ერეკლე საღლიანი – „მომავლის სოფელში“
სვანეთის მთების შვილია ცნობილი პოეტი ერეკლე საღლიანი. აჭარასა და აქაურებზე შეყვარებული კაცი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ მონაწილე რომ იყო, საფუძვლიანად გაეცნო აჭარის მთიანეთის ღირსშესანიშნაობებს და ლექსიც მიუძღვნა. ბიზნესმენმა და მეცენატმა გოჩა ირემაძემ ირანელი ბიზნესმენისგან პოეტ ზურაბ გორგილაძის სახლი და მამული რომ გამოიხსნა, აჭარა და აჭარლები არც მაშინ დატოვა უყურადღებოდ და საქმეში ლომის წილი შეიტანა.
ლექსს შეჭიდებული ადამიანები მატერიალურ თანადგომას ყველა დროსა და ეპოქაში საჭიროებენ. ბატონ ერეკლესაც ლექსების ახალი კრებულის გამოსაცემად დახმარება რომ დასჭირდა, ცნობილმა ბიზნესმენმა, ქველმოქმედმა, მშობლიური შუახევის რაიონში „მომავლის სოფლის“ მშენებელმა ლევან (ასლან) მჟავანაძემ გაუმართა ხელი. ამ თანადგომის პასუხად ერეკლე საღლიანი შუახევში ჩამოვიდა, „მომავლის სოფელი“ საგულდაგულოდ შემოიარა და ნანახი და განცდილი ლექსში აღწერა. კომენტარი არც ჩვენი გაზეთისთვის დაიზარა: „რამდენიმე წლის წინ გავეცანი ჟურნალისტ ოთარ ცინარიძის ნარკვევს „კაცის მარჯვენს შეუძლია არგინეთი დააპირქვავოს“. ზუსტად, მარჯვენის მადლი და ნაყოფი ვიხილე ზვარეში, სადაც ბატონი ლევანი „მომავლის სოფელს“ აშენებს. სვანეთის მკვიდრს, მთა და მთიელი კაცის საქმე არ უნდა მაკვირვებდეს, მაგრამ ამ ლამაზ მთებში მარჯვენაკურთხეულ ადამიანს კარგი საქმე წამოუწყია – 1000 ძირზე მეტი მსხმოიარებაში შესული „ჩხავერი“, ჯარის სკები და მოზუზუნე ფუტკარი, კლდეში გამოკვეთილი კვების ობიექტი, სასტუმრო, არტახებში მოქცეული სამკურნალო აბანო… მაგრამ საოცრებაა მართლმადიდებლური სამლოცველო, რომლის ანალოგი არსად მინახავს. ბატონი ლევანი ჭეშმარიტი მართლმადიდებელია და მის კუთხეში ცეცხლითა და მახვილით წართმეული მრწამსის პატივისცემა ასე გამოხატა. ბარაქა მის მარჯვენას, მწვანე შუქი მის საქმეებს“.
გთავაზობთ ერეკლე საღლიანის ლექსს – „შენს მარანში“
შენს მარანში შევსვით გუშინ
ქრისტეს სისხლით სავსე სურა,
ყოველ მტევნის კუმპლის გულში
მზე მცხუნვარე სხივებს წურავს.
განაგებდე საქმეს, ლევან,
ვით განაგო ჯვარის მამამ.
მოგაშუქა მადლი მზემან,
მოგაშუქა მადლი ცამან.
ზღვაა უხვი, მოციმციმე,
სხივები თუ მასში გატყდა,
კლდეში გაჭრი კაცი მღვიმეს
და მის თავზე დადგამ საყდარს.
ჰგავხარ ავის, ბნელის მძლევარს
თვისტომთაგან შენ ხარ ქებულ,
მთვარე მოჰგავს ყურძნის მტევანს
დასაწურად გამზადებულს.
დრო აჩქარდა, ჩვენგან მირბის,
ცა ხდის მიწას მსუყე ნაღებს,
სევდის ბაღში ატმის კვირტი
ბარტყის მსგავსად პირს ვით აღებს.
ციხე გიდგას შეუვალი,
ისიც შენით არის მხნედა,
შენს სიკეთეს ჯერ უფალი,
შემდეგ კაციც კარგად ხედავს.
ამ სოფელთან ბრძოლით დაღლილს,
ბალახების გესმის ენა,
დე, აკურთხოს შენი სახლი,
დე, აკურთხოს თავად ზენამ.
შენს მარანში შევსვით გუშინ
ქრისტეს სისხლით სავსე სურა,
ყოველ მტევნის კუმპლის გულში
მზე მცხუნვარე სხივებს წურავს.
ოთარ ცინარიძე