
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარ ილვა იოჰანსონს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონს შეხვდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მთავარი საკითხი, რომელზეც ამ შეხვედრაზე იმსჯელეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებია.
„მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
აქვე, მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს ძალისხმევას“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმასაც იტყობინება, რომ შეხვედრაზე, განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა – EUOPOL თანამშრომლობის დინამიკა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.