
ზაალ მიქელაძე: ივანიშვილმა, პრაქტიკულად, ქვეყანაც გადაგვირჩინა და მომავალიც
მმართველი პარტია წარმატებებზე საუბრობს და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, ქვეყნის განვითარების თაობაზე ახალი კვლევების შედეგებს და ეკონომიკურ მაჩვენებლებს სთავაზობს საკუთარ ამომრჩეველს, ხოლო 8 ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს პარტია „ხალხის ძალის“ წევრთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზაალ მიქელაძესთან.
– რა კომენტარს გააკეთებთ ელენე ხოშტარიას და სხვა ოპოზიციონერების შიმშილობაზე, რომელიც ძალიან სწრაფად შეწყდა?
– ჩვენ უკვე არაფერი გვიკვირს, ღიმილით ვუყურებთ ყველაფერს, მაგრამ ეს ფაქტი ვეღარ გადავხარშეთ. აბსურდის თეატრია, აბა რა არის, როდესაც საკუთარი გუნდის წევრებს უცხადებ, მანამ არ შევწყვეტ შიმშილობას, სანამ ბოიკოტის რეჟიმში არ ჩადგებითო… უკვე სულ სხვა განზომილებაში გადავდივართ. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, იმასაც ვერ ვხვდები… ერთი რამ არის ცხადი: ისინი „ღირსეულად“ ასრულებენ ევროპელი წინამძღოლების ყველა დავალებას. ხუთკაციან აქციაზე გერმანიის ელჩი რომ მივა და შიმშილობის აქციას მოიწონებს, ეს უკვე წითელი ხაზების გადაკვეთაა. გასაგებია, საიდან მოდის მითითებები.
– როგორ შეაფასებდით პრემიერის ანგარიშს, რომელიც პარლამენტში წარადგინა?
– ძალიან ეფექტური გამოსვლა ჰქონდა პრემიერს, რაც ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი. აქ გამოჩნდა კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელებული დიდი, მძიმე შრომა, რომელსაც წლებია, ეწევა ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. არ მოვერიდები და ვიტყვი – მთელი ამ პროცესის ფუძემდებელია დიდი ქართველი ბიძინა ივანიშვილი. მან თავის დროზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება – საკუთარ თავზე აიღო ყველა დარტყმა და შემოაბრუნა ქვეყანა პროგრესისკენ.
– რომელ შემობრუნებას გულისხმობთ?
– ახლა გამჟღავნდა ბევრი დეტალი წულუკიანის კომისიის ძალისხმევით. თურმე რამდენი რამ არ გვცოდნია და რამხელა ხიფათს გადავრჩით „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლით. ალბათ დღეს რუკაზე აღარ იქნებოდა საქართველო და საძებნელი გაგვიხდებოდა მსოფლიოში გაფანტული ქართველები. ივანიშვილმა, პრაქტიკულად, ქვეყანაც გადაგვირჩინა და მომავალიც, თუმცა, მუდმივ რყევაში ვართ და იმედია, გადავრჩებით.
სხვათა შორის, ირაკლი კობახიძის გამოსვლაში ისიც მომეწონა, რომ ნაკლები აქცენტი გააკეთა რადიკალურ ოპოზიციაზე, მთლიანად გადაერთო ფაქტებსა და რიცხვებზე, კონკრეტულად ჩამოაყალიბა, რაც გავაკეთეთ და რაც – გასაკეთებელია… ვთვლი, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ბევრი წელი წაგვართვეს უაზრო გარჩევებში. გვედავებოდნენ, გვიჩიოდნენ ყველაფერზე, ხელოვნურ ბარიერებს გვიქმნიდნენ და ამის გამო ჩერდებოდა რიგი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. ვგულისხმობ, იგივე შუქ-ჩრდილებში მყოფ არასამთავრობო სექტორს… ეს უკვე ცალკე თემაა, მთავარია, რომ ამ ბარიერს გადავაბიჯეთ, მატარებელმა ჩაიარა, არ არის საჭირო ამაზე ახლა ყურადღების გამახვილება. აბსოლუტურად სწორად აღნიშნა ბატონმა პრემიერმა, რომ ჩვენს ხალხს სხვა უამრავი გამოწვევა აქვს, რომელზეც უნდა გაკეთდეს კონკრეტული აქცენტები.
– რომელ გამოწვევებზეა საჭირო აქცენტირება?
– თუნდაც, სიღარიბის დაძლევა. ეს ადამიანები ჩვენ ირგვლივ სახლობენ და მათი გასაჭირი თავისთავად გვეხება ჩვენც. ეს უნდა გახდეს პრიორიტეტი. ახლახან გახლდით თბილისის მერთან ერთად შეხვედრაზე, სადაც ხაზგასმით აღნიშნა კახი კალაძემ, რომ უნდა დავიდეთ თითოეულ ქუჩამდე, სახლამდე, ოჯახამდე და გავითვალისწინოთ თითოეული მოქალაქის კონკრეტული ინტერესები. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სწორად შევძლოთ სოციალური პოლიტიკის განსაზღვრა.
– არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ რას იტყოდით, რომელიც გულისხმობს საქართველოში არაბული სოფლების გაჩენას და ტოტალურ არაბიზაციას?
– თქვენც კარგად იცით, რომ ეს ბოლო წლებია, გვაძახებენ, როგორ ბედავთ ჩინეთთან ურთიერთობასო… ხან ჩინეთიზაციის საფრთხეზე ყვიროდნენ, ხანაც – პაკისტანიზაციაზე, რუსეთიზაციაზე რომ არაფერი ვთქვათ… არადა, თავადაც დაინახეს, რომ ზესახელმწიფომ, მანამდე ყველაზე დიდ მტრად რომ მიიჩნევდა ჩინეთს, ახლა ყველაზე მსხვილი ხელშეკრულება სწორედ მასთან გააფორმა, მეზობელ კანადასთან კი მენტალური ომი წამოიწყო. მე ახლა საერთაშორისო პოლიტიკაზე კი არ გადავდივარ, უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ტრამპიც მიხვდა, ასეთ ქვეყნებთან ღირს ურთიერთობა, რადგან ძალიან სწრაფად ვითარდებიან თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით… და რატომაც არა. თუ ჩვენ გვერდით იქნება სახელმწიფო, რომელთანაც არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ გაგვაჩნია, რატომ უნდა ვთქვათ უარი?..
რას ვერჩით არაბეთს, მთელი ევროპა იქით გარბის. 45-გრადუსიან სიცხეში ჩემპიონატებს ატარებენ, ეს ხომ ტყუილად არ ხდება? ჩვენთან თუ გამოამჟღავნეს ფინანსური ინტერესები და შემოგვთავაზეს მსხვილი პროექტები, რატომ უნდა ვუთხრათ უარი? ეს ხომ არ ნიშნავს არაბების საქართველოში ჩამოსახლებას. ყველამ ვიცით, რომ იქ ერთ სულ მოსახლეზე 50-100 ათასი დოლარი აქვთ თვეში შემოსავალი და როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას, არაბები მიატოვებენ ყველაფერს და ჩემს სოფელში ჩასახლდებიან?… ამას მოფიქრება ხომ უნდა? რომელიმე აზიურ ან აფრიკულ გაჭირვებულ ქვეყანაზე ხომ არ მიდის საუბარი, ცოტა დააკვირდნენ, რასაც აცხადებენ. იმიტომ აღარ სჯერა ხალხს ოპოზიციის. გარწმუნებთ, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში ტრადიციონალისტები მოვიდნენ და თავისთავად, შეცვალონ ჩვენ მიმართ დამოკიდებულება, მაშინვე მტრად გამოაცხადებენ, ფაშიზმის თემას ამოწევენ. უნგრეთი არ არის ევროპა? რატომღაც არ მოსწონთ უნგრეთთან დადებული არც ერთი ხელშეკრულება. სამწუხაროდ, ყველაფერი გასაგებია, მათ სამშობლო არ გააჩნიათ და მაქსიმალურად იხარჯებიან, რომ საქართველო გაანადგურონ ომში ჩართვით.
– მაინც რითი ახსნით რადიკალური ოპოზიციის ასეთ დამოკიდებულებას?
– ფინანსურად არიან დაინტერესებული. ეს კარგად გამოჩნდა, როგორც კი „გამჭვირვალობის კანონი“ ამოქმედდა და გასაგები გახდა უცხოური თანხები სად, რა მიზნით მიდიოდა. ტრამპმა რომ დაინახა, რისთვის იხარჯებოდა ამერიკელი მოქალაქეების თანხები, მაშინვე გააჩერა რიგი ორგანიზიების პროგრამები. ესეც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით მოხდა? მხარდამჭერებიც აღარ დარჩათ. 29 ივნისისთვის ერთი თვე ემზადებოდნენ და კარგად გამოჩნდა, ვინც მივიდა. როგორც კი შეუმცირდათ შემოსავლები, დაუბლოკეს ფული, მაშინვე „გადააგდეს“ ევროპელი მეგობრები, რომლებიც იმიტომ უხდიდნენ, საჭიროების შემთხევევაში მთავრობის დასამხობად გამოეყვანათ.
მინდა გერმანიის ელჩს მივმართო, დაანებოს ისეთ ადამიანს თავი, რომელსაც არასოდეს ჰქონია სამშობლო. 9 აპრილის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობამ ურთიერთობა გაწყვიტა რუსეთთან, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მართლაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ ქვეყანასთან. ეს იყო შინაგანი პროტესტი… ამის შემდეგ, როდესაც ადამიანი მიდის და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს (MGIMO) ამთავრებს, ხოლო შემდეგ პატრიოტად მოგევლინება, არ უნდა გაგიჩნდეს კითხვის ნიშანი?.. ან 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის ბილეთს რომ აიღებ, ახლა ლექციებს როგორ მიკითხავ თავისუფლებაზე… არ ვასახელებ გვარებს, ყველამ ყველაფერი იცის, ხალხი ბრძენია და ამიტომაც მცირდება ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგები.
– საქართველომ სხვა 6 ქვეყანასთან ერთად, ევროპის საბჭოს ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ხმა არ მისცა, რაზეც ისევ აპელირებს ოპოზიცია…
– აბა გადახედონ უკრაინის ომის დაწყების დღიდან მიღებულ ყველა რეზოლუციას, უკრაინის მხარდამჭერ ყველა აქტზე, ყველა ოქმსა და გადაწყვეტილებაზე ხელს აწერდა საქართველო, სპონსორი ვიყავით ყველა ნაწილში. ახლანდელი ბრალდება თითიდან გამოწოვილია. ისრაელის მაღალჩინოსნებსაც დაუწესეს გასამართლება, მაგრამ რეალურად ხომ არ შეასრულებენ? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება, მაგრამ თავს ვიკავებთ, რათა ზედმეტი მიზეზი არავის მივცეთ. რუსეთს მოშორებული ქვეყნები თავს არ იწუხებენ ზედმეტი ფიქრით, ნებისმიერ რეზოლუციას იღებენ, რადგან არ ეშინიათ კრემლის. ნახეთ ტრიბუნალის შექმნის რეზოლუციას ხელი ვინ არ მოაწერა: სომხეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა… ანუ ყველამ, ვისაც უშუალო საფრთხე ემუქრება. ვის უნდა ზედმეტი შეიარაღებული კონფლიქტი…
– ამის გამო ოპოზიცია ლაჩრებს უწოდებს მმართველი გუნდის წევრებს…
– გადახედონ ბალტიისპირეთს, როგორ ცდილობენ ჩვენს ომში გახვევას, ხან აზერბაიჯანს და სომხეთსაც გადაწვდებიან. რატომ? იმიტომ რომ ურჩევნიათ, რუსული ვეშაპი სამხრეთისკენ შემოტრიალდეს, მათგან მოშორებით დაიწყოს ცეცხლის ფრქვევა… ეს „დიფ სთეითის“ პოლიტიკაა, პასიური ომის მომხრეები არიან, ანუ ომი უნდათ, მაგრამ შორს, საკუთარ ტერიტორიაზე – არა. ამიტომ კადრულობენ უკადრებელს. ასე საზიზღრად არც ერთი ჩვენი ოპონენტი სახელმწიფო არ იქცევა.
საკუთარი ქვეყანა გვაქვს მისახედი, ამიტომ ნაკლებად უნდა ჩავერთოთ მსგავს ავანტიურებში. დარწმუნებული ვარ, სულ მალე სხვა დოკუმენტს შემოგვიგდებენ, რომ როგორმე „წამოგვიკიდონ“ და აქეთ მოახედონ აგრესორი.
ხშირად ისმის ომში ჩართვის მოწოდება. ის მიკვირს, რატომ არ ითვალისწინებენ, რამდენი მოსახლე დარჩა საქართველოში, მათ შორის, რამდენი – მებრძოლი, თორემ, სამი მილიონიდან, ყველა რომ ვერ აისხამს იარაღს, რად უნდა თქმა. აქედან – ასი ათასამდე პენსიონერია, 500-600 ათასი – ბავშვია, რამდენი დარჩა 18-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, დათვალონ… და ამ არმიით რას მიაღწევ, რომც მოიგო ბრძოლა (აბსურდია, მაგრამ მაინც…), გაანადგურებ ერის გენოფონდს და რეგრესისკენ წავა დემოგრაფია.
ნუ ჰგონია უმეტესობას, რომ მხოლოდ ხმლით და მაუზერებით შევინარჩუნეთ ქართველობა, აქ მთავარი იყო გონიერება. 10 ათასი მებრძოლით ასი ათასს რომ ამარცხებდნენ ჩვენი წინაპრები, უფრო მძიმე ხმალს კი არ იჭერდნენ, უკეთესი სტრატეგია ჰქონდათ… დღევანდელი სტრატეგია გულისხმობს ბაწრის ხიდით სამშვიდობოზე გასვლას. ნებისმიერი რყევა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ამიტომ ცოფდებიან, ვერაფრით შეგვარყიეს, ბევრი ევროპული სახელმწიფო ინატრებს ჩვენნაირ ბრძენ პრემიერს და ისეთ პრეზიდენტს, როგორიც ყაველაშვილია. გამსახურდიას შემდეგ, როგორც იქნა, გვეღირსა ჭკვიანი და უაღრესად პატრიოტი პრეზიდენტი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა პარლამენტის თავმჯდომარე. იმედი მაქვს, არავის ეწყინება – ბატონი შალვა მართლაც გამოირჩევა კრიზისული სიტუაციების სწორად მართვით, უაღრესად ადეკვატური ქცევებით ნებისმიერ პროვოკაციაზე და მართებული, ლოგიკური პასუხებით ოპოზიციის ქაოსურ, აბსურდულ კითხვებზე.
– როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას არჩევნებში?
– იცით რა, ჩვენს გუნდში აბსოლუტურად არავინ წუხს ამის გამო. კიდევ უკეთესი იქნება, თუკი არ მიიღებენ მონაწილეობას, გამოჩნდება სხვა ძალები, რომლებიც სწორად, ადეკვატურად ჩაერთვებიან ოპოზიციურ საქმიანობაში და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევენ მთავრობას…
ჩვენ, „ხალხის ძალა“, ყოველთვის ჯანსაღ ოპონირებას ვეწევით, ბევრ საკითხში ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“, თუმცა არის თემები, სადაც ჩვენს ხედვას, წინადადებებს ვაფიქსირებთ. კერძოდ, სოციალურ საკითხებში, ჯანმრთელობის დაცვაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ინფასრუქტურულ ნაწილში და სხვ. არასოდეს გვქონია შეხლა-შემოხლა, რადგან წყნარ, საქმიან ოპონირებას ვეწევით. იმიტომაც მისცა ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა „ოცნებას“ ხმა, რომ მის სტრატეგიას ეთანხმება, ამიტომაც ეძლევა წამყვანი პოზიციები. არ მახსოვს შემთხვევა, თუკი პარლამენტში დასაბუთებულად შეგვაქვს რომელიმე კანონპროექტი, წინადადება, იდეა, მმართველი პარტია ყოველთვის ითვალისწინებს და უჭერს მას მხარს.
ირმა ცეცხლაძე