
მთავრობის სხდომა – განახლებული შემადგენლობით
აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დენის სალუქვაძე დაინიშნა, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – ედნარ ნატარიძე. სულხან თამაზაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა, ჯაბა ფუტკარაძეს და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე. ბათუმი საზღვაო ტურისტულ სეზონს, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა, სიახლეებით ხვდება. დაპირებისამებრ, სეზონის დაწყებამდე, დასრულდა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ფაზა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ქობულეთში სეზონის ოფიციალურ გახსნამდე დასრულდება ფიჭვნარის ბულვარის მოწყობის პირველი ეტაპი. ასევე, ქობულეთში დასკვნით ეტაპზეა ე.წ. ეკო სანაპიროს რეაბილიტაციის პროექტი.
ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის მუნიციპალიტეტში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი აშენდა, რომლის ფუნქციონირებაზე საერთაშორისო იტალიური კომპანია იქნება პასუხისმგებელი. კომპანიის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან.
დაბა ხულოში დაიწყო სპორტული სკოლის და სტადიონის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია. ქვემო ვაშლოვანში დასრულდა ახალი სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობა.
აქტიურად ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალმთიან აჭარაში, დასკვნით ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია.
რეგიონში მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ბათუმის №1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ახალი შენობა შენდება. ასევე, ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გალერეა

