
მაკა ბოჭორიშვილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივან ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წელს აღინიშნება საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორგანიზაციასთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ამ მხრივ არსებულ პროგნოზებს. როგორც აღინიშნა,მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს გამოკვეთილ როლზე, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებიდან და საქართველოს გაზრდილი როლიდან შუა დერეფნის განვითარებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მოიწვია.