ირაკლი კუპრაძე: დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ!..
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ასი ათასობით ადამიანის მოწამლვა ტერორიზმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ: „ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს „ლელოს“ ან რამე კრემლიდან ნაკარნახევ სიგიჟეს გამოაცხადებს. დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ, ესაა ტერორიზმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასი ათასობით ადამიანის მოწამლვა“, – წერს კუპრაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.