ევროპელი ლიდერების შეფასებები საქართველოს საკითხზე და შალვა პაპუაშვილის პასუხი
By

ევროპელი ლიდერების შეფასებები საქართველოს საკითხზე და შალვა პაპუაშვილის პასუხი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, საქართველოს საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად დასახელდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ვითარება ქვეყანაში სულ უფრო სერიოზულდება და პარტნიორები დამატებით ნაბიჯებს განიხილავენ.
„განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან ხორციელდება სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის“, – აღნიშნა კალასმა.
საქართველოსთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე ისაუბრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმაც. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, კითხვებს აჩენს.
„ის, რომ საქართველოში სიტუაცია უარესდება, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ამ საკითხს დღეს განვიხილავთ. ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ნამდვილად ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი, განვიხილო ჩემს კოლეგებთან ერთად ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.
საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ. მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ელიან, რომ საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მეზობლები ვართ და ამ მხრივ, ასევე, ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია  არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის და იმის თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეგვიძლია შავი ზღვის როლის შესრულება სხვა კონტინენტებთან დაკავშირების პროცესში“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ევროპელი ლიდერების შეფასებებს საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მიმდინარე განცხადებები ქვეყნის სუვერენიტეტზე ზეწოლის ნაწილად უნდა შეფასდეს.
„გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც სურს. ამ დღეებში რასაც ვუყურებთ, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა. ვნახეთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები თუ შეკრებები.
ბრიუსელი თავისი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში, ვიდრე მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის პირით, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, ხუთი თვე გავიდა და არ გვესმის ერთი სიტყვაც კი, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • მარტი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *