19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ირაკლი კობახიძე: ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში
By

ირაკლი კობახიძე: ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. პრემიერმა ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია.
„ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტი გვჭირდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა უმუშევრობის დონეზე და აღნიშნა, რომ ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში.
„ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ამ კუთხითაც მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის მონაცემები. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს – მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26,7%-ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ სამ წელიწადზე, შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სამ წელიწადში ეს არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1 400 000-ს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არავითარი ფასი არ ექნება, თუ ამით არ ისარგებლა თითოეულმა მოქალაქემ. ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს დასაქმების ნაწილში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზეც აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *