ეუთოს წევრი ქვეყნები საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ – შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმს“ ოპოზიციის „მაშველ რგოლად“ აფასებს
ეუთოს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივი განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის რეკომენდაციები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების შეფასების საფუძველზე საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებზე ეფექტური გამოძიება, ასევე, იმ კანონმდებლობის გაუქმება ან ფუნდამენტური გადახედვა, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოში ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერასა და მათ გააქტიურებას ემსახურება. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთან კომუნიკაციისას მხოლოდ მბრძანებლური ტონით საუბრობს და ხელისუფლების პოზიციებს არ ითვალისწინებს.
„საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი როცა იყო ჩამოსული, მასთან საუბარი შეიძლებოდა. რატომ, იცით? მისი ნაბიჯები რეალობიდან გამომდინარეობდა. მან ჩვენი მხარის მიმართ თქვა, რომ სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, ხოლო ოპოზიციას უთხრა, რომ ძალადობა მიუღებელია და ბოიკოტი საუკეთესო გზა არ არის შიდა სტაბილიზაციისთვის. რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ჰქონდა, ანუ დიალოგში შემოვიდა და მტკიცებულებები გაცვალა. ეს ქვეყნები საერთოდ არ გელაპარაკებიან, ჩვენს მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ და კანონმდებლობას ვინც არღვევდა, ძალადობდა, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდა, მათკენ ხელს არ იშვერენ. ეს ქვეყნები მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, თან – მბრძანებლური ტონით. კიდევ თუ ვერ მიხვდნენ, რომ ასეთ საუბარს არ დავექვემდებარებით, ასე გააგრძელონ. „მოსკოვის მექანიზმი“ მაშველი რგოლია რადიკალური ოპოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, არავითარ სასამართლოში არ წავლენ, მაგრამ ეს ყველაფერი იცით, რისთვის სჭირდებათ? ხანგრძლივად უნდათ, რომ თავის მართლების რეჟიმში ჩაგვაყენონ, „ბი-ბი-სისა“ და „კამიტის“ არ იყოს, რომ ჩვენ ეს ნივთიერება არ გვქონია. იტყვიან, გქონიათო და შემდეგ ასეთი სახის რეზოლუციებში ასახავენ. ეს ყველაფერი სჭირდებათ, რომ ეს გარდაცვლილი ოპოზიცია რეანიმაციის კაბინეტში დააწვინონ და აღადგინონ. ეს არ გამოვა, რადგან მკვდრის აღდგენა რეანიმაციული საშუალებებით არ და ვერ ხდება. ამ ანგარიშით ცოტა ხანი იხმაურებენ, მაგრამ არაფერში დაეხმარებათ, რადგან არ შეიძლება, ტყუილი ვინმეს ხანგრძლივად ეხმარებოდეს. ნებისმიერ დონეზე, სასამართლო იქნება თუ დისკუსიები, ყველგან ჩვენი არგუმენტი გვექნება, რომელიც სიმართლეზეა დაფუძნებული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში უკვე გამოაქვეყნა, სადაც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.