იაგო დავითაძე: ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, ახლა საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იაგო დავითაძე ისტორიულ სოფელ გოგაძეების მკვიდრია. იგი იმ გზის გამგრძელებლად გვევლინება, რომელსაც სათავე ღირსეულმა თანარაიონელებმა, თანასოფლელებმა დაუდეს და საკუთარი წილი გაიღეს შუახევის რაიონის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურული აღმასვლისთვის. იაგო დავითაძე ჩვენი სტუმარია.
– ბატონო იაგო, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შუახეველმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ იმ პროპორციულ სიას, რომლის სათავეში იყავით. რამ განაპირობა ეს მხარდაჭერა?
– მოგესალმებით. ვფიქრობ, ამ მხარდაჭერის მთავარი წინაპირობა იყო ის ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში დაიმსახურა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გუნდმა, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან ყოველდღიური მუშაობით. როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება კარგად ხედავს თითოეული ოჯახის გამოწვევას, რომლის აღმოსაფხვრელადაც მუშავდება შესაბამისი პროგრამები, მათ მოსაგვარებლად იდგმება რეალისტური და კონკრეტული ნაბიჯები. ამომრჩეველმა დაინახა ჩვენი გუნდის შედეგები უკვე განხორციელებულ პროექტებში, ასევე, ჩვენი მზადყოფნა, გავაგრძელოთ განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ მიმართული მუშაობა. ნახევარ საუკუნეს მიტანებულმა, კარგად ვიცი, ვინ იყო ჩვენი წინაპარი და რა ადგილი უჭირავს ჩემს მშობლიურ უჩამბის თემს და სოფელ გოგაძეებს ქვეყნის, რეგიონის ცხოვრებაში. აჭარა-შავშეთის ქედის ერთ კალთაზე გაშლილ სოფელს ჰყავს ისეთი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ანზორ, იური დავითაძეები, როგორებიც არიან ალექსანდრე ჯიბლაძე, მწერალი ემენ დავითაძე, ცნობილი რადიოლოგი, საქართველოში ექოსკოპიის აპარატურის ერთ-ერთი შემომტანი შოთა დავითაძე. სკოლა, რომელმაც ცოდნას მაზიარა, წარმატებულ საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. აიშა შავაძის, შოთა ჯიბლაძის, მუხამედ ბათაძის, ვაჟა, მურმან, მიხეილ თურმანიძეების როლი და ადგილი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია. საზოგადოებას მათდამი ნდობა ახლაც არ დაუკარგავს. ყოველივე ამას ჩემი და ჩემი ოჯახის ავტორიტეტიც დაემატა და ამ მხარდაჭერაში აისახა. პასუხისმგებლობიანი მიდგომა, გამჭვირვალე კომუნიკაცია და თანმიმდევრული საქმიანობა გახდა იმ მაღალი მხარდაჭერის საფუძველი, რომელიც 4 ოქტომბერს მივიღეთ.
– დიდი ნდობა გამართლებასაც ითხოვს?
– დიახ, ნდობა ყოველთვის მოითხოვს გამართლებას. ნდობა გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ თითოეული დაპირება რეალურად განვახორციელოთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, შეესაბამებოდეს მოსახლეობის მოლოდინებს. შუახევის მუნიციპალიტეტის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილნი იყვნენ განათლებული, გამოცდილი და პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არიან. ეს მაძლევს იმედს და გარანტიას, რომ გავამართლებთ ჩვენი მოსახლეობის ნდობას. გვექნება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან მჭიდრო და კოორდინირებული ურთიერთობა. საკრებულოსა და მერიის მაქსიმალური გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებითი თანამშრომლობით ვაპირებთ, ჩვენი მოსახლეობის ნდობა სრულად და ღირსეულად გავამართლოთ.
– უკვე იმართება საკრებულოს სხდომები. გუნდური მუშაობის პრინციპი რამდენად გამოჩნდა?
– ჩატარებულ სხდომებზე გუნდური მუშაობის პრინციპი მკაფიოდ შეიმჩნევა. თითოეულ წევრს აქვს თავისი პასუხისმგებლობის სფერო და ინიცირებული საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანამშრომლობის, არგუმენტირებული დებატებისა და საერთო მიზნებზე ორიენტირების რეჟიმში. მნიშვნელოვანია, საკრებულოს საქმიანობა არ ეყრდნობოდეს მხოლოდ ინდივიდუალურ ხედვებს – გადაწყვეტილებები მიიღება კოლექტიურად, შეთანხმებით და იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომლებიც მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთი მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, გვყავდეს უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა. დეკემბრის სხდომაზე მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტს – 2026 წლის ბიუჯეტს დავამტკიცებთ. თითოეული ჩვენგანი კეთილგანწყობით შევხვდით იმ პროექტს, რომლის თაობაზე საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის გაფართოებულ სხდომაზე ვიმსჯელეთ, პროექტის საწყისი ვარიანტები 2025 წელთან შედარებით, 3,5 მილიონი ლარით მომატებულია, სავარაუდოდ, გაისად კიდევ გვექნება ზრდა. დეპუტატები, საზოგადოების წევრები აქტიურად არიან განხილვაში ჩართულნი, რიგ წინადადებებს, სურვილებს გვთავაზობენ. აღმასრულებელი სტრუქტურა მაქსიმალურად ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მთავარ დოკუმენტში წარმოდგენილ წინადადებებსა და მოსაზრებებს, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებული მთავარი საფინანსო დოკუმენტით მუშაობას ახალ წელს დავიწყებთ.
– მუნიციპალიტეტში რიგი პროგრამების, პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლებიც ცენტრალური და რეგიონული ბიუჯეტიდან ფინანსდება. . .
– მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება შუახევში ტურიზმის განვითარება, არსებული პოტენციალის ათვისება იყო. აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ შუახევის რუკაზე ახალი ტურისტული ლოკაციები გაჩნდეს, რაც საკმაოდ დიდი თანხების მობილიზებას ითხოვს. ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინს, ჯვარიმინდორის ტურისტულ ლოკაციას კიდევ რამდენიმე ტურისტული ინფრასტრუქტურა დაემატება. მთავარი ყურადღება სოფლების ცენტრების კეთილმოწყობაზე, სანახაობითი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა გადატანილი. შორეულ დარჩიძეებში, თვალსაჩინო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა ტურისტებს მოიზიდავს და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შემოსავალს გაუჩენს. დარჩიძეები ერთადერთი არ იქნება. წინა თაობებს კარგად ახსოვს სოფლების ტალახიანი გზები, სასმელ და სარწყავ წყალს დანატრებული მოსახლეობა გვალვიანი მიწები. ცენტრალური და რეგიონული ბიუჯეტებიდან მობილიზებული თანხებით, დონორი ორგანიზაციების წილობრივი დაფინანსებით თითქმის გადაწყვეტილია სოფლებში მოსასვლელ გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გზებზე საყრდენი კედლების ამოყვანა, ხიდების მშენებლობა და რემონტი. უკვე მცირეა იმ სოფლების, თუნდაც ცალკეული უბნების ჩამონათვალი, სადაც სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტია.
– აჭარის მთიანეთში, იგივე შუახევშიც, იშვიათობა არაა დაცარიელებული უბნები, მიტოვებული სახლები. თქვენი აზრით, ამ ვითარების გამოსწორება როგორაა შესაძლებელი?
– სამწუხაროდ, მოსახლეობის კლების ტენდენცია მთიან აჭარაში და მათ შორის, შუახევშიც, ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა. სიდუხჭირე, კარჩაკეტილობა, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საშუალებებზე მიუწვდომლობა ჩვენი სოფლის მოსახლეობის ხვედრი იყო. საბავშვო ბაღი, მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება, ადგილობრივი კვალიფიციური კადრები სანუკვარ ოცნებად იყო მიჩნეული. დღეს ჩვენი სოფლის მოსახლეობას, მათ შვილებს ეს პრობლემები აღარ აწუხებთ. როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას, ადგილზე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას მივიჩნევ საჭიროდ. თვალი შევავლოთ ჩვენს ისტორიულ, კულტურულ და საკულტო ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას, უკეთ შევისწავლოთ მინერალური და სამკურნალო წყლების დანიშნულება. უკვე გვყავს წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ. მინერალური და სამკურნალო წყლების წარმოება და ჩვენი მოსახლეობის დასაქმება ერთგვარი პირობა იქნება ამჟამად არსებული მოსახლეობის ადგილზე დასამაგრებლად. ამასთანავე, შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობა და გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს საფუძველს, უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მთიანი აჭარის მომავალსაც. უკვე შეიმჩნევა პოზიტიური ძვრები – იზრდება მცირე ბიზნესის ინიციატივები, ტურისტული პოტენციალის ათვისება აქტიურდება, ინფრასტრუქტურული პროექტები კი რეალურ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე. ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ რეგიონში მოსახლეობის დარჩენას აქვს პერსპექტივა.
თუ ეს დინამიკა გაგრძელდა და ადგილობრივ რესურსებს სწორად გამოვიყენებთ, დარწმუნებული ვარ, შუახევს და მთიან აჭარას აქვს როგორც ეკონომიკურად, ისე დემოგრაფიულადაც წინსვლის შესაძლებლობა. ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, ახლა საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა.
– რომელ საქმეს მიიჩნევთ უპირატესად და მომავალში რა მიზნებს ისახავთ?
– მივესალმები ქვეყნის, მმართველი პარტიის კურსს მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც გვაძლევს უფრო მეტი განვითარების საშუალებას. დეკემბერი განსაკუთრებული დროა – არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავიხსენოთ, რა გავაკეთეთ, არამედ იმისთვისაც, რომ უკეთ დავგეგმოთ მომავალი. ბოლო თვეებში, პირველ რიგში, ყურადღება გავამახვილეთ მიმდინარე პროექტების ხარისხიან შესრულებაზე, სამსახურის ეფექტიანობაზე, მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციასა და იმ საკითხებზე, რომლებიც ადამიანებისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს სამუშაოები არის საფუძველი იმისა, რომ ახალი წელი უფრო გამართული სტარტით დავიწყოთ. მომავლისთვის პრიორიტეტად რჩება სამი მთავარი მიმართულება: სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და გამჭვირვალობა იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტურ საჯარო მომსახურებაზე; ადგილობრივი რესურსების განვითარება ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პროექტების მიმართულებით, სადაც თითოეული ნაბიჯი მიზნად ისახავს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას; ახალი იდეების მხარდაჭერა და ინოვაციები, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რათა მათ საკუთარი მომავალი რეგიონში დაინახონ. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ჩვენი მუშაობა იქნება უფრო მიზანმიმართული და მეტად ორიენტირებული იმ შედეგებზე, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოუტანს რეალურ სარგებელს. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, სტაბილური, პროგრესული და მომავლისკენ მიმართული საქმიანობა.
ოთარ ცინარიძე