19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
ლიკა შაინიძე: ხელოვანი არ ვიქნებოდი, მეოცნებე რომ არ ვყოფილიყავი
By

ლიკა შაინიძე: ხელოვანი არ ვიქნებოდი, მეოცნებე რომ არ ვყოფილიყავი

ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –

ლიკა შაინიძე ბათუმელი მოყვარული მხატვარია, რომელიც თავის განცდებსა და სურვილებს ტილოზე აცოცხლებს. ხატვა არის ის, რაც მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, გრძნობს, რომ ფუნჯი მის ხელში ჯადოსნური ხდება.

მაღიზიანებს – უყურადღებობა.

ვგრძნობ – რაღაც ახალი და კარგი მოხდება.

მეშინია – საყვარელი ადამიანების დაკარგვის და სიბნელეში მარტო ყოფნის.

შემიძლია – ერთგულება, პატიება, სიყვარული.

არ შემიძლია – საკუთარი სულიერი განცდების სხვებისთვის იოლად გაზიარება.

ვმეგობრობ – ცოტასთან, მათთან ვისაც ჩემი ესმის და ისეთს მიღებენ, როგორიც ვარ.

ვაპატიებ – თუ გულწრფელია სინანული.

ვტირი – როცა ვგრძნობ, რომ მივიწყებენ საყვარელი ადამიანები.

ვიცინი – როცა რაიმეს დამალვას ვცდილობ.

ვეძებ – სიმშვიდეს და სითბოს, ცხოვრებაში საკუთარ თავს ვეძებ.

ღირსი ვარ – პასუხი ვაგო შეცდომებზე.

ვკარგავ – ხშირად, ფანქრებს.

მაინტერესებს – ყველა სიახლე ხელოვნების შესახებ.

არ მაინტერესებს – სხვისი პირადი ცხოვრება.

მახსოვს – ის ადამიანები, ვინც კარგი გამიკეთა.

მრცხვენია – ჩემი საქციელების, უხეშად ნათქვამი სიტყვების, რომლებიც შეიძლება გაუაზრებლად მეთქვა.

ვმალავ – ჩემს სურვილებს.

ვინახავ – იმ ნივთებს, რომლებიც კარგ მოგონებებს მახსენებს.

მწამს – ღმერთის, სიყვარულის, ბედნიერი დასასრულის.

მიკვირს – ადამიანების, რომლებიც ბოღმას და შურს ატარებენ.

მიხარია – როცა სხვას ვახარებ რაიმეთი, როცა მათ ბედნიერ სახეებს ვხედავ.

ვამაყობ – იმ ადამიანებით, ვინც გვერდით მყავს.

ვაკეთებ – იმას, რაც ბედნიერებას მანიჭებს.

მესიზმრება – ხშირად, მონატრებული ადამიანები.

ვეხმარები – ყველას იმით, რისი საშუალებაც მაქვს.

მწყინს – როდესაც ადამიანების შრომა არ ფასდება.

ვუსმენ – ხშირად, ზღვის ხმას.

ვკითხულობ – წიგნს და სიახლეებს ხელოვნებაზე.

ვცხოვრობ – უკეთესობის იმედით.

ვმღერი – როცა მარტო ვარ.

ვასრულებ – დანაპირებს.

მიყვარს – თავგადასავლები, ხეტიალი.

ვოცნებობ – ძილის წინ, ოცნებებს კი ხშირად არ ვამხელ.

ვფიქრობ – დღის ბოლოს, რა გავაკეთე კარგი და ცუდი, რას გავაკეთებ ხვალ.

ვნანობ – უაზროდ დაკარგულ დროს, რომელიც წარსულში გავფლანგე.

მენატრება – ბავშვობის ის ყოველი წუთი, როცა ბედნიერი ვიყავი, თუნდაც მცირედით, როცა დამალულ შოკოლადს ვპოულობდი.

მსურს – ლამაზი მოგონებები შევაგროვო, რომლებსაც სიბერეში ლამაზად გავიხსენებ.

ვალამაზებ – ჩემს ნახატებს.

ვაფასებ – ერთგულ და ყურადღებიან ადამიანებს.

ვაღწევ – დასახულ მიზანს.

ხატვა – ყველა ადამიანს აქვს ისეთი საქმე, რომელიც მას ამშვიდებს, ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს. ზოგისთვის ეს მუსიკაა, ზოგისთვის – ცურვა, ქსოვა და ა.შ მე კი ხატვა მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.

ფუნჯი – ჩემს ხელში შეიძლება ჯადოსნური გახდეს.

შემოქმედება – ადამიანის ცხოვრება შემოქმედების გარეშე სიცარიელის შეგრძნებითაა სავსე. შემოქმედი ადამიანი ყოველითვის ქმნის რაღაც ახალს და საინტერესოს, ამით ივსებს სიცარიელეს.

ხელოვნება – ჩემთვის ყოველდღიურობის ნაწილია. ხელოვანი არ ვიქნებოდი, მეოცნებე რომ არ ვყოფილიყავი. მე არ მხიბლავს მხოლოდ მატერიალური, ვცდილობ დავინახო და გამოვცადო უფრო და უფრო მეტი. მიზიდავს ხელოვნების მრავალფეროვნება და ყველგან ვხედავ მას.

  • No Comments
  • იანვარი 17, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *