19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
კოვიდი – „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“
By

კოვიდი – „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“

„დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს. ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანიც აღმოჩნდეს ისეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც დღეს არ არსებობს“. – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, „განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს ყოველთვის მოსახლეობა. ხოლო ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება.“ ჯანდაცვის მინისტრმა ყველას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან საზოგადოებაში დამატებითი სტრესის შემოტანას და კოვიდს „ერთი ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია“ უწოდა:

„როდესაც კოვიდპანდემია იყო ქვეყანაში და ასევე მსოფლიოში, იყო სხვადასხვა განსაკუთრებული რეჟიმი და ამ რეჟიმების მიხედვით მიდიოდა ჩვენი ცხოვრებაც. გასულ წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი მოსული ვიყავი სამინისტროში, მაშინვე აღვნიშნე, რომ კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდებოდა და გადაიქცეოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად. დიახ, დღეს  ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ამას უყურებს როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც და არ არის არანაირი განგაშის, პანიკის საფუძველი და საერთოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს“.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრიდან ძალაში შედის რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების სანებართვო პირობები. „სამწუხაროდ, ეს სტანდარტები არ გვქონდა და ქვეყანაში პირველად ინერგება. ამ ცვლილებებით, რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურება, ერთხელ და სამუდამოდ, მოწესრიგდება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს მსოფლიო სტანდარტების მიხედვით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი“.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე, მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ბენეფიციარს, მათზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

  • No Comments
  • აგვისტო 22, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *