19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
მამუკა ხაზარაძე: ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!
By

მამუკა ხაზარაძე: ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ არც ერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ.
ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეს მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლოა და უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
„დღეს 20 ივნისია, ექვსი წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო. ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
მას მერე ბევრი რამ მოხდა – „ოცნებამ“ 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო. გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78 მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა. გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობისა და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები!
დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა – ბიძინას ერთი სული აქვს, როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად დიდი ხანია, ოკუპირებულია!
ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! – რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად!
ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც! დიახ, მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *