კამელიების გამოფენა – ბოტანიკურ ბაღში
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების ულამაზესი გამოფენა მოეწყო, რომელზეც დაცულ ტერიტორიაზე არსებული კამელიის სხვადასხვა სახეობა იყო წარმოდგენილი. ამ სახის გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მეშვიდედ გაიმართა.
დამთვალიერებლებს შორის იყვნენ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დენის სალუქვაძე. მათ ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თენგიზ ტარიელაძემ ის სიახლეები გააცნო, რომელსაც ბაღის ადმინისტრაცია სამომავლოდ გეგმავს.
კამელია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. აღნიშნული ბაღი ჩვენი კუთხის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.
გამოფენაზე კამელიების არაერთ სახეობას იხილავდით. როგორც ბაღის თანამშრომლებმა გვითხრეს, აქ უფრო მეტი კამელიაა, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი არ ყვავილობს. საამაყოა ის, რომ წარმოდგენილ კამელიებიდან 33 სახეობა ადგილზეა გამოყვანილი აქაური თანამშრომლის ნონა ჯინჭარაძის მიერ, ანუ ადგილობრივი სელექციის პროდუქტია, რაც ერთი ბოტანიკური ბაღისთვის საკმაოდ დიდი ციფრია.
– ბაღში კამელიების დიდი კოლექციაა. რომელიც უძველეს ჯიშებს მოიცავს. ამ მცენარის ბარში შემოტანა ფრანგი მოგზაურის დ’ ალფონსის სახელს უკავშირდება – ბაღის ტერიტორიაზე პირველად სწორედ მან შემოიტანა. კამელიების ის უძველესი ჯიშები, ახლანდელი ქვედა ბაღის ტერიტორიაზე დღესაც ხარობენ და საუკეთესოდ ყვავილობენ. რაც შეეხება კოლექციას, ის იაპონური კამელიის 78 უძველეს ჯიშს მოიცავს და დღეს მათ ზოგიერთი მეცნიერი ისტორიული კამელიების სახელით მოიხსენებს. იაპონური კამელიები ზამთრისმოყვარულებია, ყვავილობას ნოემბრის ბოლოს იწყებენ, მთელი შემოდგომა -ზამთარი ყვავილობენ გაზაფხულის ბოლომდე. თითოეული ჯიშის ყვავილობა სამი-ოთხი თვე გრძელდება. თუ სხვადასხვა ჯიშის კამელიას ერთმანეთთან ახლოს დავრგავთ, ეს ადგილი მუდამ აყვავილებული იქნება. რაც შეეხება თავად კამელიების ყვავილების ჯიშს, ის ფერისა და ფორმის მხრივ სხვადასხვაა და ამ მხრივაც მრავალფეროვანია. ისინი აღმოსავლეთ-აზიური წარმოშობის არიან და კარგი პირობების შემთხვევაში (ტემპერატურული რეჟიმი, ჰაერის ტენიანობა, ნიადაგის მჟავიანობა…), კარგად ყვავილობენ. აღსანიშნავია, რომ როცა ტემპერატურა 6 გრადუსზე ჩამოდის, ყვავილობას აჩერებენ, როგორც კი ტემპერატურა იმატებს – კვლავ აგრძელებენ. ამ მხრივაც ძალიან საინტერესო მცენარეა. ბოტანიკურ ბაღში ასევე გვაქვს მთის კამელიის 18 და ბაღში გამოყვანილი ჰიბრიდების 30 ჯიში, – გვითხრა კამელიების კოლექციის კურატორმა გუგული ბოლქვაძემ.
– ვგეგმავთ ყოველ თვეში, სხვადასხვა მცენარის წარმოჩენით, ერთი ღია კარის დღე მოვაწყოთ. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსვლა თავისუფალი იქნება. ეს ამ დაწესებულების პოპულარიზაციისთვის კეთდება, საკუთარი მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, თუ რას წარმოადგენს ბოტანიკური ბაღი, რა მიზნებს ემსახურება და რა უნიკალური კოლექციებია დაცული, – აღნიშნა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თენგიზ ტარიელაძემ.
გამოფენაზე ბაღის ტერიტორიაზე გადაღებული ძველი ფოტოებიც იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთზე სწორედ ის ადგილი იყო აღბეჭდილი, სადაც კამელიების გამოფენა მოეწყო. მასზე დ’ დალფონსის აგარაკი მოჩანდა, რომელიც ამჟამად ხეებითაა დაფარულ. როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატორმა ნანი კონცელიძემ გვითხრა, ეს აგარაკი ბაღის დაარსებამდე იყო აგებული, 1880- იან წლებში…
მანანა ძიძიშვილი
გალერეა

