
კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლი სწრაფად გავრცელდა სამხრეთისკენ და საფრთხე შეუქმნა სახლებს, ტურისტულ საცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, ხანძრის ფრონტი ამჟამად მინიმუმ 6 კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც მის ლოკალიზებას ართულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აგია ფოტიას დასახლებაში სახლები და გასაქირავებელი ფართები განადგურებულია, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. კვამლის შესუნთქვით გამოწვეული სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში სულ მცირე ოთხი ხანდაზმული ადამიანი გადაიყვანეს.
სიფრთხილის ზომების მიზნით, კრეტაზე ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს.
ხელისუფლებამ ფერმას მუნიციპალიტეტში სასტუმროების, გასაქირავებელი ნომრებისა და სახლების მასობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ხანძარი ტერიტორიას უახლოვდება. ოპერაცია სახანძრო სამსახურის, პოლიციისა და ადგილობრივი მოხალისეების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მიმდებარე დასახლებებიდან და ტურისტული ზონებიდან ევაკუირებულია, დაახლოებით, 1 500 ადამიანი, რომლებიც იერაპეტრაში გადაიყვანეს. დაახლოებით 200 ევაკუირებული კი ქალაქის დახურულ სპორტულ არენაზე მოწყობილ თავშესაფარში განათავსეს.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ადგილზე 155 მეხანძრე, რვა სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი და 38 სახანძრო მანქანა მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან ვერტმფრენებიც. გავრცელებული ინფორმაციით, გზაში არიან დამატებითი ძალებიც.