იაპონური საღამო ბათუმში – აღმოსავლური  სული და ქართული გულწრფელობა ერთ სივრცეში  
By

იაპონური საღამო ბათუმში – აღმოსავლური  სული და ქართული გულწრფელობა ერთ სივრცეში  

თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობითა და იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი „ბათუმის“ უშუალო მონაწილეობით, გაიმართა იაპონური საღამო – გამორჩეული კულტურული ღონისძიება, რომელმაც დამსწრეებს აღმოსავლური ტრადიციებისა და ესთეტიკის განსაკუთრებული სამყარო გააცნო.

საღამოს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართველოლოგ ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენას. ფოტოების მეშვეობით დამთვალიერებლები თითქოს მოგზაურობდნენ შორეულ ქვეყანაში, ეცნობოდნენ მის ბუნებას, არქიტექტურასა და კულტურულ სიმდიდრეს.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო შოდოს – იაპონური კალიგრაფიის დემონსტრაცია (იაპონური ენის მხატვრული ნაწერი), რომელსაც იაპონიიდან მოწვეული სტუმარი უძღვებოდა. ასევე, გაიმართა ორიგამის მასტერკლასი – ქაღალდის კეცვის ტრადიციული ხელოვნება, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც ახალგაზრდებში, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლებში.

 

 

მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, არა მხოლოდ თეორიულად გაცნობოდნენ იაპონურ კულტურას, არამედ თავადაც გამხდარიყვნენ მისი ნაწილი – აქტიურად ჩართულიყვნენ შემოქმედებით პროცესში, შეექმნათ საკუთარი ნამუშევრები და ახლოდან შეეგრძნოთ აღმოსავლური ტრადიციების სილამაზე.
ფილოლოგიის დოქტორის, იაპონური ენის მასწავლებლისა და იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი „ბათუმის“ დამფუძნებელ ლაშა ბოლქვაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაა.

– როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია, იაპონია-საქართველოს ურთიერთობები უფრო განმტკიცდეს და განვითარდეს, ორი ქვეყნის კულტურა უკეთეს დონეზე იყოს წარმოჩენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნების დაახლოებაში. აზიური კულტურა ძალიან გამორჩეულია, განსაკუთრებით, იაპონური, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს, დიდ ინტერესს იწვევს და უყვართ. ვინაიდან ვიცი მათი ენა და კულტურა, გავხსენით იაპონიის ენისა და კულტურის ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, რითაც გვინდა მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ იაპონური კულტურით და სიღრმისეული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი კუთხის მცხოვრებლებს. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენს ღონისძიებას დაესწრო და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, –  აღნიშნა ლაშა ბოლქვაძემ.

ქართველოლოგმა ჰიროტაკე მაედამ, რომელიც საქართველოში პირველად  1995 წელს ჩამოვიდა, აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა, მისი დამწერლობა და კულტურა. მან ისაუბრა ქართულ და იაპონურ კულტურებს შორის არსებულ მსგავსებებსა და სამომავლოდ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე.
– მომეცა შესაძლებლობა, დავსწრებოდი ძალიან  საინტერესო იაპონურ საღამოს ბათუმში. ამისათვის დიდი მადლობა ბატონ ლაშას, რომლის შრომის შედეგიც არის ეს ყოველივე. პირველად საქართველოში 1995 წელს ჩამოვედი. მოგეხსენებათ, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იდგა. პირველი ქართული სიტყვები, რაც დავიმახსოვრე, იყო „მოვიდა“ და „წავიდა“. მიუხედავად უშუქობისა და მძიმე სოციალური პირობებისა, ვცხოვრობდი ოჯახში, სადაც ყოველ საღამოს გიტარის თანხლებით მღეროდნენ, მოილხენდნენ და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებდნენ. ის სტუმართმოყვარეობა, რაც თქვენს ქვეყანას აქვს, ჩვენც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ეს ორი ქვეყანა შორსაა ერთმანეთისგან, ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს – თქვენი ბუნებაც ძალიან ლამაზია, ისევე, როგორც ჩვენი. თქვენც გაქვთ წმინდა სალოცავები, ჩვენც,  თქვენში ღვინის კულტურაა, ჩვენში – საკეს. ბევრი პარალელის გავლებაა შესაძლებელი ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება. იაპონიაში ვასწავლი საქართველოს ისტორიას და ქართულ ენას. ინტერესი ნამდვილად არის საქართველოს მიმართ და მჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება. იქ ძალიან პოპულარულია ქართული სამზარეულო, მაგალითად, ჩქმერული, ნატურალური ქართული ღვინო და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს ვუყვები ჩემს მოსწავლეებს საქართველოს შესახებ, რომ  თქვენ გაქვთ ორიგინალური ანბანი, საინტერესო ტრადიციები, მებრძოლის მენტალიტეტი. ისე მიყვარს საქართველო, ვცდილობ, წელიწადში ორჯერ ან სამჯერ მაინც ჩამოვიდე აქ ჩემს ოჯახთან ერთად. ჩემმა ქალიშვილებმა ცოტ-ცოტა იციან ქართული და აუცილებლად უკეთესად ისწავლიან, – თქვა ჰიროტაკე მაედამ.

ბათუმში გამართულმა იაპონურმა საღამომ  კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნება, ენა და ტრადიციები ხალხებს შორის უხილავ, მაგრამ ძლიერ ხიდებს დებს. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ახალ გამოცდილებას სთავაზობს საზოგადოებას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნების კულტურულ დაახლოებას, ურთიერთგაგებას და  მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • მარტი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *