19 C ბათუმი
Wednesday 9th July 2025
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
By

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ მედიას დაუდასტურა და აღნიშნა, რომ გადაყვანა რიჟვაძის ოჯახის მოთხოვნით განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, გადაყვანა საჰაერო გზით – ღამის 02:00 საათზე მოხდა.

„თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა იძლეოდა გადაყვანის საშუალებას, სტაბილური იყო. მისი თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო. ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები, შემდეგ ჩამოყალიბდნენ და ღამე 02:00 საათზე გადაიყვანეს“,- განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ 7 ივლისს, გამთენიისას, საგარეჯოში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. ინციდენტის დროს ის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეორე დღეს, 30 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია ალექსი ახვლედიანის მიმართ და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და გირაოს დაკისრების შემდეგ, ის სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად, 8 ივლისს, საღამოს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა.

„თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, რომ დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო მყისიერად და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის.

მე ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. თქვენ იცით, კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და, ზოგადად, ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. თავისი შინაარსით, ეს არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა.

„უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, „ტვ პირველი“, „ფორმულა“. ზოგადად, გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული, სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, მას აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, რომ დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია და ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. სიძულვილის მუდმივი დათესვა ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის არ უნდა უკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება [რიჟვაძის წერილში], მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ მინისტრთან ერთად, თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილიც, რომელმაც წინამორბედს გამოჯანმრთელება უსურვა და დასძინა, რომ სხვა დანარჩენ საკითხზე, რა კითხვებიც აქვს მედიას, ვერ უპასუხებს, რადგან იცის მხოლოდ ის, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *