ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე განსხვავებული პოზიციები გაჟღერდა
By

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე განსხვავებული პოზიციები გაჟღერდა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებში პოლიტიკოსებმა განსხვავებული შეფასებები გააკეთეს. ნაწილმა ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა გააკრიტიკა და სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრა, ნაწილმა კი საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი არასაკმარისად რეაგირებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისი თქმით, „სირცხვილია კავშირისთვის, რომ საქართველოს მიმართ სანქციებს მხოლოდ რუსეთის დახმარების გამო განვიხილავთ და არა დემოკრატების დაკავების გამო“. ამორის განცხადებით, ქვეყანაში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იდევნებიან და „ბრიუსელი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა საქმე რუსეთს ეხება“.
ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ასევე მწვავე შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული თავისუფლებები ირღვევა. „ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების გაჩუმებას და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვას“, – თქვა მან და აღნიშნა: „ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ ვიდგეთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა“. ლექსმანი მიიჩნევს, რომ საჭიროა მიზნობრივი სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პროცესებზე.
ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდა. „ის, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ფუნდამენტური უფლებების მძიმე და გაუმართლებელი შეზღუდვა“, – თქვა მან და დასძინა: ჰუკსტრამ აღნიშნა, რომ თუ არსებული კურსი გაგრძელდება, „საქართველოს ევროკავშირში წევრობის სიცოცხლისუნარიანი გზა არ ექნება“. მან ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები.
ევროპარლამენტში გამოითქვა განსხვავებული პოზიციაც. ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, „შეუძლებელია დაარღვიო პოლიტიკური მოძრაობის სანდოობა, რომელსაც არჩევნებში მოსახლეობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერა ჰქონდა“. მარიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვს, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აკლია“ და მსგავსი მიდგომა „სამარცხვინო ნეოკოლონიური მეთოდია“.
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი ასევე ხაზგასმით შეეხო საქართველოს სუვერენიტეტს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ზედმეტად ცდილობს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას. მისი თქმით, „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მათ გაკვეთილები ვასწავლოთ“. ფროლიხის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას „რეჟიმის ცვლილება არ სჭირდება, არამედ – ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა“.
დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესიმ. მან კოლეგებს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ გაწყვიტონ და აღნიშნა: „თუ მთავრობასთან დიალოგს შევწყვეტთ, როგორ ფიქრობთ, შევძლებთ ამ ადამიანების დახმარებას?“. ტერესმა ასევე გაიხსენა 2008 წლის მოვლენები და თქვა: „სად იყავით 2008 წელს, როდესაც საქართველოს თავს დაესხნენ?“
ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენელი რეალურ მიზნებს მალავს და დემოკრატიის თემას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. პაპუაშვილის განცხადებით, „ბრიუსელი მალავს თავის რეალურ მიზნებს – დემოკრატიაზე გველაპარაკებიან, მაგრამ რეალურად ხელისუფლების შეცვლა უნდათ“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვების პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ჩვენი ინტერესი მარტივია – ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, მშვიდობა და სტაბილური განვითარება“.
პირველმა კანონმდებელმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ინტერესების თანხვედრაა. მისი თქმით, „როგორც მეგობრობა არ არის რაოდენობით, ასევე არ არის საერთაშორისო პარტნიორობა რაოდენობით – მთავარი არის ინტერესების თანხვედრა“ და კრიტიკულ მომენტებში ქვეყანა საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს.

  • No Comments
  • მარტი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *