
მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
გალა კონცერტით დასრულდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის „ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა VIII რეგიონული კონკურსი“, რომლის გამარჯვებულებიც აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ დააჯილდოვა.
კონკურსის მთავარი ჯილდო „გრან პრი“, რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ანდრია კაპანაძემ (ფორტეპიანო) და ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ვადაჭკორიამ (ფლეიტა) მოიპოვეს.
მინისტრმა გამარჯვებულებს მიულოცა, კონკურსში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა. აღნიშნა, რომ სამინისტრო მხარს დაუჭერს ყველა ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას, განვითარებასა და პროფესიულ ზრდას.
კონკურსში, რომელიც 8 ივნისს დაიწყო და 18 ივნისს გალა კონცერტით დასრულდა, სახელოვნებო სკოლის საფორტეპიანო და ვოკალური განყოფილებიდან, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსის ფარგლებში გაიმართა საფესტივალო ტურებიც.