ირაკლი კობახიძე: მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და მოქალაქეების უსაფრთხოება მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილე და მუდმივი ყურადღება, რათა საქართველოში მშვიდობა მყარად იყოს უზრუნველყოფილი. „მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე, იცვლება რეგულაცია ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით. მათი შემოყვანა აღარ აიკრძალება, თუმცა გაიზრდება აქციზის გადასახადი და ერთ კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი განისაზღვრება. პრემიერის თქმით, ცვლილება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ჰაერის სისუფთავის დაცვას ემსახურება.
ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 689 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 119 მილიონი დოლარით, ანუ 7,6%-ით მეტია. ასევე, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 7,9% შეადგინა, რაც მთავრობის ოპტიმისტურ მოლოდინებს აძლიერებს.
პრემიერმა, ასევე, ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უცხოეთში დარჩენილი ქართველი მოქალაქეების დაბრუნებაზე. სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ოთხი ჩარტერული რეისით ომანიდან და საუდის არაბეთიდან საქართველოში 558 მოქალაქე დაბრუნდა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიურ მისიებსა და ეკონომიკის სამინისტროს გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის მოქალაქეების უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.