„ლიტერატურა ტკივილამდე მისული ადამიანის თავშესაფარია“
By

„ლიტერატურა ტკივილამდე მისული ადამიანის თავშესაფარია“

ნინი ჩხარტიშვილი ახლახან გამოჩნდა ლიტერატურულ სარბიელზე და იმთავითვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება, ჟურნალებში: „ჭოროხი,“ „განთიადი,“ „მწვანეყვავილა“ მისმა გამოქვეყნებულმა ნოველებმა ბევრი დაარწმუნა, რომ ახალგაზრდა მწერალს ნამდვილად აქვს სათქმელი, ხოლო შემდგომში მისი რომანი „ამაღლებამდე დაცემულნი“, რომელიც 2024 წელს გამოიცა, მეტად შეიყვარა მკითხველმა. ახლახან მან გამოსცა პროზაული კრებული „მარადიული მგზავრი“. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მგრძნობიარე და ფაქიზი აღქმით გამორჩეული რომ გახლავთ, ამაში ეს ინტერვიუც დაგარწმუნებთ.

მას შემდეგ, რაც ლიტერატურაში ფეხი შემოდგით, ანუ მეორედ დაიბადეთ, თავს როგორ გრძნობთ?

– თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახლში დავბრუნდი. ლიტერატურა ტკივილამდე მისული ადამიანის თავშესაფარია.

 – ფრიდონ ხალვაშის სახელობის ახალგაზრდა შემოქმედთა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეთ, ასევე, თქვენი მოთხრობა შეტანილია აჭარაში მოღვაწე ქალ პროზაიკოსთა რჩეულ ნაწარმოებებში, რომელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი ხართ. რა განცდა გეუფლებათ, როცა აცნობიერებთ თქვენს წარმატებებს?

– კმაყოფილებას ვგრძნობ, რადგან ჩემი ყველაზე დიდი მიზანი მწერლობას უკავშირდება და ასეთ მცირე დროში წარმატების მოპოვებამ მოტივაცია მომიმატა. მინდა დავამტკიცო, რომ თანამედროვე ლიტერატურა ღირებულია, იგი არ არის მხოლოდ წარსული, არამედ აწმყოა და დღესაც იწერება.

– ახლახან პროზაული კრებული „მარადიული მგზავრი გამოეცით, როგორ შეიქმნა ეს კრებული, რა იყო შთაგონების წყარო?

– ნაწარმოებების შექმნას წინ უძღვის ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მომხდარი ცვლილებები, ზოგჯერ კი უძრაობა, რომელშიც თავს არაბუნებრივად ვგრძნობდი. ეს კრებული დიალოგია სამყაროსთან, სადაც ყველაფერზე პასუხს ვერ ვიპოვით, მაგრამ ძიება უკვე ამართლებს ჩვენს არსებობას.

– გვითხარით ერთი ციტატა „მარადიული მგზავრიდან“, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენს სულიერ განწყობილებასთან.

– „ამჯერად, ნაკადულის ხმას უნდა გავყვე, გული სადაც შეჩერდება, იქ იქნება ბედნიერება, მაგრამ როგორ მივხვდე, რომ ეს ბედნიერებაა, მე ხომ იგი არასდროს შემიგრძნია? ვერ დაგეწიე ნაკადულო, სწრაფი აღმოჩნდი. ალბათ ესაა ბედნიერება, სწრაფად გარბის, თუმცა ბედნიერებას არ დავეძებ, მხოლოდ საკუთარი ვინაობა მაინტერესებს, როცა გავიგებ, იქნებ მწუხრი ვარსკვლავი გავხდე, ბედნიერი ადამიანების თავზე მოკიაფე“.

თქვენი ნაწარმოებები ეხება მარტოობას, სევდას და საკუთარ ადგილის პოვნას სამყაროში . . . როგორ აისახება ეს ძიება თქვენს რომანსა და კრებულში?

– ჩემი პერსონაჟებისთვის მარტოობა სისუსტე არ არის, არამედ საკუთარი თავის პოვნის საშუალება, ხოლო სევდა გზამკვლევია. მათი მთავარი ამოცანაა, იპოვონ საკუთარი თავი და შეერწყან სამყაროს მთელი არსებით. ვინ ვარ სამყაროში? – ეს არის კითხვა, რომლითაც ყველაზე საინტერესო მოგზაურობა იწყება, თუმცა ამისთვის უკუნეთი ღამე და ყინვით დასუდრული გზები უნდა გაიარო, რადგან საკუთარ თავამდე მისასვლელი გზა ხიფათით სავსეა. სწორედ ეს არის მოგზაურობის აზრი, გზად კი პატარა სიმბოლოებია, რომელშიც სამყარო პასუხებს მალავს.

ზემოაღნიშნულ კრებულამდე გამოვიდა შენი პირველი რომანი -,,ამაღლებამდე დაცემულნი, როგორ შეხვდა მას მკითხველი? და აქვე თანმდევი კითხვა: რომანის მთავარი მოქმედი პირი ეველინია, რამდენად გავ იგი თქვენ?

– „ამაღლებამდე დაცემულნი“ მკითხველმა დადებითად შეაფასა. ბევრმა მითხრა, რომ ისეთ რამეებზე დაიწყო ფიქრი, რაზეც აქამდე არ უფიქრია. მახარებს ის ფაქტი, რომ მკითხველი სიახლეს პოულობს ჩემს ნაწარმოებში, ავტორისთვის ამაზე სასიამოვნო არაფერია. რაც შეეხება რომანის მთავარ გმირს, ეველინს, ძალიან მგავს. იგი ჩემსავით მაძიებელი ბუნებისაა, ცდილობს, პატარა დეტალებში სამყაროს დიდი საიდუმლოება დაინახოს.

მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი ცხოვრება ჰქონდეს – აკუტაგავას ამ შეხედულების თქვენეული გააზრება . . .

– მწერალს მუდმივად უწევს იმ სიმართლის დანახვა, რასაც სხვები გვერდს უვლიან. მწერალმა საკუთარი გული ცეცხლში უნდა გაატაროს და იქიდან განწმენდილი გამოვიდეს.

როგორც გავიგე, ახალ რომანს წერთ, გვიამბეთ ამის შესახებ. . .

– ჩემს ახალ ნაწარმოებში, წინას მსგავსად, სჭარბობს სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტები. წინა პლანზე წამოწეულია ადამიანის ბედი, მარტოობა და ცხოვრების საზრისის ძიების წყურვილი.

 ამასწინათ თბილისში წიგნის ფესტივალზე მიწვეული იყავით, ამავე დროს მონაწილეობდით საქველმოქმედო ღონისძიებაში . . .

– ჩვენ, თანამედროვე ავტორთა გაერთიანება „თაგმა“, გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად „ექსპოჯორჯიაში“ ტარდება. ჩვენი მიზანი იყო, მკითხველი გასცნობოდა თანამედროვე ავტორთა მრავალფეროვან ლიტერატურას, ამასთანავე, დავხმარებოდით ჩვენი გუნდის წევრ ნატალია ჩიქოვანს, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის. იგი შესანიშნავი მწერალი და ადამიანია.

რას ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ თქვენი რომანი ამაღლებადე დაცემულნი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია?

– შარშან წიგნის ფესტივალზე სხვა ახალბედა მწერლების წიგნებთან ერთად ჩემი წიგნიც აირჩიეს, არ ვიყავი ფესტივალზე და ეს ამბავი ერთ-ერთი მწერლისგან გავიგე. ძალიან გამიხარდა, მოულოდნელი იყო, რადგან ასეთ რამეზე არასდროს მიფიქრია. წლევანდელ ფესტივალზე ჩემი მოთხრობების კრებული „მარადიული მგზავრი“ შეუერთდა თავის წინამორბედს და ისიც მასთან ერთად დაიკავებს ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტში.

ადამიანები, რომელთა არსებობამ და მაგალითმა ძალა შეგმატა?

– ყველა და ყველაფერი მაძლევს ძალას, როცა სიკეთესა და სიყვარულს ვხედავ, თუნდაც ქუჩაში, რომ ვხედავ, უცნობი როგორ აპურებს მშიერ ცხოველს ან ფრინველს. ამ დროს ვხვდები, რომ ეს ისეთი სიკეთეა, რომლისგანაც სარგებელს არ ელი. ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ სამყაროს ყოველ ქმნილებაზე, ჩემთვის სამაგალითოები არიან.

ყველაზე მეტად რა გაფიქრებს, რაზე დარდობ, რა გახარებს?

– ხშირად ვფიქრობ ადამიანთა შორის გაუცხოებაზე და ეს მაწუხებს, თითქოს მარტივია, ვინმეს გაუზიარო ემოციები, მაგრამ არ შემიძლია, რადგან ურთიერთობები ზედაპირულია. ჩემს ნაწარმოებებში ყოველთვის არის გაუცხოების პრობლემა, მაგრამ ჩნდება ერთი სიმბოლო, რომელიც ჭეშმარიტ მეგობრობას გამოხატავს, იგი უფსკრულშიც გიპოვის და სინათლისკენ წამოგიყვანს. მახარებს ახალგაცნობილ ადამიანებთან საუბარი, რომლებთანაც საერთოს ვპოულობ და მიჩნდება იმედი, რომ შესაძლოა, მართლაც არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებზეც ვწერ.

– რა გმატებთ სულიერ სიძლიერეს?

– ყველა დაბრკოლება, რომელიც ცხოვრებაში მხვდება. . .

– ადამიანში საუკეთესო თვისებად რას თვლით?

– შეუპოვრობას. ადამიანი სამყაროში არსებულ უსამართლობას და ბოროტებას უნდა დაუპირისპირდეს, თავს არ მისცეს უფლება, შეეგუოს და დაემონოს. როგორც ალბერ კამიუ იტყოდა: „ერთადერთი გზა გაუმკლავდე მონურ სამყაროს, არის მდგომარეობა, გახდე იმდენად თავისუფალი, რომ შენივე არსებობა იყოს ამბოხება“.

 – ისტორიული წარსულიდან ვის გამოიხმოდი და რატომ?

– გამოვიხმობდი ალბერ კამიუს, რათა გამეგო, როგორ შეიძლება იყო სამყაროში თავისუფალი, სადაც არსებობა მუდმივი ბრძოლაა.

უცხო პლანეტაზე რომ მიდიოდე, რომელ სამ წიგნს დაიმეგობრებდი?

– ფრიდრიხ ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“.

– დაბოლოს, როგორც მარადიული მგზავრი, რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებიც ხშირად განიცდიან სევდას და ჯერ კიდევ არ უპოვიათ საკუთარი თავი?

– მთვარე ღამით ამოდის, მაგრამ მაინც ისვრის ნათელს. არ იფიქრო შავი ნაღველი ხარ, თუ ასე იფიქრებ, ჩაიფერფლები!

 

 

ლაშა ხომერიკი

 

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *