რომ კონკურენტუნარიანი გახდეს, საკმაოდ დიდი თანხებია ჩასადები, მაგრამ სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთდერთ გამართლებულ გზად სწორედ ეს მიმაჩნია. თანაც ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვაწარმოოთ, რასაც გაცილებით მეტი მოთხოვნაც აქვს და ძვირიც ღირს. მთავარია, ამ მიმართულებით სწორი დაგეგმვა და გათვლები, რასაც სახელმწიფო სტრუქტურები უზრუნველყოფენ.

– ჯერ კიდევ ზაფხულში საუბარი იყო ჩინეთიდან მსხვილი საწარმოების ევროპაში გადმოტანაზე, რომელთა ნაწილის საქართველოში ჩატოვებაც იგეგმებოდა. ახლა რა სიტუაციაა ამ მიმართულებით?

– ეს საუბრები დაიწყო 2020 წლის თებერვალში, როდესაც ჩინეთში მძვინვარებდა ახალი კორონავირუსი. მაშინ აცხადებდნენ წამყვანი ბრენდები, რომ გამოიტანდნენ თავიანთ საწარმოებს პანდემიის ეპიცენტრიდან. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იყო ამ გეგმის განხორციელება, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, საქართველო ამ სარბიელზე იმდენად მცირე მოთამაშეა, რომ ჩინეთიდან წამოღებულ საწარმოთა მინიმალური ნაწილის აქ ჩატოვებაც კი გაჭირდებოდა. პრიციპში, ის ნაწილიც წინ წაწევდა ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ სცენარი სულ სხვა კუთხით განვითარდა. ჩინეთმა სხვებზე სწრაფად, ხელის ერთი მოსმით დასწია პანდემიის მაჩვენებელი, მაშინ როდესაც, საქართველომ ვერ შეძლო შეენარჩუნებინა მწვანე ზონის სტატუსი და პროცენტულად გადაასწრო კიდეც სხვა ქვეყნებს. დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ჩინელები უკეთ ორგანიზებულები აღმოჩნდნენ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახლა ისეა საქმე დაყენებული, იქიდან აქეთ წამოიღონ კი არა, პირიქით, დანარჩენი საწარმოებიც იქით არ დაუმატონ, რადგან როდის დამშვიდდება ევროპა თუ ამერიკა, ამ გადასახედიდან რთული სათქმელია.

  • No Comments
  • დეკემბერი 30, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *