19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
„იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან“
By

„იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან“

ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –

31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს პარლამენტთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც აირჩიეს. ოპოზიციასთან ხანგრძლივი დებატების და შეთავაზებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 2020 წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ამასთან, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ 14 დეკემბერს უკვე ჩაატარა ბიუროს სხდომა, სადაც მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – გიორგი რომანაძის მიერ წარდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და მისი შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განმარტებით, კანონის პროექტსა და მის თანმდევ დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს, ისევე როგორც 2016-2020 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს მიერ დაწყებულ სხვა ინიციატივებზე.

ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი რომანაძის მიერ სხდომაზე გამოტანილი 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.

2016-2020 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს ბიუროს ბოლო სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული იქნება.

როგორ იფუნქციონირებს ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე დარჩენილი უმაღლესი საბჭო, როგორ ჩაიარა არჩევნებმა, რას ფიქრობენ ჩვენი დეპუტატები სამომავლო კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი.

-ბატონო ლადო, გილოცავთ, უკვე მეორედ გახდით საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი. რა შემადგენლობით გაანახლებს უმაღლესი საბჭო მუშაობას, ვაკანსია გამოცხადდება ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებულ ადგილებზე თუ რიგითობის მიხედვით აიღებენ ამ მანდატებს „ოცნების“ სხვა წარმომადგენლები?

-ჯერ არ ვაპირებთ ამ ადგილების არავისზე გადაცემას. იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია შემოვა უმაღლეს საბჭოში და გაამართლებს იმათ იმედებს, ვინც მათ ნდობის მანდატები ჩააბარა. ამის საშუალებას რეგლამენტი იძლევა.

-ოპოზიცია იმდენადაა შეურაცხყოფილი არჩევნების გაყალბებით, აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ბოიკოტის რეჟიმს და აუცილებლად მიაღწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. თქვენ რას გვეტყვით არჩევნებზე, მართლა იყო გაყალბების მცდელობა ან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები?

-მსგავსი არაფერი შემინიშნავს. პირიქით, ყოველმხრივ ვცდილობდით, არ დაგვერღვია საარჩევნო კიდექსით გათვლილი არც ერთი მუხლი. თანაც, კოვიდ-ვითარების გამო, საკმაოდ შეზღუდული ფორმატით ვსარგებლობდით და თავყრილობებზე ცოტა ხალხს ვიწვევდით, რათა მინიმუმამდე დაგვეყვანა ინფექციის გადადების რისკი. მართალია, ამის გამო უფრო მეტ შეხვედრებს ვმართავდით, მაგრამ ეს გამართლებული იყო საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით. ოპოზიცია მხოლოდ ბრალდებებს გვიყენებს და ისიც ზეპირად, არანაირ მტკიცებულებას არ წარმოგვიდგენს. თუკი იტყვიან, სად, როდის და რა ფორმით ვისარგებლეთ ადმინისტრაციული რესურსით, მაშინ სხვაგვარად ვილაპარაკებთ. მსგავსი ფაქტები არ გააჩნიათ, ესეც ნათელია, თორემ როგორ გაჩერდებოდნენ ამდენ ხანს, მტკიცებულებები რომ არ გაესაჯაროებინათ. არანაირი დებატების გამართვა არ სურთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

-ოპოზიცია იმასაც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები შეხვედრებს საერთოდ არ მართვდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ მოსახლეობა მათ პროტესტის ნიშნად შეურაცხყოფას მიაყენებდა.

-ვისაც სოციალური ქსელი აქვს, კარგად იცის, რომ ეს შეხვედრები ტარდებოდა, თანაც, ძალიან საინტერესო წინადადებებით და მსჯელობებით. მართალია, რამდენჯერმე ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა სცადა შეხვედრების ჩაშლა, მაგრამ მოსახლეობა არ წამოეგო პროვოკაციებს და მთელი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა სტაბილურ, გაწონასწორებულ ვითარებაში. ყველა პრობლემურ საკითხს ვინიშნავდით და რეალურად ვპასუხობდით ხალხს, რა დროში შევძლებდით მის მოგვარებას.

-ე.ი. თქვენ თვლით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა?

-დავიწყოთ იქიდან, რომ ოპოზიციამ გაყალბების ვერც ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინა. თანაც, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო, ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლობების დასტური, რომ არჩევნები ჩატარდა წყნარ, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და არავითარი მოსყიდვა, მუქარა, ზეწოლა ამომრჩეველზე არ განხორციელებულა. გაეცანით, თუნდაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგებს, სადაც ერთპიროვნულად აცხადებენ, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და თავისუფალი, ამაზე მეტს ვერაფერს იტყვის სხვაც.

-წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ყველაზე მეტად რა პრობლემა გამოიკვეთა მოსახლეობაში?

-განსაკუთრებულად, სიღარიბე, რაც მართლაც დგას დღეს ჩვენს წინაშე, როგორც ერთ-ერთი სასწრაფოდ გადასაჭრელი ამოცანა. მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის ამ ეტაპზე ჩვენთვის მნივნელოვანია, მოწყვლად ჯგუფებს დავეხმაროთ მაქსიმალურად და როდესაც დასრულდება ვირუსთან ბრძოლა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ გაძლიერებას და მოსახლეობაზე ზრუნვას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი დასძლევს ყველა სახის პრობლემას, რომელიც დგას ქვეყნის და ხალხის წინაშე.

-ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, კოვიდ-შეზღუდვების გამო, ისევ და ისევ, განათლებაა. ამ ეტაპზე მოსწავლეებს ვირტუალურად იღებენ განათლებას. რამდენად დამაკმაყოფილებელია ამ კუთხით მასწავლებლების დონე ანუ ტექნიკურად როგორ ართმევენ თავს სწავლებას?

-პედაგოგების უმეტესობა ძალიან კარგად ართმევს თავს ამ ახალ გამოწვევას. საკუთარი შვილის სწავლების მაგალითზეგეტყვით- იმდენად მოწესრიგებულია როგორც საათობრივი ჩართვები, ისე ტექნიკური მოწოდების სისტემა, რომ არაფერი მაქვს საპრეტენზიო. ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სწავლების პროცესზე დაკვირვება და კმაყოფილი ვარ მასწავლებლების სწავლების დონით. ვფიქრობ, არაფრით ჩამოუვარდება ეს განათლება სასწავლო კლასებში მიღებულს. ვირტუალური სწავლების კუთხით, ცხადია, სირთულეებს ვაწყდებით მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის წყვეტილად მიწოდების გამო, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია, ამ ეტაპზე, ფიზიკურად ჯანსაღი თაობის შენარჩუნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნიჭიერი მომავალი თაობა და მაღალკვალიფიციური პედაგოგები შესძლებენ იმ პრობლემების დაძლევას, რომელმაც, შესაძლოა, თავი იჩინოს პანდემიის დამარცხების და სკოლების გახსნის შემდეგ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენი განათლების სისტემა დაკომპლექტებულია კარგი სპეციალისტებით, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ საკითხებზე და გათვლილი აქვთ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები .

-წინასაახალწლოდ რა სახის შეხვედრების მოწყობას აპირებს მთავრობა?

-ჩემი ინფორმაციით, არანაირი დიდმასშტაბიანი საახალწლო შეხვედრები არ არის დაგეგმილი. პანდემიის პერიოდში, მაქსიმალურად ვზღუდავთ ყველა სახის თავყრილობებს, რათა შევაჩეროთ მომძლავრებული ვირუსი.

-დღეს შეუდექით მუშაობას ოპოზიციის გარეშე?

-კიდევ ვიმეორებ, იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან.

-რამდენ ხანს აქვთ გამოუცხადებლობის უფლება ან რა უნდა გააკეთონ, თუკი კანდიდატურების მოხსნას მოისურვებენ?

-პარლამენტისგან განსხვავებით, ჩვენი საარჩევნო კანონი არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე ითვალისწინებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ, სიაში დეპუტატობის კანდიდატურის მოხსნას. მაშინ არ მოხსნეს და ახლა უკვე, უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტაციას ეძლევა უფლებამოსილება, დააკმაყოფილოს არჩეული დეპუტატის განცხადება მოხსნის თაობაზე. გარწმუნებთ, თუკი მსგავსი განცხადება შემოვა, მომენტალურად დავაკმაყოფილებთ.

-რა სახის სამუშაოები ჩაატარეთ წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში?

-მართლაც ნაყოფიერი ოთხი წელი იყო. შევასწორეთ ხარვეზები და ძირეულად შევცვალეთ აჭარისკონსტიტუცია, რის შედეგადაც უმაღლესმა საბჭომ მოიპოვა განსაკუთრებული კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია დემოკრატიულ ქვეყანაში. ასევე, 7 კანონის ინიცირება მოვახდინეთ საქართველოს პარლამენტში, რომელიც მიიღო პარლამენტმა. აჭარაშიც რამდენიმე დარგობრივი კანონი შევქმენით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დავით გაბაიძის მიერ ინიცირებული კანონი საპატიო ჯილდოების და წოდებების მინიჭების შესახებ. ახლა უკვე შევძლებთ გამოვარჩიოთ და შრომა დავუფასოთ ღვაწლმოსილ ადამიანებს როგორც სტატუსის მინიჭებით, ისე ფინანსური წახალისებით.

-ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში რა კუთხით განაახლებთ მუშაობას?

-მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ ისევ დარგობრივი მიმართულებით. ასევე, საქართველოს პარლამენტში ახალი და საინტერესო კანონების ინიცირებას ვაპირებ.

-კოვიდ-ვითარების გამძაფრებაზე ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?

-მე მხოლოდ ფაქტს ვიტყვი-17 სექტემბერს ოპოზიციამ ხალხმრავალი მიტინგი მოაწყო ბულვარში. იმ დროს, კოვიდ-სტატისტიკით დღეში 230 შემთხვევა ფიქსირდებოდა, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში გაორმაგდა ანუ 500-ზე მეტი გახდა. ამასთან, ოპოზიციის თავყრილობების უამრავი კადრები ვნახეთ, სადაც არ იცავდნენ რეკომენდაციებს, რითაც ხელს უწყობდნენ ვირუსის გადაცემის ზრდას. რაც შეეხება ხელისუფლებას, როდესაც მსგავსი უპასუხისმგებლობა არ ფიქსირდებოდა და თავად უძღვებოდა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, არც კი გვიგრძვნია კოვიდის მასიური არსებობა, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში უზარმაზარი ციფრებით აღირიცხებოდა დაინფიცირებული მოსახლეობა. ახლა, პიკი გადავიარეთ და ყველადღიურად მცირდება შემთხვევების რაოდენობა.

-ამ დღეებში დაიწყება 2021 წლის ბიუჯეტზე მუშაობა. ამ კუთხით ხელს ხომ არ შეგიშლით დეპუტატების მცირე რაოდენობა?

-ჩვენ უმრავლესობით ვართ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი, რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი ნორმატიული აქტის დამტკიცებისთვის. გარწმუნებთ, ამ კუთხით, არანაირი შეფერხება არ იქნება.

-რა თანხებია გათვლილი მოსახლეობის დასახმარებლად, კოვიდ-შეზღუდვების შედეგები რომ შეუმსუბუქოთ?

-მილიონი ლარია გათვლილი მოსახლეობაში დასარიგებელი სასურსათო კალათებისთვის. 4 მილიონ ნახევრამდეა გაზრდილი კოვიდ-სასტუმროების დაფინანსებაც. 15 მილიონი იქნება მუნიციპალიტეტების კაპიტალური ტრანსფერი ინფასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. 12 მილიონითაა შემცირებული ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ანუ ბიუროკრატიული ხარჯები. ჩვენი მიზანია, ეფექტურად გამოვიყენოთ ის მწირი რესურსები, რაც გაგვაჩნია, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც მოაქვს კოვიდ-პანდემიას ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის.ამასთან, გარწმუნებთ, არსებული რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება.

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *