მარიამ ქვრივიშვილი „Eagle Hills“-ის ინვესტიციაზე: 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი ეფექტი და წელიწადში 700 მლნ ლარამდე შემოსავალი ბიუჯეტში
By

მარიამ ქვრივიშვილი „Eagle Hills“-ის ინვესტიციაზე: 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი ეფექტი და წელიწადში 700 მლნ ლარამდე შემოსავალი ბიუჯეტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „Eagle Hills-ის“ მასშტაბურ პროექტებზე საუბრისას ყურადღებას სამ ძირითად მიმართულებაზე ამახვილებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოში შემოსული ყოველი ინვესტიცია სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.
„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მუდმივად ვზრუნავთ, რომ შემოსული ინვესტიცია ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელდეს. მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამისთვის კერძო სექტორთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ,“ – აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით, „Eagle Hills“-ის პროექტებს სამი ძირითადი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს:  პირდაპირი კონტრიბუცია ეკონომიკაში: პროექტის საერთო ეკონომიკური გავლენა საანგარიშოდ უკვე დაახლოებით 11 მლრდ ლარია,  სამუშაო ადგილების შექმნა: მშენებლობის ეტაპზე თბილისსა და გონიოში 24 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტების ოპერირებაში შესვლის შემდეგ კი ქვეყანაში 8 000 მუდმივი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი გაჩნდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს და მესამე –  ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა: სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მლნ ლარს მიიღებს გადასახადების სახით. გარდა ამისა, სახელმწიფო პროექტის ერთობლივ საწარმოში 33%-იანი წილის მქონეა, რაც დამატებით სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს. მინისტრის განმარტებით, საწყის ეტაპზე საქართველო „Eagle Hills“-ის პროექტებიდან მიიღებს:
– 30 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, – 11 მლრდ ლარის პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტს, – და საშუალოდ 700 მლნ ლარის ექვივალენტს სახელმწიფო ბიუჯეტში. მისივე თქმით, ხშირია კითხვები – რატომ შეირჩა პროექტებისთვის სწორედ კრწანისისა და გონიოს ტერიტორიები. „სახელმწიფოს ინტერესი იყო, ისეთი ინვესტორი შემოსულიყო, რომელსაც რთული და მასშტაბური პროექტების გამოცდილება აქვს. ამ ორ დიდ ტერიტორიას წლების განმავლობაში განვითარება სჭირდებოდა და საჭიროებდა კოლოსალურ ინვესტიციას. „Eagle Hills“-ს აქვს როგორც ფინანსური უზრუნველყოფა, ისე, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რათა ამ ტერიტორიებს ახალი ეკონომიკური სიცოცხლე მისცეს,“ – აღნიშნა მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკებები ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი იყო, რომელიც საბოლოო შეთანხმებამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიულ ვიზიტზე მივიდა. დელეგაციაში იმყოფებოდა „Eagle Hills“-ის მფლობელი მოჰამედ ალაბარიც, რაც შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურად იქცა. „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე. ეს არის უწყვეტი სამუშაო პროცესი – მოლაპარაკებები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ინვესტორებთან, მიწების პრივატიზება ან მათი სხვა ფორმით გადაცემა სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად: დეველოპმენტიდან და ტურიზმიდან დაწყებული, ენერგეტიკითა და საპორტო ინფრასტრუქტურით დასრულებული,“ – განმარტა მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტიციის მასშტაბიდან გამომდინარე, სახელმწიფოს როლია მოძებნოს შესაბამისი ადგილი და ინვესტორთან შესაბამისი პირობებით აწარმოოს მოლაპარაკებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებზე.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *