ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ა(ა)იპ აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით, ზურაბ გორგილაძისა (პოეზია) და ფრიდონ ხალვაშის (პროზა, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა) სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად, ახალგაზრდა შემოქმედთა ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს. ამასთან, კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონკურსის გამოცხადებამდე.
საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით. განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ა(ა)იპ აჭარის მწერალთა სახლში მატერიალურად ან/და ელექტრონულად შემდეგ ელ. მისამართზე: Mtseraltasakhli@mca.gov.ge. კონკურსის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ აჭარის მწერალთა სახლი.
აღნიშნული კონკურსების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები 2026 წლის ივნისიდან 2027 წლის მაისის ჩათვლით, 12 თვის განმავლობაში, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 375 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), კონკურსის ბიუჯეტი 18 000 ლარს შეადგენს.