„ზამთარი“ – მუზეუმში
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში თემატური გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე ბათუმელი მხატვრების ბოლო პერიოდში შესრულებული, ასევე, მუზეუმის ფონდში დაცული ფერწერული ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლის ნახვა დამთვალიერებელს 16 იანვრის ჩათვლით შეეძლება.
საგამოფენო სივრცეში მოსული ბათუმელები სუსხიანი ზამთრის ულამაზესმა ფერებმა „გაათბო“. ექსპოზიციაზე ნახავთ ზურა კოჩალიძის, არჩილ მალაყმაძის, ირინა ტორონჯაძის, ლადო შარაშიძის, სერგო გოგოლაძის, გელა მესხის, მაია ჭყონიას, მერაბ კვაჭაძის, ნინო გოგოლიშვილის, ნათია გრიგოლიას, ბადრი ართმელაძის, ნათია ხუციშვილის, ქეთევან ბოლქვაძის, ენძელა ბოლქვაძის, გურამ ფუტკარაძის, გიორგი მექვაბიშვილის, ეკა ცინცაძის, გურამ გუჯაბიძის, მაია გერსამიას, ანზორ ჩაგელიშვილის, მამია ავალიანის ნამუშევრებს.

– ზამთრის პეიზაჟის თემა ქართულ ხელოვნებაში ელენე ახვლედიანმა შემოიტანა. მან პირველად, გასული საუკუნის 20-იან წლებში, პარიზში საკუთარი ნამუშევარი „ზამთარი კახეთში“ გამოფინა, რომელიც პიკასოს ძალიან მოსწონებია. ეს ცნობილი ფაქტია. ზოგადად, ელენე ახვლედიანი ქართულ მხატვრობაში განწყობის პეიზაჟის ფუძემდებლად ითვლება, მაგრამ განსაკუთრებული პოეტურობით მისი ზამთრის პეიზაჟები გამოირჩევა. რაც შეეხება ჩვენს გამოფენას, ყველა მონაწილე მხატვარს საუკეთესო ნამუშევრების წარმოდგენისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, – აღნიშნა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ.
– ჩვენი ქალაქი ზამთარ-ზაფხულ თითქმის მწვანეა, მაგრამ არის გამონაკლისიც. ბათუმს თოვლიც ალამაზებს, რომელიც საბანივით გადაეფარება და ესეც მას უნიკალურს ხდის – მწვანე პალმებზე თეთრი საფარი ძალიან ლამაზია. ეს დიდხანს არ გრძელდება და ვცდილობთ, როგორმე აღვბეჭდოთ ეს სილამაზე. ჩემი ორი ახალი და ერთი ძველი ნამუშევარი გამოვფინე. ერთობლივი გამოფენა ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, – თქვა მხატვარმა ლადო შარაშიძემ.

– 2026 წელი ძალიან საინტერესო გამოფენით დაიწყო – ხარისხობრივადაც და თემატურადაც. აქ ბათუმელი მხატვრების ბოლო წლების, ასევე, ახალი ნახატებია წარმოდგენილი, რამდენიმე ნამუშევარი აჭარის ხელოვნების მუზეუმის ფონდიდანაც. ასეთი გამოფენები ბათუმელ მხატვრებს შემდგომი მუშაობის სტიმულს აძლევს და მათი ნახატების პოპულარიზაციას ემსახურება, – გვითხრა აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძემ.
როგორც ქალბატონმა ინგამ აღნიშნა, ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობა/მხარდაჭერის, ახალი პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფის, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების, თანამედროვე ტენდენციების გაცნობის, კულტურული ცხოვრების გააქტიურების მიზნით ჩატარდა კონკურსი, რომელშიც უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ „არტ კაპიტალის“ გამოფენაში, რომელიც 12-15 თებერვალს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში მოეწყობა. მასში მონაწილეობას მიიღებს კონკურსში გამარჯვებული ხუთი ახალგაზრდა მხატვარი: ნათია ხუციშვილი, ბექა ტაბაღუა, იოსებ ჯორბენაძე, სერგი (ბაჩუკი) სულაბერიძე, რომან ყაჭეიშვილი.

– მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, პარიზში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარვადგინო ქართული, პერსონალური, თანამედროვე ხელოვნება. წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახალგაზრდა ხელოვანებს ასე ფართოდ გვიხსნის გზას დიდ ასპარეზზე გასასვლელად, – გვითხრა იოსებ ჯორბენაძემ.
მანანა ძიძიშვილი