
მემთეურები – ყურადღების არეალში
კურორტ ბეშუმის შემოგარენში არსებულ იალაღებზე ზაფხულს ხულოელი მეცხოველეები და მათი სტუმრები ატარებენ. ერთ თვეზე მეტია, მემთეურები მთებში არიან. მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე შეხვდნენ, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით. ითქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება მემთეურებისთვის ნორმალური შრომის პირობების შესაქმნელად.
– მემთეურებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მივაწოდეთ ინფორმაცია, რომლებიც ალპურ საძოვრებზე წელს განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბეშუმის მიმდებარე ბოძაურის, საკამბეჩოს, ლოდიძირის, შქრენალის, სარიჩაირის, თეთრობის, დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებში გაგრძელდება ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები. მთაში შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, – გვითხრა ჯამბულატ მელაძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
