კანონში ცვლილებების შემდეგ, 800 პირი კომპეტენციის სერტიფიკატს მიიღებს
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია (გემთწამყვანი და გემთმექანიკოსი) და რომელთა კვალიფიკაცია ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს აღარ შეესაბამებოდა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს მათზე ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი,. შედეგად, აღნიშნული კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურებს ექნებათ შესაძლებლობა, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიიღონ კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატები.
საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, ამ კატეგორიის კურსდამთავრებულები, დაახლოებით 800 პირი, შეძლებს მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღებას. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს კვალიფიციური საზღვაო კადრების განვითარებას, კარიერულ ზრდას და საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო შრომის ბაზარზე. მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესი ერთიან სტანდარტში მოექცევა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ ინტერესთა დაცვასა და კანონმდებლობის სამართლიანობის უზრუნველყოფაში.
ეკონომიკური ეფექტის მხრივ, დაახლოებით 800-მდე მეზღვაურის მართვის დონემდე პოზიციების ამაღლება საქართველოსთვის წელიწადში დაახლოებით 55 მილიონ აშშ დოლარის შემოსავალს უტოლდება.
ცვლილებები ასევე შეეხება ელექტრო ტექნიკოსებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შეიმუშავებს და დანერგავს გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების სტანდარტებსა და გადამზადების პროგრამას იმ პირთათვის, ვინც ფლობს უმაღლეს ან პროფესიულ განათლებას ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე დარგებში (არა საზღვაო პროფილით).
განისაზღვრება პროგრამებზე დაშვების კრიტერიუმები, შეფასების მეთოდები და სერტიფიცირების პროცედურები, ხოლო პროგრამები განხორციელდება აღიარებულ საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ცვლილების ეს ნაწილი ელექტროტექნიკოსის პოზიციაზე საკადრო რესურსის განვითარებას განაპირობებს, რაზეც შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა.
საქართველოში დაახლოებით 20 000-ზე მეტი მეზღვაურია რეგისტრირებული. დღემდე ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატებს ევროკავშირის 20 და ევროკავშირის არაწევრი 55 სახელმწიფო აღიარებს.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტმა ქვეყანამ აღიაროს საქართველოში გაცემული სერტიფიკატები. მეზღვაურებმა, რომლებსაც აღნიშნული კანონი ეხებათ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უნდა წარადგინონ: განათლების დიპლომი, აუცილებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატები, ნაოსნობის წიგნაკი, სამოქალაქო პასპორტი, ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯანმრთელობის შესახებ ცნობა. ყველა მეზღვაური, ვინც ისარგებლებს ცვლილებით, გაივლის შესაბამის ტესტირებას და ზეპირ გასაუბრებას.