
ლევან ხაბეიშვილი – „ლელოს“: ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ლელოს “ მიმართავს და აღნიშნავს, რომ პარტიას გადასაწყვეტი აქვს, ვის მხარეს იბრძოლებს.
„მივმართავ პარტია „ლელოს“ – ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა. გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და, სულ რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ. ამიტომ მარტივი არჩევანია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი გაქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტი, პროტესტის გზით უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი. ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა. ამიტომ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ, აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ, ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეთ. ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.