ირაკლი კობახიძე: საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
By

ირაკლი კობახიძე: საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპად შეფასდა.
შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე, რასაც მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი და პარტნიორული თანამშრომლობა განაპირობებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის გასულ წელს საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა, რომელმაც ურთიერთობების განვითარებას ახალი იმპულსი შესძინა.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელებულ ისტორიულ, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე, ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროების მონაწილეობით განხორციელებულ თბილისის მშრალი პორტის პროექტსა და სხვა მსხვილი საინვესტიციო ინიციატივების წარმატებულ საქმიანობაზე.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, რომ განხილვის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება იყო.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ უმაღლეს დონეზე შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები.
„ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, რეგიონსა და გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ასევე, განვიხილეთ სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობა ჩვენს რეგიონში, შუა დერეფნის განვითარება, მისი პოტენციალი და საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, საქართველო–არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

  • No Comments
  • იანვარი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *