„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025“-ის გამარჯვებული ფერმერი
შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეების მკვიდრმა შოთა ფუტკარაძემ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და პროვიზორის სპეციალობით, მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. სპეციალობის გარდა, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იმუშავა, შემდეგ სოფლის სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და მალე სერტიფიკატიც მოიპოვა.
მომავალი თაობის აღზრდასთან ერთად, შოთა სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღდგენა – განვითარებეზაც ზრუნავს. მას სელექციონერად იცნობენ. მან ფერმერის სტატუსი მოირგო და „ჩანდლერის“ ჯიშის კაკლის გაშენებას მიჰყო ხელი. შოთას მსგავსად, აჭარის მთიანეთში რამდენიმე ფერმერმა სცადა ამ ჯიშის კაკლის გაშენება, მაგრამ მის მსგავს შედეგს ვერ მიაღწია.
მისი გარჯა, დარგის განვითარებაზე ზრუნვა, ყურადღებისა და შეფასების გარეშე არ რჩება. 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ეროვნული აგრარული ოლიმპიადა იმართება, რომლის მიზანია აგრარული განათლების სექტორის პოპულარიზაცია-გაძლიერება და პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნა საქართველოში.
ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორები არიან ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. ასეთი პრესტიჟული და ობიექტური ორგანიზაციები მეხუთე წელია ოლიმპიადის გამარჯვებულ ფერმერებს ავლენენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ფერმერებს მორალურად ახალისებენ და მატერიალურ ჯილდოს გადასცემენ. წლევანდელი შედეგებით, პირველი ადგილი შოთა ფუტკარაძეს ერგო, მეორე და მესამე ადგილები – ნინო კაციაშვილსა და რუსუდან ცქიფურიშვილს.
– ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსწავლეებიც დავაინტერესო სოფლის მეურნეობით, წელს მახალაკიძეების საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები თამარ მიქელაძე და მალვინა ბერიძე აღნიშნულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ და მოსწავლეებს შორის, პირველ ტურში საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. დასანანია, რომ 1-2 ქულით ჩამორჩნენ მეორე ტურში საპრიზო-მე 3 ადგილზე გასულ მოსწავლეს. დარწმუნებული ვარ, რომ გაისად აღნიშნულ ოლიმპიადაში ჩვენი სკოლიდან უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას და ეს მარათონი შუახევის რაიონის სხვა სკოლების მოსწავლეებშიც გაგრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი, როგორც სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლის მიზანი მიღწეულია, რადგან, პირველ რიგში, აგრომეწარმეობით ვინ უნდა დაინტერესდეს თუ არა სოფლის მუნიციპალიტეტების მოსწავლეები,- გვითხრა ოლიმპიადის გამარჯვებულმა ფერმერმა შოთა ფუტკარაძემ.
ოთარ ცინარიძე