
მთავარი პრობლემა – წყალმომარაგება
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
მესხეთის, აჭარა-შავშეთის, აჭარა-გურიის ქედების მწვერვალები პირველმა თოვლმა უკვე დაფარა, თუმცა ფერმერთა ერთი ნაწილი ალპურ საძოვრებზე პირუტყვს აბალახებს, კარტოფილის, ბოსტნეულის მოსავალს იღებს. ზოტიყელის, მერიაყელის, თაგინურის, ჩირუხის, ჯანჯღნარის მთებში არიან ფერმერები, რომლებიც 5-6 ტონა კარტოფილის მოსავალს მიიღებენ. სექტემბრის უხვნალექიანმა ამინდებმა მოსავლის აღების დრო გაახანგრძლივა.
არამდგრადი, უხვნალექიანი ამინდების ფონზე სამუშაოები მოძალებული აქვს სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ადმინისტრაციას. გასულ სეზონზე პანდემიამ კურორტის ნორმალურ მუშაობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. აქ არსებული სასტუმროების, სხვა კომერციული ობიექტების ხელმძღვანელები უკვე თადარიგს იჭერენ ზამთრის სეზონის ნორმალურად წარმართვისთვის. ხულო-გოდერძი-ზარზმის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები წინაპირობაა საიმისოდ, რომ ზამთარში აქ ყველა მარკის ტრანსპორტმა დაუბრკოლებლად იმოძრაოს.
სასტუმროების, კომერციული ობიექტების სიმრავლემ წყალმომარაგებაში გარკვეული პრობლემები შექმნა. მათ მოსაგვარებლად სამუშაოები დაწყებულია. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, დაზამთრებამდე პროექტით გათვალისწინებულ საქმეებს მორჩებიან.