მერი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას შეუდგა
By

მერი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას შეუდგა

ვახტანგ ბერიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ სტრუქტურას რეკორდული – ექვსწლიანი პერიოდით უხელმძღვანელა. მისი პროფესიონალიზმი და ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა გახდა საფუძველი იმისა, რომ მმართველმა პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად (ხულოს დელეგატად) წარადგინა. უმაღლეს საბჭოში ერთი წლის განმავლობაში ვახტანგ ბერიძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტს წარმატებით უძღვებოდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, მისი კანდიდატურა კვლავ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე დასახელდა. ხულოელმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და ვახტანგ ბერიძე უკვე ერთი თვეა არჩეული მერია. „აჭარასთან“ ინტერვიუში იგი იმ პროცესებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე საუბრობს, რაც დღეს ხულოს მუნიციპალიტეტშია.

ბატონო ვახტანგ, რა ადგილი უჭირავს თქვენს ბიოგრაფიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მუშაობა?

– უმაღლეს საბჭოში მუშაობა ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც ხულოელთა დელეგატს, შესაძლებლობა მომეცა, უფრო მაღალ დონეზე დამეცვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესები და მეტი გამეკეთებინა მათთვის. ეს გამოცდილება დღესაც მეხმარება, რომ მეტი პასუხისმგებლობით ვემსახურო მშობლიურ ხულოს.

20 წლის ასაკიდან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავეთ, მთაში მცხოვრები ადამიანები მუშაობაში ხელს გიმართავდნენ. მათ გარჯას, ქვეყნისადმი სამსახურს როგორ შეაფასებთ?

– მთაში მცხოვრები ადამიანების შრომა და მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, მუდამ სამაგალითო იყო, თანადგომით და პასუხისმგებლობით გამორჩეული. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩემი დამოკიდებულება ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ. მათი კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა ჩემთვის მუდმივი გზამკვლევი იყო და მავალდებულებდა, მეც კეთილსინდისიერად მემსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის მაღალი ნდობა, რომელიც საარჩევნო შედეგებში აისახა.

მთავარ პრიორიტეტად ხულოში წყალმომარგების და წყალარინების მოწესრიგება მიიჩნიეთ. . .

– დიახ, მთავარ პრიორიტეტად სწორედ წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება განვიხილეთ. კონკრეტულად, ეს მოიცავს ქსელის განახლებას, წყლის ხარისხის მონიტორინგს და მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას. ამასთან, როგორც ცნობილია „აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელსა და დაბა ხულოში მიმდინარეობს. ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 2 271 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელსა და დაბა ხულოს 24-საათიანი, უწყვეტი რეჟიმით წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა ექნება.

კიდევ რა მიიჩნევთ პრიორიტეტად, რომ მოსახლეობის მიგრაცია ნაწილობრივ შეჩერდეს?

– ჩვენი სამოქმედო პროგრამის პრიორიტეტები მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კულტურის სფეროს განვითარებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას. ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დარჩენას და მუნიციპალიტეტში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

გოდერძი და ბეშუმი ხულოს სავიზიტო სამთო კურორტებია. . .

– სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებით და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტიორებზე და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისათვის ოთხივე სეზონზე. ასევე, მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კურორტია „ბეშუმი“. ბეშუმი და გოდერძი ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებია უნიკალური ბუნების, მთიანი ლანდშაფტების, მდინარეებისა და ტყეების გამო, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მათ ეკოტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის. ინტენსიურად მიმდინარეობს სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. ამ დროისთვის კურორტზე 29 მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარს აღემატება. შედეგად, კურორტს 1500 ახალი სამუშაო ადგილი და 1000 განთავსების ადგილი ექნება.

ხელოვნების, სპორტის, განსაკუთრებით, ჭიდაობის დიდი გულშემატკივარი და ქომაგი ხართ. ხულოში ამ კუთხით დიდი ტრადიციებია. რას აპირებთ მიღწეული წარმატებების შესანარჩუნებლად?

– ხულოში სპორტი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, ჩვენ გვყავს ოლიმპიური პრიზიორები, ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რაც ხელს შეუწყობს სპორტსმენებს მიღწეული წარმატებების შენარჩუნებაში და მომავალ თაობას შესაძლებლობას მისცემს, წარმოაჩინოს ჩვენი მუნიციპალიტეტი და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე.

ხულო კიდევ ერთი მიმართულებით გამოირჩევა. ესაა კულტურის უძველე კერა თეატრი. რაა მთავარი, რომ თეატრმა ნორმალურად იმუშაოს და მაყურებელი მოიზიდოს?

– 2021 წელს ხულოს სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თეატრი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ დადგმული სპექტაკლები, გამართული კონცერტები და კულტურული ღონისძიებები მაყურებელს იზიდავს და გვაქვს იმედი, რომ მომავალშიც ასე იქნება. აჭარის კულტურის სამინისტროსთან ერთად, ვიზრუნებთ დასისთვის მუშაობის ნორმალური პირობების შესაქმნელად.

დასრულების ეტაპზეა ხულოზარზმის 47კილომეტრიანი საავტომობილო მაგისტრალის რესტავრაციარეკონსტრუქციის სამუშაოები, რაშიც თქვენი დიდი წვლილიცაა. რა როლი ექნება ამ სასიცოცხლო არტერიას ქვეყნისა და ხულოსთვის?

– ორი რეგიონის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც მთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც და 1.5 საათით შეამცირებს ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს.

ღორჯომის ხეობის მკვიდრი რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ხეობაში საცხენოსნო კომპლექსის მშენებლობას?

– ღორჯომის ხეობას საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. აქ თითქმის ყველა ოჯახში ჰყავთ ცხენი, რომელთა რაოდენობა 150-მდეა. ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან, დაახლოებით, 12 კილომეტრშია. ის უძველესი ტრადიციებითა და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით უძველეს, ადგილობრივი არქიტექტურით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი, ასევე, ჩანჩქერები.

 – დაბოლოს, ბაბუა, წარმატებული შვილების მამა რას გააკეთებთ მთაში ოჯახური სიწმინდეების დასაცავად და ახლად შექმნილი ოჯახები მხარდასაჭერად?

– მთაში ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია. ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, რათა მთაში ცხოვრება მარტივი და კომფორტული გახდეს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *