ირაკლი მარგველაშვილი – მედიკამენტებზე უნდა დადგინდეს სამართლიანი ფასი
„არსებობს რესურსი, რომ მედიკამენტებზე ფასების კორექტირება მოხდეს“, – განაცხადა საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ხელისუფლებასთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობით.
„თანამშრომლობის საფუძველზე რესურსი ყოველთვის არსებობს, საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. ალბათ, საუბარი არის პროცესის უფრო მეტად დახვეწაზე, მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში გავრცელებაზე. საქართველოში დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით, მაგრამ კიდევ ერთი მაგდენი, სავარაუდოდ, რჩება მიღმა. ალბათ, პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის განვითარება, რაც მედიკამენტებზე წვდომას უზრუნველყოფს.
„უნდა დადგინდეს ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაიხადოს მედიკამენტებში. სამართლიანი ფასი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ზუსტად ამისთვის არის ეს შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომლებიც სამართლიანი იქნება საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.